Accessibility links

საზოგადოება პრეზიდენტისაგან პრობლემებზე საუბარს და ზოგიერთი გახმაურებული საქმის შეფასებას ელის


დღეს დილიდან საქართველოს პარლამენტში საგანგებო მზადება იყო პრეზიდენტის დასახვედრად: სხდომათა დარბაზში შეჰქონდათ ყვავილები, ამოწმებდნენ განათებას

და გახმოვანების ხარისხს, ამონტაჟებდნენ პირდაპირი ჩართვის აპარატურას, ხოლო სახელმწიფო დაცვის წევრები, კინოლოგები და გაწვრთნილი ძაღლები ამოწმებდნენ დარბაზისკენ მიმავალ ყველა დერეფანს, ოთახს და დეპუტატების სავარძლებსაც კი. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ შემაჯამებელ მოხსენებას, რომელიც საღამოს 6 საათზე დაიწყება, მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრებიან. რას ელიან პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები პრეზიდენტის რიგით მესამე საანაგარიშო მოხსენებიდან?

საქართველოს პრეზიდენტი წელს მესამედ ჩაააბარებს ანგარიშს პარლამენტს და მოსახლეობას ხელისუფლებისა და მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, ისაუბრებს სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე. თუმცა, ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი წელსაც, ისევე როგორც შარშან, სხდომათა დარბაზს მოხსენების დასრულებისთანავე დატოვებს და არ უპასუხებს დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს. ამის გამო, საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, პროტესტის ნიშნად, სხდომას არ დაესწრება, ”მემარჯვენეებმა” კი საქართველოს პრეზიდენტის მისამართით საკუთარი შეკითხვები ტელეეთერის საშუალებით 14 მარტს დასვეს. შეკითხვები შეეხებოდა ქონების ჩამორთმევის გახშირებულ ფაქტებს, საეჭვო პრივატიზაციის შედეგებს და, რა თქმა უნდა, გახმაურებულ მკვლელობებს. სხვათა შორის, როგორც ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებით უკმაყოფილოა საზოგადოების 74-პროცენტზე მეტი. 15 მარტს პრეზიდენტს მორალური ვალი ”სტუდენტთა დემოკრატიული ლიგის” წარმომადგენლებმა შეახსენეს:

[ხათუნა შიუკაშვილის ხმა] ”დუმილი აუცილებლად უნდა დაარღვიოს, რადგან არსებობს უკმაყოფილება საზოგადოებაში, რადგან პრეზიდენტი არ აკეთებს შეფასებას. პრეზიდენტი მორალურად, ადამიანურად და, როგორც ქვეყნის პირველი პირი, ვალდებულია დუმილი დაარღვიოს და ოჯახს თანაგრძნობა მაინც გამოუცხადოს, სამძიმარი მაინც გამოუცხადოს.”(სტილი დაცულია)

”სტუდენტთა დემოკრატიული ლიგის” წარმომადგენელმა ხათუნა შიუკაშვილმა პეტიცია კანცელარიაში დატოვა და პარლამენტში მოვიდა, სადაც პოლიციელების მიერ მოკლული ახალგაზრდის, ამირან რობაქიძის, მამა ამაოდ ცდილობდა შესვლას და სხდომაზე დასწრებას.

[ამირან რობაქიძის მამა] ”იმას, რომ ბავშვები არიან დახვრეტილი ქუჩაში, დახოცილები, და ორი წლის განმავლობაში ტვინში სისხლი გვაქვს ჩაქცეული, ნება უნდა იბოძოს და ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს ვაჟკაცობა და კაცობა, რომ რაღაც თქვას, თუნდაც ცუდი თქვას, მაგრამ რაღაც თქვას.”(სტილი დაცულია)

”რაღაც” საქართველოს პრეზიდენტმა საანგარიშო მოხსენების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში შარშან 14 თებერვალს თქვა. მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი გუნდი კარგი ოპერაციების ჩატარებისთვის ხმამაღლა შეაქო:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ვანო მერაბიშვილი არის განსაკუთრებით კარგი მინისტრი და უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის სამინისტრო და გუნდი, რომელმაც გახსნა ურთულესი ტერორისტული აქტები, რომელმაც განახორციელა ძალიან სერიოზული, ძალიან რთული ოპერაციები.”

პრეზიდენტისგან უფრო მეტად პრობლემებზე საუბარს ელოდებიან მოქალაქეებიც. საქართველოს პარლამენტის დასათვალიერებლად მისული 128 -ე სკოლის მეათე კლასის მოწაფეებისთვის ასეთი პრობლემებია გახმაურებული მკვლელობები, განათლების რეფორმა და ვითარება კოდორის ხეობაში.

[მოსწავლეების ხმა] ”ლომაიამ რეფორმები შეცვალოს, ეგ გვინდა, მეტი არაფერი”/ ”რაზე? მაგალითად იმ მკვლელობებზე, რაც ხდება ქვეყანაში, კიდევ იმ არეულობებზე, რაღაცეებზე, მოკლედ, კოდორის ამბებზე მინდა ისაუბროს. მოკლედ, არ ილაპარაკოს მარტო წარმატებებზე და შადრევნებზე მხოლოდ.”

რაკი კოდორის ხეობის დაბომბვა ახლახან მომხდარი ყველაზე გახმაურებული და ბურუსით მოცული ინციდენტია, გავიხსენებთ ერთ პასაჟს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შარშანდელი შემაჯამებელი მოხსენებიდან: ”კარგა ხანია აღარ გვსმენია, რომ საქართველო უნდა დაბომბონ. სამი-ოთხი წლის წინათ ამ რუტინულ განცხადებას დღეგამოშვებით აკეთებდნენ. ახლა კი, დაგვბომბავენ და კარგ ჩიტსაც დაიჭერენ, ” განაცხადა შარშან საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად.
XS
SM
MD
LG