Accessibility links

logo-print

გენერალ ობერინგის ვიზიტი კიევში


ოთხშაბათს კიევში ვიზიტად იმყოფებოდა შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის უწყების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰენრი ობერინგი.

ვიზიტის დღის წესრიგში იყო შეერთებული შტატების გეგმები, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა განალაგოს ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში.

ვიზიტის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელთა მთავარი მიზანი იყო, უკრაინის მხარისთვის საფუძვლიანად აეხსნა ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსების არსი და დაერწმუნებინა კიევი, რომ ეს სისტემა საფრთხეს არ უქმნის უკრაინას.

რაც შეეხება ამ პროგრამაში თავად უკრაინის შესაძლო მონაწილეობას, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას გენერალმა ობერინგმა თქვა, რომ ჯერჯერობით შეერთებულ შტატებს ანტისარაკეტო სისტემაში მონაწილეობა არ უთხოვია კიევისთვის.

[ობერინგის ხმა] "ჩეხეთის რესპუბლიკისა და პოლონეთის გარდა არც უკრაინისა და არც რომელიმე სხვა ქვეყნისთვის არ გვითხოვია ანტისარაკეტო თავდაცვის ობიექტების განთავსება."

1-ლ მარტს ჰენრი ობერინგმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ანტისარაკეტო რადარის განთავსება სურს სამხრეთ კავკასიაში. თუმცა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ობერინგმა თქვა, რომ ვაშინგტონს კავკასიის არცერთი ქვეყნისთვის არ მიუმართავს რადარის განთავსების თხოვნით.

დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ამ ვიზიტის შემდეგ უკრაინაში გაგრძელდება დისკუსია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გეგმებზე. ამასთან დაკავშირებით უკრაინის საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება დამოკიდებული იქნება ქვეყნის ხელისუფლებასა და ძირითად პოლიტიკურ ძალებზე.

ჩვენ კიევში ტელეფონით დავუკავშირდით უკრაინელ სამხედრო ექსპერტს, არმიის კონვერსიისა და განიარაღების საკითხების კვლევითი ცენტრის თანამშრომელს, მიხაილ სამუსს.

[სამუსის ხმა] "სავარაუდოა, რომ ეს პოზიცია იქნება ნეიტრალურ-დადებითი. ანუ გაკეთდება განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას, უკრაინის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით."

უკრაინის პოზიციის გარკვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის ფაქტორი. მოსკოვი ეწინააღმდეგება ამერიკის ინციატივას და საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება.

კიევში ვიზიტისას ჰენრი ობერინგმა თქვა, რომ ანტისარაკეტო რადარების სისტემა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვით ამოცანებს ისახავს და არ არის რომელიმე ქვეყანაზე იერიშისთვის გამიზნული. მისი თქმით, ამ სისტემის მთავარი ამოცანა ირანის რაკეტების აღმოჩენა და განადგურებაა.

[სამუსის ხმა] "ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხი უკვე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გამოიყენება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე ზეწოლისთვის. მე ვფიქრობ, ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება. იმის თქმა, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხი შეიძლება მოიხსნას დღის წესრიგიდან, - მათ შორის რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში, - ნაადრევია."

რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანება. რუსეთი ეწინააღმდეგება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მისი მეზობლის დაახლოებას. სხვათა შორის, მოსკოვის აჩრდილი უკრაინაში ობერინგის ვიზიტის დროსაც იგრძნობოდა. პრესკონფერენციის მუშაობა გარკვეული ხნით შეაფერხა ინციდენტმა, რომლის ინიციატორები ნატოში უკრაინის გაწევრიანების მოწინააღმდეგეები გახლდნენ. Yankee, go home - გაიძახდნენ ისინი პრესკონფერენციის დარბაზში.
XS
SM
MD
LG