Accessibility links

logo-print

რატომ მოითხოვს სახალხო დამცველი ”მეწარმეთა კანონის” ზოგი მუხლის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას?


ამ დღეებში საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. სარჩელის მიზეზი ”მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის”

მე-9 მუხლის მე-8 პრიმა მუხლი გახდა, რომელიც, ომბუდსმენის აზრით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს მუხლი კომპანიის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შრომით უფლებებს შეეხება და, მისი ძალით, კომპანიის მმართველებზე ”შრომითი კოდექსი” არ ვრცელდება. ამას სახალხო დამცველის აპარატში დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უფლებების დარღვევად მიიჩნევენ და საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ცდილობენ მათი უფლებების დაცვას.

საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, კომპანიების დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ურთიერთობებზე არ ვრცელდება საქართველოს ”შრომის კოდექსი”, რომელიც დაქირავებულისა და დამქირავებლის უფლებებს იცავს. სახალხო დამცველის აპარატში ფიქრობენ, რომ ”მეწარმეთა შესახებ კანონის” მეცხრე მუხლის მერვე პრიმა პუნქტის გამო დირექტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე არ გავრცელდება ”საჯარო სამსახურის კანონიც”. არადა, სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის ოცდამეათე მუხლი პირდაპირ მოითხოვს, რომ დაქირავებულისა და დამქირავებლის ურთიერთობები კანონით იყოს დაცული.
[სოზარ სუბარის ხმა] ”აღმოჩნდა, რომ უცებ დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები დატოვეს რაღაც მიღმა, რომ არ გავრცელებულიყო ის შრომითი ურთიერთობები, ის დაცვა, რაც ვრცელდება ნებისმიერ დაქირავებულ ადამიანებზე. მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მეორეც - დღეს გვაქვს ჩვენ ისეთი შრომის კოდექსი, როცა ნებისმიერ დრო შეიძლება ისედაც ადამიანის განთავისუფლება თანამდებობიდან და არ არის სწორი, საერთოდ, კანონის მიღმა დატოვო დაქირავებულები.”

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ”მეწარმეთა კანონის” გასაჩივრებული მუხლების შეჩერებაც მოსთხოვა.

თუ სახალხო დამცველი საწარმოს მმართველებზე ”შრომითი კანონების კოდექსის” გავრცელებით მათი უფლებების დაცვას მოითხოვს, საქართველოს პროფკავშირების ლიდერი ირაკლი პეტრიაშვილი თავად ”შრომის კოდექსის” შეცვლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

[ირაკლი პეტრიაშვილის ხმა] ”პროფკავშირების გაერთიანება არ გახლავთ დირექტორთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია. ნამდვილად ვერ ვიქნები მათი ადვოკატი, მაგრამ ზოგადად, ადამიანურად თუ მივუდგებით ამას - დირექტორები არიან დასაქმებულები, ჩვეულებრივი დასაქმებულები. და თუ შრომის კოდექსით არ დარეგულირდა მათთან ურთიერთობა, აბა, რითი უნდა დარეგულირდეს? ყველაფერი გადაგვყავს პირველყოფილ თემურ წყობილებაში? 21-ე საუკუნეში?”

საქართველოს პარლამენტში მზადაა ცვლილებები ”მეწარმეთა კანონში” შესატანად, მაგრამ ისინი კომპანიების დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ურთიერთობის რეგულირებას არ შეეხება. ცვლილებების ავტორია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი. მისი აზრით, ”მეწარმეთა შესახებ კანონში” არაკონსტიტუციური არაფერია.

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ ეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში ნამდვილად ვერ მოვა. დირექტორების მსგავსი დანიშვნის წესი - ანუ როდესაც ისინი არ არიან დამოკიდებული, შრომის შინა განაწესს დაარღვევენ თუ არა იმისათვის, რომ სამსახურიდან გაუშვან - არის ძალიან ბევრ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ სარჩელი აბსოლუტურად უსაფუძვლოა და შესაბამისად, იმის გამო, რომ სარჩელი შევიდა, კანონში ცვლილებები ნამდვილად არ იგეგმება. და არა მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რომ დირექტორების მსგავსი სტატუსის განსაზღვრა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას".

პავლე კუბლაშვილის მიერ აღწერილი კომპანიის მმართველთა შრომითი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ერთ-ერთ მთავარ რეფორმატორულ ნაბიჯადაა მიჩნეული. გასულ წელს, ახალი შრომითი კოდექსის წყალობით, საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნადაც კი დასახელდა.
XS
SM
MD
LG