Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და რატომ უნდა მოუხადოს ბოდიში აფხაზებს?


აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან 14 წელი გავიდა, მაგრამ, ამდენი დროის გასვლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის მიუხედავად,

დაპირისპირებული მხარეები დღემდე ვერ თანხმდებიან კონფლიქტის მოგვარების ძირითად პრინციპებზე. ვითარებას ისიც ართულებს, რომ, საქართველოს ხელისუფლებისა და სეპარატისტთა ლიდერების მსგავსად, საერთო ენის გამონახვა უჭირთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რიგით ადამიანებს, რომლებიც თავზე დამტყდარი უბედურების მიზეზს, როგორც წესი, მოწინააღმდეგეში ეძებენ.

შექმნილი ჩიხური ვითარების დაძლევისა და ნდობის აღდგენის მიზნით, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრმა“ გადაწყვიტა წამოიწყოს კამპანია, სახელწოდებით „ბოდიში, აფხაზებო!“ ვინ და რატომ უნდა მოიხადოს ბოდიში?

ომი აფხაზეთში თხუთმეტი წლის წინ დაიწყო. მართალია, აქტიური საომარი მოქმედებები ერთ წელიწადში დასრულდა, მაგრამ სროლის ხმა კონფლიქტის ზონაში დღემდე ისმის, დღემდე იღუპებიან ადამიანები.

[ისმის სროლის ხმა]

უკანასკნელი შეტაკება ქათულ პოლიციასა და სეპარატისტებს შორის ორიოდე კვირის წინ მოხდა. დაიჭრა ერთი ადამიანი, სამი კი მძევლად აიყვანეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ მონანიებისა და შეცდომების აღიარების გარეშე ვერ აღდგება ნდობა ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] „ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ბოდიში მოსახდელი თუნდაც იმისათვის, რომ თავის დროზე ვერ შევაჩერეთ ომი, ვერ შევეწინააღმდეგეთ იმ პროცესებს, რომელმაც გამოიწვია დღევანდელი მდგომარეობა. ჩვენ ვერ შევძელით წინააღდმეგობა გაგვეწია იმ პროცესებისათვის, რომელმაც მოიტანა დღევანდელი დღე და ამაში არის ქართული საზოგადოების წვლილიც.“(სტილი დაცულია)

უჩა ნანუაშვილის თქმით, „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრმა“ დაიწყო კამპანია, სახელწოდებით ,,ჰათამზაიტ’’, ანუ „ბოდიში”, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის საზოგადოებას გაეგზავნება მიმართვის ტექსტი. „ნუ დავყოფთ ერთმანეთს „მტრად“ და „მოყვრად“, „აფხაზად“ და „ქართველად“. ჩვენ მტრები არ ვართ. ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვინდა ყველა აფხაზს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს. ბოდიში, რომ ქართველები ერქვათ ადამიანებს, ვინც ტყვიას ისროდა. ბოდიში ყველა გასროლილი ტყვიისთვის, ყველა იმ სიტყვისთვის, რომელმაც ომი გამოიწვია“, ნათქვამია მიმართვაში, რომლის ადრესატი აფხაზი ხალხია და რომელმაც აფხაზეთიდან დევნილების გაღიზიანება გამოიწვია. სოხუმელი გივი გელენავა მიიჩნევს, რომ საბოდიშო მას არაფერი ჩაუდენია:

[გივი გელენავას ხმა] „მარტო ქართველების კუთვნილი 120 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაიტაცეს გალის რაიონიდან. მილიონები, მილიარდები წაიღეს. როგორ ცხოვრობდა ხალხი? ოთხი ძმა ვიყავით, ოთხი მანქანა წაგვართვეს, სახლები, აგარაკები... თუ ბოდიშის მოხდაზე მიდგა საქმე, ჩვენ არ უნდა მოვიხადოთ... ბოდიში კი არა, შუბლში უნდა დავახალოთ ტყვია. ან ისინი, ან - ჩვენ.“

გივი გელენავას თანაქალაქელია რენო სურმავა, რომელიც აფხაზეთში დატრიალებული უბედურების მიზეზად რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას ასახელებს. რენო სურმავა არ მტრობს აფხაზებს, ის შერიგების მომხრეა:

[რენო სურმავას ხმა] „აფხაზები თუ გონს მოეგებიან და მიხვდებიან, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. შევრიგდებით და ვიქნებით ერთად, მაგრამ საბოდიშო და მუხლის მოსადრეკი არაფერი გვჭირს, ეს არ იქნება. ჩვენ აფხაზეთის დაკარგვას ვერ შევურიგდებით.“

აფხაზეთის დაკარგვასთან შერიგებას არც ხელისუფლება აპირებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ ბოდიში იმას აქვს მოსახდელი, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

[შოთა მალაშხიას ხმა] „შეიძლება ამ მიმართულებით შეიქმნას იგივე ტრიბუნალი, სადაც დადგება დამნაშავეების გასამართლების საკითხი. მიუკერძოებლად გასამართლდება ყველა - როგორც აფხაზი, ასევე ქართველი. დამნაშავე დამნაშავეა... ეს გასაგებია, მაგრამ ის, რომ საომარი მოქმედებები ქართველებს არ დაუწყიათ და რომ ეს არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ამაზე ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება და სრული კონსენსუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში.“

თუმცა, შოთა მალაშხიასგან განსხვავებით, „ადამიანის უფლებათა დაცვის სადოკუმენტაციო ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ შერიგების გზა არა საერთაშორისო სასამართლოსა ან ტრიბუნალზე, არამედ მონანიებაზე, მიტევებასა და საკუთარი ქმედებების კრიტიკულ შეფასებაზე გადის. უჩა ნანუაშვილი კი დარწმუნებულია, რომ პირველი ნაბიჯი ქართველებმა უნდა გადადგან:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] „აფხაზები არიან სწორედ რომ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს შვილები. საქართველოს ხელისუფლება და დევნილები ისე უნდა მოექცნენ აფხაზებს, როგორც საქართველოს შვილებს. აფხაზებს არ უნდა გავუხადოთ საქმე ისე, რომ ეძებონ გარეთ მფარველი და მშველელი. ჩვენ ვართ თითოეული აფხაზის ძმა და მეგობარი და ეს უნდა დავუმტკიცოთ.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG