Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი პრესა ცდილობს პასუხი იპოვოს ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულ პლატონ


დღევანდელი პრესა ცდილობს პასუხი იპოვოს ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულ პლატონ მამარდაშვილის გუშინდელი ჩვენების ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე.

“ახალი ვერსია” ინტერესდება, “დასჯიან თუ არა მამარდაშვილის ოჯახს”: “ყოფილმა “კანონიერმა ქურდმა” პლატონ მამარდაშვილმა მეციხოვნე ბაჩო ახალაია იხსნა. ამის გამო პატიმარი არათუ დაცვის გარეშე დარჩა, მან ციხის ბუნტში მონაწილე სხვა პატიმრები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდა. არც ისაა გამორიცხული, რომ ცნობილი ფარული ჩანაწერის გამო მისი ოჯახის წევრებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას”, -წერს გაზეთი. პუბლიკაციის ავტორი არ გამორიცხავს, რომ 20 მარტს დანიშნულ მორიგ პროცესზე მამარდაშვილმა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს – “რას ჩაიფიქრებს ამჯერად ყოფილი ქურდი, ძნელი გასათვლელია”, - წერს “ახალი ვერსია”.

“ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ლეიბორისტული პარტიის წევრ ნესტან კირთაძესთან, რომელიც ამბობს, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ვინ იწერს სატელეფონო საუბრებს, მამარდაშვილი თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. კირთაძე იხსენებს, რომ სწორედ სატელეფონო ჩანაწერი გახდა ირაკლი ბათიაშვილის დაკავებისა და სამშობლოს ღალატში დადანაშაულების საფუძველი, მამარდაშვილის ჩანაწერი კი არ აღიქმება სერიოზულ მტკიცებულებად: “სინამდვილეში ჩანაწერი ყოველთვის არის მტკიცებულება. მტკიცებულება კი ჯანმრთელი საზოგადოებისთვის საფუძველია პასუხი მოსთხოვოს ჩანაწერში დასახელებულ ყველა პირს”, - ამბობს კირთაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

ბუნებრივია, დღევანდელი პრესა კოდორის ხეობაში (ზემო აფხაზეთში) 11 მარტს მომხდარ ფაქტზე მსჯელობას განაგრძობს. “რეზონანსი” დაუკავშირდა დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ავთანდილ იოსელიანს, რომლის შეფასებითაც, აფხაზებმა და რუსებმა კოდორის ხეობაში ვითარების უფრო სერიოზულად დაძაბვისთვის ნიადაგი მოსინჯეს: “მართალია, პენსიაზე ვარ, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ აფხაზები გაზაფხულზე დაძაბავენ სიტუაციას და დაიწყეს ამისთვის ნიადაგის მომზადება. ახლა ექსპერიმენტი ჩაატარეს, მოსინჯეს, რა ძალები აქვს საქართველოს. არ ვიცი, რა დაპირისპირებაა იქ, რა არის ეს “სვანური დაჯგუფება”... გეუბნებით, რომ ეს არის აფხაზებისა და რუსების მიერ დაგეგმილი ოპერაცია, ეს არის ნიადაგის მოსინჯვა რაღაც სერიოზული ღონისძიების წინ. აფხაზური წყაროების მეშვეობით მივიღე ინფორმაცია, რომ კოდორის ხეობის მიმართულებით ისინი რაღაცას გეგმავენ”, - ასე მიაჩნია ავთანდილ იოსელიანს, რომელსაც კომენტარი “რეზონანსმა” სთხოვა.

“რეზონანსის” მთავარი პუბლიკაცია დღეს არც პლატონ მამარდაშვილს ეძღვნება და არც კოდორს. ის თავდაცვის სამინისტროში ფინანსურ გაფლანგვაზე ამახვილებს ყურადღებას: “კონტროლის პალატამ ოქრუაშვილის მინისტრობისას 75 მილიონის გაფლანგვა აღმოაჩინა. მასალები გენპროკურატურაშია გადაგზავნილი”, - წერს გაზეთი. ავტორი დასძენს, რომ ის გენპროკურატურიდან ანონიმურ წყაროს ეყრდნობა და რომ კონტროლის პალატის მასალების მიღებას გენპროკურატურა ოფიციალურად არ ადასტურებს.

დასასრულ, ბუნებრივი აირის თემაზე გამოქვეყნებულ ერთ პუბლიკაციას გაგაცნობთ. “24 საათი” დღევანდელ ნომერში სვამს კითხვას: “რატომ ვიხდით გაზში ასე ძვირს?”. ავტორი საეჭვოდ მიიჩნევს სემეკის ოპერატიულობას ტარიფების დადგენისას, ბუნებრივ აირზე მაღალი ტარიფის დადგენის არაერთ მიზეზს ჩამოთვლის და ასკვნის, რომ “ტარიფების დადგენა-გამოთვლის არსებულ ფორმულას სრული და საფუძვლიანი ინვენტარიზაცია სჭირდება. თუმცა ეს დღევანდელი სემეკისგან ძალიან ძნელად წარმოსადგენია. ყოველ შემთხვევაში, მისი აქამდელი საქმიანობა მხოლოდ ამის მანიშნებელი იყო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნავსი ამჯერად გატყდეს”, - წერს “24 საათის” მიმომხილველი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG