Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


„თავდასხმა და ულტიმატუმი“, გაზეთ “24 საათის” მოწინავე სტატია, 11 მარტს ზემო აფხაზეთში მომხდარი ინციდენტის შეფასებისა და ხეობის დაბომბვაში მონაწილე სუბიექტის დადგენის მცდელობაა.

აი, რა განუცხადა ამასთან დაკავშირებით გაზეთ “24 საათს” რუსმა სამხედრო და პოლიტიკურმა ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერმა: “რუსეთს უკვე ჰყავს ვერტმფრენები, რომლებსაც ღამე საარტილერიო ცეცხლის კორექტირება შეუძლიათ. ეს მი–8 ტიპის ვერტმფრენებია, რომლებსაც რუსეთი ამ ამოცანის შესასრულებლად ჩეჩნეთში იყენებდა.თუ ეს ვერტმფრენები ღამით საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას აკეთებდნენ, როგორც ჩანს, ისინი სწორედ რუსული ვერტმფრენებია, აფხაზებს ასეთი ტექნიკა არ ჰყავთ.“ რუსეთში მოქმედი პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტი სერგეი მარკედონოვი კი აცხადებს, რომ რუსეთს ინციდენტი კოდორის ხეობაში ხელს არ აძლევდა, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუცია აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით პრორუსული ხასიათისაა, ხოლო ახალი რეზოლუციის მიღება 15 აპრილამდე იგეგმება: „ ამ დაბომბვისგან აფხაზური მხარის სარგებელიც გაურკვეველია. ქართველებს კი შეუძლიათ, ეს ინციდენტი გამოიყენონ მორიგ საბაბად იმის განცხადებისთვის, რომ რუსი სამშვიდობოების კოდორში ყოფნა მიუღებელია.“

„დამომბვა რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ“ - გაზეთ “რეზონანსის” ფურცლებზე შეჯერებული პოზიციების თანახმად, დე ფაქტო ხელისუფლება და სამშვიდობო ძალები ხელს თბილისისკენ იშვერენ და ხეობის დაბომბვას ქართული მხარის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებენ, ეს უკანასკნელი კი დარწმუნებულია, რომ ინციდენტი სწორედ რუსულ–აფხაზური გეგმით განხორციელდა.
კვლავ გაზეთ “24 საათს” დავუბრუნდეთ. 10 წელი არასრულწლოვანი პატიმრისათვის – 14 წლის მსჯავრდებულის, გიორგი ზერეკიძის, სისხლის სამართლის გახმაურებული საქმე არა მარტო ადგილობრივი, არამედ ადამიანის უფლებების დამცველი უცხოური ორგანიზაციების ინტერესის საგანიც გახდა. სახელმწიფო ბრალდება გიორგი ზერეკიძისთვის კვლავ ათწლიან პატიმრობას მოითხოვს. განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწოვანის საქმეზე ამჯერად უკვე მეორე ინსტანციის სასამართლო მსჯელობს. პასუხად კითხვაზე, შეამცირებს თუ არა მეორე ინსტანციის სასამართლო ქვედა ინსტანციის მიერ არასრულწლოვანისთვის მისჯილ ათწლიან პატიმრობას, გაზეთ “24 საათის” პუბლიკაციაში გიორგი ზერეკიძის ადვოკატი ამბობს, რომ ზერეკიძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თავიდანვე არასწორი და არაობიექტური კვალიფიკაცია მიეცა. სააპელაციო სასამართლოს სხდომა 19 მარტს გაიმართება. ამასთან დაკავშირებით გაზეთი შენიშნავს, რომ გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ, ზერეკიძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებას სპეციალური განცხადება გამოუგზავნა და არასრუწლოვანი დამნაშავეების მიმართ საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვის ვალდებულება შეახსენა.

„ვის დაკვეთას ასრულებს სოზარ სუბარი“–ინტერვიუს სახალხო დამცველთან გაზეთი „ახალი ვერსია” აქვეყნებს. „ბაჩო ახალაიას, მიშა ქარელის, ზაზა გოროზიას ან ვინმე სხვის წინააღმდეგი არ ვარ. უბრალოდ, ყველა შემთხვევაში კონკრეტული ადამიანის ინტერესებს ვიცავ, ამბობს სახალხო დამცველი, რომელიც ადასტურებს, რომ უმრავლესობის მრიდან მისი მისამართით შენიშვნები ხშირია და საჯაროდ საკმაოდ აგრესიული ტონიც ისმის: „ ომბუდსმენი ყოველთვის ყველასათვის მისაღები ფიგურა ვერ იქნება. გაიხსენეთ, იმავე რელიგიის საკითხებზე საუბარი რომ დავიწყე, ორივე მხარე ჩემ წინააღმდეგ ერთიანი იყო. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, სექსუალურ უმცირესობებზე რომ დავიწყო საუბარი. სახალხო დამცველს კანონი აძლევს უფლებას, დარღვევებზე ისაუბროს, რომელი მხარის ჩადენილიც არ უნდა იყოს.“ შეგახსენებთ, რომ ეს იყო ნაწყვეტი ინტერვიუდან საქართველოს სახალხო დამცველ სოზარ სუბართან, რომელიც დღეს გაზეთ “ახალი ვერსიის” ფურცლებზე გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG