Accessibility links

logo-print

თბილისი კოდორის ხეობის ინციდენტის გამოძიებას ითხოვს


13 მარტს ზემო აფხაზეთში, კოდორის ხეობაში, გამგზავრება შეძლეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა,

რომლებმაც ოთხმხრივ საგამოძიებო ჯგუფთან ერთად უნდა დაადგინონ 11 მარტს ხეობაზე განხორციელებული სამხედრო თავდასხმის დეტალები. მანამდე კი ირკვევა, რომ კოდორის ხეობის დამცველებს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან არ ჰქონიათ ნაბრძანები ცეცხლი გაეხსნათ საფრენი აპარატებისთვის, რის გამოც 11 მარტს კოდორის ხეობა დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გარდა ამისა, დამოუკიდებელი ექსპერტები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოძიებულ იქნეს ბაზალეთის ტბის ახლოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენის ეკიპაჟის დაღუპვის ფაქტი, რამაც ბევრი კითხვა წარმოშვა სამხედრო უწყების ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით.

13 მარტს პარლამენტის თავმდჯომარემ ნინო ბურჯანაძემ, დეპუტატებთან ერთად, წუთიერი პატივი მიაგო 12 მარტს ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ქართული სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების ხსოვნას. ამასობაში, გამოძიება არკვევს, თუ რა გახდა ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი. დამოუკიდებელ ექსპერტებს კი იმის გარკვევაც აინტერესებთ, თუ ვინ მისცა ეკიპაჟს ბრძანება რეისი კოდორის ხეობაში განეხორციელებინა ბაზალეთის გავლით და არა კოპიტნარიდან. არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლების” დირექტორი ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ყოფილიყო დანაშაულებრივი ბრძანება:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] ”აქ საუბარი არ არის, ჩემი აზრით, ტექნიკურ გაუმართაობაზე, იმიტომ რომ პილოტი გამოცდილი იყო - 600-700 საათი ჰქონდა ნაფრენი. და ამ ყველაფერს მივყავართ იქამდე, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს საბრძოლო მზადყოფნა არის ნულის დონეზე. და ამიტომ გამოვიდა ნიკოლეიშვილი და თქვა, [ეკიპაჟს]მეტეოროლოგიური პრობლემები ჰქონდაო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს პრეზიდენტისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების მცდელობაც.”(სტილი დაცულია)

11 მარტის საჰაერო ინციდენტი თავისთავად არის ტესტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე. ექვსმა სამხედრო ვერტმფრენმა, რომელიც 40 წუთის განმავლობაში გულმოდგინედ ბომბავდა კოდორის ხეობას, ისე დატოვა უცხო ტერიტორია, რომ არავის უცდია მათი ჩამოგდება. მაგრამ ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი - კოდორის ხეობის დამცველმა ნახევრად პოლიციურმა და ნახევრად სამხედრო ძალებმა თუ პოლიტიკოსებმა? 13 მარტს ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. მან პლენარულ სხდომაზე სრულიად მოულოდნელად განაცხადა, რომ თურმე ვერტმფრენების მოგერიება არ მომხდარა არა შესაბამისი ტექნიკის, არამედ თბილისის პოლიტიკური ნების უქონლობის გამო:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”იყო საგანგებო ბრძანება გაცემული ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, რომ არავითარ შემთხვევაში, თუ, ბუნებრივია, საფრთხე არ დაემუქრებოდა მოსახლეობას, არ ყოფილიყო გამოყენებული ადეკვატური ძალა, რათა ჩვენ არ მიგვეცა არავისთვის შესაძლებლობა იმისა, რომ პროვოკაციაში ვყოფილიყავით ჩათრეულები.”

თუმცა, ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს არის ბოლო გაფრთხილება და ამიერიდან საქართველო ყველა საშუალებას გამოიყენებს თავისი მოქალაქეების დასაცავად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალებმა კოდორის ხეობაში შემოსული სამხედრო ავიაციის ჩამოგდების ბრძანება ჯერ კიდევ 2002 წლის აგვისტოში მიიღეს. ამ ბრძანების კატალიზატორი გახდა მაშინდელი ოპოზიცია, უფრო ზუსტად, ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძის სამეული, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა პრეზიდენტ შევარდნაძეს ყოყმანისა და უმოქმედობის გამო. 2002 წელს ასეთი ბრძანების მიღება მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე დაადასტურა:

[დავით თევზაძის ხმა] ”კოდორის დაბომბვის შემდეგ მე ვთქვი, რომ საჰაერო ძალებმა მიიღეს განკარგულება, რომ ჩამოაგდონ ის საფრენი საშუალებები, რომლებიც გამოყენებული იქნება საქართველოს ტერიტორიის დაბომბვისთვის.”

თუმცა კოდორის ხეობა ასეთ და ამაზე უფრო დიდ გაუგებრობებსაც ინახავს. მათ შორის არცთუ უკანასკნელ ადგილზე დგას ამ ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელიც 11 მარტის ინციდენტის შემდეგ კვლავ გამოჩნდა ჰორიზონტზე. სააგენტო ”ინტერპრეს-ნიუსისთვის” მიცემულ წერილობით განმარტებაში კვიციანი უარყოფს თავის მონაწილეობას კოდორის ხეობაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში და ყველაფერში ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს სდებს ბრალს.

XS
SM
MD
LG