Accessibility links

logo-print

ევგენი მრავინსკი


გაიჟღერა ნაწყვეტმა ჩაიკოვსკის მე-5 სიმფონიის

პირველი ნაწილიდან, რომელსაც ასრულებდა ლენინგრადის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრი ევგენი მრავინსკის დირიჟორობით. ჩაიკოვსკის და შოსტაკოვიჩის სიმფონიების ინტერპრეტაციები სახელგანთქმული ხელოვანის საუკეთესო ნამუშევრებს მიეკუთვნება. მე-20 საუკუნის გამოჩენილი დირიჟორების სიაში, იტალიელი არტურო ტოსკანინის, გერმანელების, ჰერბერტ ფონ კარაიანისა და ვილჰელმ ფურტვენგლერის, ფრანგი შარლ მიუნშის, რუმინელი სერჯიუ ჩელიბიდაკეს გვერდით, რუს მრავინსკის ღირსეული ადგილი უკავია. უნდა ითქვას, რომ მრავინსკი ავტორიტარული და, გარკვეულწილად, აკადემიური ტიპის დირიჟორი იყო. ნაწარმოების ინტერპრეტაციას, როგორც წესი, ის მაქსიმალურად ამუშავებდა და ამ პროცესში წვრილმან დეტალებსაც კი დიდ ყურადღებას აქცევდა. მისი დირიჟორობის მანერა ძუნწი ჟესტით, ხისტი ნებით, გარეგნული ემოციების სიმცირით, ფორმის სიზუსტით ხასიათდებოდა. კონცერტის დროს მაესტროს სულიერ განწყობას სწორედ ეს თვისებები გამოხატავდა. სტილისტიკის მხრივ, მრავინსკის რეპერტუარში გარკვეული უპირატესობა რუსულ მუსიკას ენიჭებოდა, თუმცა ის დიდი წარმატებით დირიჟორობდა აგრეთვე მოცარტის, ბეთჰოვენის, ბრამსის, ვაგნერის, რიხარდ შტრაუსის, ბრუკნერის შედევრებს.

მუსიკალური ჩანართი (ჟღერს მოცარტის 39–ე სიმფონიის ფინალის ნაწყვეტი)

ლენინგრადის კულტურულ ცხოვრებაში მრავინსკის დიდებული ფიგურა მისი სიცოცხლის ბოლომდე (დირიჟორი 1988 წელს გარდაიცვალა) უზარმაზარ, თითქმის საკულტო როლს თამაშობდა და ტრადიციების მემკვიდრეობის სიმბოლოდ ითვლებოდა. ფორმალური რეგალიების თვალსაზრისით, მას საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ აკლდა: დირიჟორმა კარიერა მარიას თეატრის სტატისტობით დაიწყო, ხოლო ლენინგრადის ფილარმონიის ორკესტრის ხელმძღვანელის პოსტზე სახალხო არტისტის წოდება, სახელმწიფო და ლენინური პრემიის ლაურეატობა და სხვა ჯილდოები დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, ხელოვანის შემოქმედებითი გზა ვარდებით მოფენილი არ ყოფილა. 1948 წელს, როცა ჟდანოვმა შოსტაკოვიჩის მუსიკა “ანტიხალხურად” გამოაცხადა და გენიალური კომპოზიტორის ქმნილებების შესრულება ოფიციალურად აიკრძალა, დირიჟორმა ლენინგრადის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად შერისხული ავტორის მე-5 სიმფონია ბრწყინვალედ დაუკრა და მსმენელის ოვაცია დაიმსახურა. ჩემს ფონოტეკაში ამ კონცერტის რეპეტიციის უნიკალური ჩანაწერი ინახება. მრავინსკისთვის რეპეტიცია შემოქმედებითი ძიების პროცესს წარმოადგენდა და მას სადირიჟორო ჯოხის გარეშე უძღვებოდა. აი, რეპეტიციის მცირე ფრაგმენტი:

[ევგენი მრავინსკის ხმა] “არ არის ზუსტი, მეგობრებო, არ არის ზუსტი! კიდევ ერთხელ გავიმეოროთ! უნდა მოვძებნოთ შინაარსობრივი მახვილები. ნუთუ არ შეიძლება ჯიბის ფარანივით მცირე ხნით დავიმუხტოთ? ჯერჯერობით არაფერი გამოგვდის. კონცერტზე ჩვენ, როგორც წესი, შთაგონების გარეშე არ ვუკრავთ – ის სულ სხვაა, აქ კი, უბრალოდ, სწორი შესრულებაა საჭირო. მიაქციეთ ყურადღება, საწყისები არ უნდა შეერწყას ერთმანეთს /მღერის/. გთხოვთ, უფრო ენერგიულად!”

მუსიკალური ჩანართი (ჟღერს შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიის ნაწყვეტი)

თუ შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიის შემთხვევაში მრავინსკიმ ხელისუფლების პოზიციის მიმართ სულიერი სიმტკიცე გამოამჟღავნა, უკვე 1961 წელს, როდესაც დიდმა კომპოზიტორმა ევგენი ევტუშენკოს პოემის ტექსტზე მეცამეტე სიმფონია დაწერა, სამწუხაროდ, დირიჟორმა თავისი პრინციპული პოზიცია დათმო. საერთოდ, ხელოვანის და ხელისუფლების ურთიერთობა – ეს ცალკე თემაა და ჩვენი გადაცემის ფარგლებს სცილდება. ისე კი, თავის დროზე სწორედ მრავინსკიმ უდირიჟორა შოსტაკოვიჩის მე-5, მე-6, მე-8, მე-9, მე-10 სიმფონიების პრემიერებს. უფრო მეტიც, მე-8 სიმფონია ავტორმა სწორედ მრავინსკის მიუძღვნა. ამ სიმფონიის ნაწყვეტით დავამთავროთ გადაცემა.

მუსიკალური ჩანართი (ჟღერს შოსტაკოვიჩის მე-8 სიმფონიის ნაწყვეტი).

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG