Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ თბილისის იპოდრომის დარჩენილი ნაწილიც გაყიდა


ამ დღეებში ცხარე კამათისა და საპროტესტო აქციების მიზეზადაც კი იქცა თბილისის იპოდრომის ტერიტორიის პრივატიზაციის თემა.

9 მარტს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრებაში შემორჩენილი იპოდრომის მცირე ნაწილი, 1,2 ჰექტარი, კომპანია ”ჟოკეი კლუბს” 10 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდა. ”ჟოკეი კლუბი” 1998 წლიდან ფლობს იპოდრომის დიდ ნაწილს, დაახლოებით 58 ჰექტარს, და, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების აშენებას აპირებს. რა აქვთ ამ განზრახვის საწინააღმდეგო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს?

[ისმის ცხენების ჯირითის ხმა]

ცხენების ჯირითის ხმა და შეჯიბრებაში ფავორიტი მხედრის გამარჯვებით გამოწვეული შეძახილები ახლაც ისმის თბილისის იპოდრომზე. თუმცა ეს ხმებიც მალე შეწყდება და, სავარაუდოდ, 4-5 წლის შემდეგ ლისის ტბის მიდამოებში გადაინაცვლებს. ეს ცვლილება იპოდრომის პრივატიზაციასთანაა დაკავშირებული. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის კახა დამენიას კომენტარი:

[კახა დამენიას ხმა] ”ჩვენ დღეს გავყიდეთ 1.2 ჰექტარი, რის სანაცვლოდაც მივიღეთ იპოდრომის ტერიტორიაზე 20 ჰექტარი თანამედროვედ მოწყობილი პარკი და თბილისის სხვა ტერიტორიაზე თანამედროვედ აღჭურვილი იპოდრომი.”

თბილისის ამჟამინდელი იპოდრომი ვაკისა და საბურთალოს რაიონებს შორის 60 ჰექტარზეა გადაშლილი. ამ რაიონების პრესტიჟულობიდან გამომდინარე, იპოდრომის, როგორც საამშენებლო ტერიტორიის, მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება. იპოდრომის ფუნქციონირების მიმართ ინტერესი კი წლების მანძილზე თანდათანობით გაქრა და ახლა იქ მორბენალ ცხენებზე უფრო ხშირად მორბენალ თბილისელებს შეხვდებით. აი, ერთ-ერთი მათგანის აზრი იპოდრომის მნიშვნელობის შესახებ:

[მოქალაქის ხმა] ”მე, ეს მოხუცებული კაცი, დილით ავდგებოდი, ჩამოვდიოდი, - აგერ ნუცუბიძეზე ვცხოვრობ, - წრეს დავარტყამდი, გავივარჯიშებდი და მივდიოდი სახლში. თბილისის ზღვაზე წავალ მე? მეორეც, ეს გამწვანება ხო აიჩეხება ყველა.”

არც ის მოქალქეები მიესალმებიან იპოდრომის ლისის ტბაზე გადატანის პერსპექტივას, ვისაც ცხენი ჰყავს ან ჯირითი უყვარს.

[მოქალაქის ხმა] ”29 წელია ცხენოსანი ვარ. დღესაც აქტიურად ვარ ჩართული ამ ფერხულში და ჯერ მე აშენებული არაფერი მინახავს და, როდესაც ააშენებენ, მერე დაიწყონ საუბარი გადასვლაზე.”

ამ მოქალაქეების მსგავსად ფიქრობენ ”თანასწორობის” ინსტიტუტშიც, რომლის წევრებმა ჯერ აუქციონის დროს გამოხატეს ხმამაღლა თავიანთი პროტესტი, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტროსთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტეს.

13 მარტს კი რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა იპოდრომის საკითხზე სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და იპოდრომის გაუქმების შეჩერება მოითხოვა:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] ”ჯერ კიდევ არის იმის შანსი, რომ ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყოს სასამართლოში საქმე იპოდრომის დასაბრუნებლად...”

”ჟოკეი კლუბმა” ჯერ კიდევ 1998 წელს იპოდრომის დიდი ნაწილის შეძენისას დადებული ხელშეკრულებით იტვირთა მისი რეაბილიტაცია და პროფილის შენარჩუნება. ”ჟოკეი კლუბის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ლევან კანდელაკი, ირწმუნება, რომ მათ იპოდრომის განაშენიანების სრული უფლება აქვთ:

[ლევან კანდელაკის ხმა] ”ჩვენ საკუთრებაში არ გვაქვს უფლება გავანაშენიანოთ. აბა, ასე იყოს? უკეთესი აშენდება ყველაფერი, სპორტული მოედნები, სკვერები, ბაღები და ყველაფერი. იგივე იპოდრომიც ახალი აშენდება.” (სტილი დაცულია)

ლევან კანდელაკის კომპანია ირწმუნება, რომ ის, რაც დღემდე საბურთალოზე ვერ შეძლო, თბილისის გარეუბანში, ლისის ტბაზე, შეძლებს. და ეს ამჟამინდელი იპოდრომის ტერიტორიაზე საამშენებლო კომპანიების მოზიდვის წყალობით მოხერხდება. ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ იპოდრომზე საცხოვრებელი კორპუსების აშენებით დედაქალაქი სუფთა ჰაერის წყაროს დაკარგავს.

XS
SM
MD
LG