Accessibility links

logo-print

საქართველოს გენერალური პროკურატურა სამხედრო უწყების ყოფილი ხელმძღვანელობის ფინანსურ დარღვევებს სწავლობს


ბოლო დღეების განმავლობაში ქართულ პრესაში ბევრი იწერება იმ ფინანსურ დარღვევებზე, რომელიც კონტროლის პალატამ სამხედრო უწყების შემოწმების დროს აღმოაჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონტროლის პალატის მიერ 2005-2006 წლების ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებისას თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დანაკლისი გამოვლინდა, რის გამოც რევიზიის მასალები შესასწავლად გენერალურ პროკურატურას გადაეცა. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მის მოადგილეებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. რა საფუძველი აქვს ამგვარ ვარაუდებს?

ვარაუდები, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ხელისუფლების ორბიტიდან წასვლის შემდეგ ცოდვებს გაუხსენებდნენ, მართლდება. თითქმის ორთვიანი ინტენსიური შემოწმების შემდეგ, საქართველოს უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოს, კონტროლის პალატის, სპეციალისტებმა შეაგროვეს და გენერალურ პროკურატურას გადასცეს მასალა სხვადასხვა სამხედრო ნაწილსა თუ დეპარტამენტში აღმოჩენილი ფინანსური დარღვევების შესახებ.

როგორც კონტროლის პალატის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნინო შოშიტაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რევიზია სწორედ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, მმართველობის პერიოდს მოიცავს:

[ნინო შოშიტაშვილის ხმა] ”სამართალდამცავებს გადაეცათ შემდეგი მასალები: ეს არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილი; აგრეთვე გადაეცა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტროსი, ბუნებრივია. ასევე, თავდაცვის სამინისტროს მეორე ქვეითი ბრიგადა და მისდამი დაქვემდებარებული ნაწილები.”(სტილი დაცულია)

თუმცა ამით ნუსხა შემოწმებული სამხედრო დანაყოფებისა არ ამოიწურება, რადგან მაკონტროლებლები კვლავ აგრძელებენ ფინანსებისა და მატერიალური საშუალებების შემოწმებას სამხედრო უწყებაში, სადაც, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგობის გამო, მაკონტროლებელ ორგანოებს ორი წლის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ. კონტროლის პალატის წარმომადგენლის ნინო შოშიტაშვილის თქმით, ამ დღეებში მაკონტროლებლები გენერალურ პროკურატურას რამდენიმე ტომად აკინძულ მასალებს გადასცემენ:

[ნინო შოშიტაშვილის ხმა] ”რამდენიმე დღეში გადაეცემა. ეს არის ფინანსების მართვის დეპარტამენტი, სამხედრო-საზღვაო ძალები და სამხედრო-საჰაერო ძალები.”

რადიო ”თავისუფლებას” გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს კონტროლის პალატიდან სამხედრო უწყებაში ჩატარებული რევიზიის დოკუმენტაციის მიღების ფაქტი. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არც კონტროლის პალატაში და არც გენერალურ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, თუ საერთო ჯამში რა რაოდენობის ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი და იკვეთება თუ არა თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშნები. თუმცა ზოგიერთი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი და პოლიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემითაც დასრულდეს. არის განსხვავებული აზრიც. როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ხელისუფლება ამ შემოწმების მასალებს დროებით თაროზე შემოდებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაჩენს, თუკი ირაკლი ოქრუაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”ჩემი აზრით, ამით უქმნიან ფონს, რომ მას შეეშინდეს და უარი თქვას პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებაზე. მაგრამ ახლა რომ აღძრან სისხლის სამართლის საქმე, ამით ძალიან პოპულარული გახდება საზოგადოებაში და ხალხში მის მიმართ დაბრუნდება სიმპათიები, რაც არ აწყობს ხელისუფლებას დღეს.”(სტილი დაცულია)

თანამდებობიდან გადადგომამდე ირაკლი ოქრუაშვილი, სხვადასხვა სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ნდობის რეიტინგით თვით საქართველოს პრეზიდენტსაც უსწრებდა. არსებობს მოსაზრებაც, რომ მიხეილ სააკაშვილი შეაშინა სწორედ ყოფილი თავდაცვის მინისტრის მზარდმა ავტორიტეტმა და გავლენამ, რასაც, სხვადასხვა მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ჯგუფის დახმარებით, დღემდე ინარჩუნებს ქართული პოლიტიკის ”მთავარ ქორად” შერაცხილი ირაკლი ოქრუაშვილი.
XS
SM
MD
LG