Accessibility links

რუსეთი არმიის აღორძინებას და სამხედრო დოქტრინის გადასინჯვას იწყებს


რუსეთის სამხედროები კრემლს ამიერიდან

ვეღარ დაადანაშაულებენ, რომ მთავრობა არმიის მიმართ უყურადღებოა. გასულ თვეებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ასევე მისმა პოტენციურმა შემცვლელმა, პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ სერგეი ივანოვმა და უშიშროების საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს რუსეთის არმიის განახლებისა და სამხედრო დოქტრინის გადასინჯვის ახალი გეგმა. ეს პირველი ცდა არ არის, როცა რუსეთის არმიის განახლებას ცდილობენ, მაგრამ ამჯერად ამ მცდელობას თვით პრეზიდენტ პუტინის მხარდაჭერა აქვს და რუსეთის პირველი პირი მას ყურადღებით ადევნებს თვალყურს.

რადიო “თავისუფლების” პოლიტიკური მიმომხილველი, რუსეთის ექსპერტი ვიქტორ იასმანი ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე სერგეი ივანოვის ნაცვლად ანატოლი სერდიუკოვის დასახელება მარტო ამ პირის დაწინაურებად არ უნდა მივიჩნიოთ.

(იასმანის ხმა) “სერდიუკოვის დანიშვნა, ალბათ, უფრო პუტინის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გაფართოებად უნდა გავიგოთ და არა სერდიუკოვის დაწინაურებად. ასეთი ახალბედას დასახელებით, პუტინმა, ფაქტობრივად, გადაიბარა თავდაცვის მინისტრის ზოგიერთი ფუნქცია, რომელიც, სულ მცირე, სტრატეგიულ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შეეხება.”

მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, პუტინმა მსოფლიო მასშტაბით რუსეთის აქტიურობის გაძლიერების საკუთარი ხედვა განმარტა და თქვა, რომ ეს გულისხმობს რუსეთის არმიის მოდერნიზებას, სამხედრო მრეწველობის ცენტრალიზებასა და კრემლის კონტროლისთვის მის დაქვემდებარებას; ასევე, ნატოს გაფართოების საპასუხოდ, ახალი სამხედრო დოქტრინის შემუშავებას.

ამ კონფერენეციამდე რამდენიმე დღით ადრე სერგეი ივანოვმა თავისი, როგორც სამხედრო მინისტრის, ბოლო სიტყვა წარმოთქვა სახელმწიფო დუმაში და იქ წარმოადგინა მომავალი ათი წლისთვის რუსეთის არმიის შეიარაღების განახლების პროგრამა. ივანოვის თქმით, სამხედრო ბიუჯეტი 2007 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც, 2002 წელთან შედარებით, სახსრების გაოთხმაგებას ნიშნავს. თუკი ამას დაუმატებთ 2007 წლის ბიუჯეტში უშიშროებისა და სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის გათვალისწინებულ ფონდებს, რაც საერთო თავდაცვის ხარჯებს წარმოადგენს, სულ ამ ბიუჯეტის მოცულობა 58 მილიარდი იქნება. მართალია, ეს თანხა მცირე ნაწილია ნატოს თუ აშშ-ის სამხედრო ხარჯებისა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რუსეთის საშინაო ბაზარზე იარაღის წარმოება ბევრად იაფი ჯდება. ივანოვისვე თანახმად, 2017 წლისთვის რუსეთი თავდაცვის ხარჯებს 200 მილიარდამდე გაზრდის. პროგრამის მიზანია დასავლეთთან სამხედრო თანასწორობის მიღწევა. სახელმწიფო დუმისთვის გეგმის წარდგენასთან დაკავშირებით, ივანოვი ლაპარაკობდა მოდერნიზებაზე და არა რეფორმირებაზე. მან თქვა, რომ სიტყვა რეფორმის მიმართ ალერგიული რეაქცია აქვს.

დუმაში ივანოვის პრეზენტაციის შემდეგ, პრეზიდენტმა კაბინეტში კადრები გადააადგილა. თავისი ძველი მოკავშირე ივანოვი პრემიერის მოადგილედ დაასახელა. ივანოვი ახლა სამხედრო და სამოქალაქო მრეწველობის ყველაზე მოწინავე და მნიშვნელოვან სფეროებს, ახლად შექმნილ გაერთიანებულ საავიაციო კორპორაციას, ასევე გემთმშენებლობის ჰოლდინგს ჩაუდგება სათავეში. ივანოვის ნაცვლად დანიშნული სერდიუკოვი ადრე ხელმძღვანელობდა საგადასახადო სამსახურს და არც სამხედრო და არც დიპლომატიურ სფეროში გამოცდილება არა აქვს. დასავლელი პარტნიორები განცვიფრებულები არიან, როგორ უნდა მოახერხონ ასეთი წარსულის ადამიანთან სტრატეგიულ საკითხებზე საუბარი.

სამხედრო კავშირების - განსაკუთრებით ნატოს - გაძლიერებამ, ასევე გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლამ და დემოგრაფიულმა ტენდენციებმა რუსეთს სამხედრო დოქტრინის გადახედვა უკარნახა. რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსი, სამხედრო სამეცნიერო აკადემიის თავმჯდომარე მახმუტ გარეევი ფიქრობს, რომ ახალ, შეცვლილ დოქტრინაში დასავლეთის მხრიდან მუქარა ახლიდან შეფასდება და ის დასავლეთის მიმართ უფრო მკაცრი იქნება. გარეევმა, რომელიც ამ დოქტრინის ცვლილებების შემმუშავებელ ჯგუფში ირიცხება, რუსეთის სამხედროთა გაზეთს, “კრასნაია ზვეზდას”, განუცხადა, რომ ახალ დოკუმენტში არ იქნება ლაპარაკი პირობაზე, რომ რუსეთს სურს უფლება ჰქონდეს პირველმა განახორციელოს ბირთვული თავდასხმა, რათა თავიდან აიცილოს ფართო მასშტაბიანი აგრესია. ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ 21-ე საუკუნეში ომები აღარ გაიმართება ჩვეულებრივი იარაღით. გარეევის თქმით, ამიტომაც ცდილობს რუსეთი თავისი მომავალი არმია პარტიზანული ბრძოლისთვის მოამზადოს. ამას გარდა, ახალი დოქტრინა პოლიტიკურად დაუსაბუთებელი იქნებოდა, მასში რუსეთის წინააღმდეგობა რომ ასახულიყო სხვა სამხედრო ბლოკების ზრდის მიმართ. ამის ნაცვლად, რუსი სამხედროები შეიტანენ დებულებას იმის შესახებ, რომ “აშშ-ის მცდელობა, გააძევოს რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრციდან, რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მუქარაა.”

(იასმანის ხმა) “მაგრამ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია შეცვლა ადრე რუსეთის წინაშე მდგარი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გათვალისწინებით შემუშავებული ფორმულირებისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარება შეზღუდულია სახელმწიფოს ეკონომიკური შესაძლებლობებით. ახალ ვერსიაში ჩაწერილი იქნება, რომ რუსეთის ეკონომიკამ უნდა უზრუნველყოს არმიის განვითარება, რადაც უნდა დაუჯდეს.”

გაჩნდა პირველი ეჭვებიც. პუტინის მომხრე პარტია “ერთიან რუსეთთან” დაკავშირებული კვლევითი ცენტრის, “სოციალ- კონსერვატული კლუბის”, დირექტორის მოადგილე ანდრეი ნეშჩადინი ამბობს, რომ არმიის განვითარებისთვის მხოლოდ ნავთობით მიღებული თანხები არ არის საკმარისი. მისი განმარტებით, რუსეთი, მართალია, სხვებთან შედარებით მეტ საწვავს აწარმოებს, მაგრამ დიდია მისი მასშტაბიც. ნორვეგიაში ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ მეტი ნავთობი იწარმოება, ვიდრე რუსეთში. სხვა სიტყვებით, რუსეთი ვერასოდეს მიაღწევს იმგვარ კეთილდღეობას, რომ მხოლოდ პეტრდოლარებით განაახლოს არმია. მაგრამ ნეშჩადინი რუსეთის პოლიტიკოსებს სთავაზობს გზას ამ პრობლემის დასაძლევად. მისი აზრით, მთავრობა ხალხს ამგვარი მსხვერპლის გასაღებად მოამზადებს, თუკი გასწევს პროპაგანდას, რომ რუსეთს ემუქრება დასავლეთი თუ აშშ, ვთქვათ, პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებით.
XS
SM
MD
LG