Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური უწყება ჩრდილოეთ კორეასთან დაახლოებას ცდილობს


ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქს ეწვია გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს მეთაური, მოჰამედ ელ ბარადეი,

რომელიც იმედოვნებს, რომ აღადგენს თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასა და ბირთვული ობიექტების შემმოწმებელ უცხოელ ექსპერტებს შორის - 4 წელიწადში მას შემდეგ, რაც ექსპერტები ფხენიანმა გააძევა.

ელ ბარადეიმ ჯერ კიდევ ვიზიტის დაწყებამდე გააკეთა ოპტიმისტური განცხადება: [ელ ბარადეის ხმა] “უნდა შევძლოთ გარკვეული პროგრესის მიღწევა იმის თაობაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩრდილოეთ კორეასთან ისევ მჭიდროდ თანამშრომლობა მრავალწლიანი გაუცხოების შემდეგ. და ასევე განვიხილოთ გზები და ზომები ექვსმხრივი შეთანხმების განსახორციელებლად”.

ექვსმხრივი შეთანხმება, რომელიც ელ ბარადეიმ ახსენა ფხენიანში ჩინეთიდან გამგზავრებამდე გაკეთებულ განცხადებაში, გასულ თვეში, 13 თებერვალს გაფორმდა: მოლაპარაკებაზე ჩინეთის, იაპონიის, რუსეთის, აშშ-სა და ორივე კორეის მონაწილეობით, ფხენიანი დაიყოლიეს მისი ერთადერთი ბირთვული რეაქტორის დახურვაზე 60 დღეში - მისთვის დახმარების მიწოდების სანაცვლოდ.

ელ ბარადეის ამჟამინდელი ვიზიტი კი მიჩნეულია მცდელობად, დააახლოოს ჩრდილოეთ კორეა გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოსთან. გაეროს ამ სააგენტოს ექსპერტები 2002 წელს გააძევა ფხენიანმა მას შემდეგ, რაც ის ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაადანაშაულეს ურანის გამდიდრების საიდუმლო პროგრამაზე მუშაობაში.

გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი ფხენიანში დღეს დაწყებულ ვიზიტს მიიჩნევს მნიშვნელოვან ეტაპად ახალი შეთანხმების განხორციელების საქმეში.

ამასთან, გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელი გაუმართლებლად მიიჩნევს ჩრდილოეთ კორეის სწრაფი განიარაღების იმედს, რადგან ნდობის აღდგენაზე მუშაობა, მისი შეფასებით, ეტაპობრივი პროცესი იქნება.

ოთხშაბათს ელ-ბარადეი ისე პეკინში ბრუნდება, მომავალ კვირაში კი, ორშაბათს, პეკინშივე განახლდება ექვსმხრივი მოლაპარაკება.

დაბოლოს, ექვმხრივ მოლაპარაკებაზე თებერვალში მიღწეული შეთანხმების ზოგი დეტალი: გაეროს ატომურმა სააგენტომ მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს ჩრდილოეთ კორეის ერთადერთი, იონგბიონის ბირთვული რეაქტორისა და გადამამუშავებელი საწარმოს დახურვას. ამის შემდეგ, ფხენიანი მიიღებს 50 000 ტონა საწვავს, ან მისი შესატყვისი ღირებულების ეკონომიკურ დახმარებას. მოგვიანებით კი, ყველა ატომური ობიექტის დახურვის შემდეგ, დამატებით 950 000 ტონა საწვავს, ან შესატყვისი ღირებულების ეკონომიკურ დახმარებას.
XS
SM
MD
LG