Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზემო აფხაზეთის დაბომბვა რუსეთის მხრიდან განხორციელდა?


კოდორის ხეობის, ზემო აფხაზეთის, დაბომბვის ფაქტს შეისწავლის ოთხმხრივი კომისია, გაეროს სამხედრო დამკვირვებლების,

რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებისა და საქართველოსა და აფხაზთა მხარის მონაწილეობით. კომისიის დასკვნა ჯერ არ არსებობს. არსებობს წინასწარი ცნობები, რომელთა მიხედვითაც, 11 მარტს ზემო აფხაზეთის დაბომბვა რუსეთის მხრიდან იქ შეფრენილი საბრძოლო ვერტმფრენებიდან განხორციელდა. საქართველოს მხარე იმედოვნებს, რომ ამ ცნობების დადასტურება არ გაჭირდება.

14 მარტს კოდორის ხეობას პრეზიდენტი სტუმრობდა. მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რა ვითარება დახვდა მას ზემო აფხაზეთში და როგორ მიმდინარეობს 11 მარტის ინციდენტის შესწავლა.

დაბომბვამ ზემო აფხაზეთის მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, თუმცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ შემორჩენილ აფხაზეთის ნაწილში ცხოვრება თანდათან ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. დაბომბვის შედეგად დაზიანებულ სკოლაში სწავლის პროცესი განახლდა, იწყება იმ შენობის აღდგენაც, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას ეკუთვნის.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მეთაურს მალხაზ აქიშბაიას 14 მარტს ჩვენ ზემო აფხაზეთში დავუკავშირდით და ვთხოვეთ განემარტა 11 მარტის დაბომბვის შემდეგ რა ვითარებაა იქ და როგორია ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები.

[მალხაზ აქიშბაიას ხმა] ”მეორე დღესვე აღდგა სკოლა და ხეობა დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. ხალხი ითხოვს კომისია იყოს ობიექტური, დეტალურად იქნას შესწავლილი ყველაფერი, რასაც, პრინციპში, აკეთებენ კიდეც და არის სხვა მოთხოვნაც - მაქსიმალური გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული ასეთი დაბომბვები. ” (სტილი დაცულია)

ზემო აფხაზეთის მოსახელობისგან ასეთი მოთხოვნები 14 მარტს პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოისმინა. შემდეგ მან სცადა მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

11 მარტის ინციდენტს, როგორც უკვე ვთქვით, ოთხმხრივი კომისია იძიებს. კომისიის წევრებს ამოღებული აქვთ ნივთმტკიცებულებები. საქართველოს მხარე აცხადებს, რომ არის საკმაო მასალა იმის დასასაბუთებლად, თუ საიდან შემოიჭრნენ კოდორის ხეობაში სამხედრო ვერტმფრენები. წინასწარი მონაცემებით, საქართველო მომხდარში ცალსახად რუსეთს ადანაშაულებს. წინასწარი მონაცემები კი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას განმარტებით, ასეთია:

[ნიკა რურუას ხმა] ” რუსეთის ტერიტორიიდან, ყაბარდოს მხრიდან, შემოფრინდა სამი სამხედრო-შემტევი ტიპის მფრინავი აპარატი. მათ გააკეთეს ერთი წრე ზემო აფხაზეთის სოფლების თავზე, დაბრუნდნენ წრეზე და მეორე შემოფრენისას ჩამოაგდეს 20-მდე უმართავი ტიპის რაკეტა.”

ზემო აფხაზეთში მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 14 მარტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში უცხო ქვეყნების ელჩებს.

საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები მომხდარის პოლიტიკურ შეფასებას აგრძელებენ. ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე ზემო აფხაზეთის დაბომბვას პროვოკაცია უწოდა გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ. ”აშკარაა, რომ გარკვეული ძალები ამგვარი პროვოკაციებით შეეცდებიან რეგიონში ვითარების გამწვავებას, რითაც საფრთხეს შეუქმნიან მყიფე სტაბილურობას და შეაფერხებენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გამოკვეთილ ისეთ დადებით ძვრას, როგორიცაა მხარეთა ჩართვა დიალოგში ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს,” - აღნიშნა მან.

ზემო აფხაზეთის დაბომბვაში რუსეთს ადანაშაულებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოც და აცხადებს, რომ 11 მარტის მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისიის დაუყოვნებლივ შეწყვეტის პოლიტიკურ და ზნეობრივ აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG