Accessibility links

რა ბედი ელით სეპარატისტების მიერ დაკავებულ ქართველ სტუდენტებს?


ზუგდიდისა და გალის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვართან 1 მარტს დაკავებული სამი ქართველი სტუდენტი - ლევან ღაჭავა, კობა რიგვავა და ივერი ყორშია - კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

წევრები სტუდენტური ორგანიზაციისა „ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის“ სეპარატისტებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააპატიმრეს. მოგვიანებით საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ბრალდებული ახალგაზრდები სოხუმის უშიშროების იზოლატორში გაეროს მისიის წარმომადგენლებმა მოინახულეს. გაირკვა, რომ ქართველი სტუდენტები სასამართლო პროცესს ნორმალურ პირობებში ელიან, რომ მათზე ფიზიკური ზეწოლა არ ხორციელდება. რა ბედი ელით არალეგალურად საზღვრის გადაკვეთის გამო დაპატიმრებულ ახალგაზრდებს?

ქართველი სტდუდენტების სასამართლო პროცესი 15 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ, როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნაზი არონია ამბობს, პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. გაეროს მისიის წარმომადგენელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნაზი არონია ასევე აცხადებს, რომ სოხუმის იზოლატორში ახალგაზრდები ნორმალურ პირობებში იმყოფებიან:

[ნაზი არონიას ხმა] „მისიის წევრები იყვნენ საპყრობილეში, მოინახულეს ეს ახალგაზრდები. თქვეს, რომ რაიმე სასტიკ მოპყრობას ამ სტუდენტების მიმართ ადგილი არ ჰქონია. ასევე მიუთითებენ, რომ მონიტორინგს სამომავლოდაც გააგრძელებენ.“

ნაზი არონიას თქმით, ქართველი სტუდენტების ინტერესებს სასამართლო პროცესზე სეპარატისტული ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ადვოკატი დაიცავს, თუმცა დაკავებულთა მეგობრები, წევრები არასამთავრობო ორგანიზაციისა „ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის“, ლევან ღაჭავას, კობა რიგვავასა და ივერი ყორშიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

[მამაკაცის ხმა] „სამშვიდობო ძალებმა შეუწყვეს ხელი ამ ჭეშმარიტი პატრიოტების დაპატიმრებას. ამიტომ რუსებისგან მოვითხოვთ უპირობოდ გათავისუფლებას, უპირობოდ!“

თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქართველი სტუდენტების უპირობოდ გათავისუფლება არ მოხერხდება. გალის სეპარატისტული ადმინისტრაციის უფროსის რუსლან ქიშმარიას კომენტარი:

[რუსლან ქიშმარიას ხმა] „ჩვენ მზად ვართ დაკავებულთა გაცვლის საკითხი განვიხილოთ, ანუ გავცვალოთ ისინი სიგუასა და ჩაკაბერიაში. მზად ვართ ამ საკითხის განსახილველად.“

სიგუა და ჩაკაბერია, რომელთა გათავისუფლებაზეც რუსლან ქიშმარია ლაპარაკობს, ეთნიკური ქართველები არიან. ფრიდონ ჩაკაბერია, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების ადმინისტრაციის უფროსი, ქართველმა სამართალდამცავებმა ზუგდიდში ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით დააპატიმრეს, ხოლო გალის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით სიგუა უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 2007 წლის თებერვალში გაიტაცეს. დაკავებული სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობას გამორიცხავენ სოხუმში. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც დარწმუნებულია, რომ სოხუმი ქართველ სტუდენტებს გაასამართლებს, თუმცა, მისივე ვარაუდით, სასჯელი, საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის წყალობით, მკაცრი არ იქნება:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „ამ ბავშვებს სერიოზული დანაშაული მართლა არ ჩაუდენიათ. სასამართლო პროცესისა და დასჯის წინააღმდეგ გაილაშქრებენ საერთაშორისო ორგანიზაციები - გაერო, ეუთო... სწორედ ესენი მოახდენენ აფხაზებზე ზეწოლას და, იმედია, ყოველგვარი პირობის გარეშე გაათავისუფლებენ ამ ახალგაზრდებს. მაგრამ მანამდე, ალბათ, სასამართლო პროცესს ჩაატარებენ და პირობით სასჯელს მიუსჯიან. მაქსიმუმ ერთ-ორ თვეში გაათავისუფლებენ. როგორც წესი, ასე კეთდება. აფხაზებს ასეთი რამ გაუკეთებიათ და, ალბათ, ახლაც ასე გააკეთებენ.“

პაატა ზაქარეიშვილის ამ ოპტიმიზმს იზიარებენ საქართველოს პარლამენტშიც. ნაზი არონია მიიჩნევს, რომ ქართველი სტუდენტების ინტერესები სასამართლო პროცესზე არა ფიქტიურმა, არამედ კვალიფიციურმა ადვოკატმა უნდა დაიცვას, დეპუტატი მამუკა კაციტაძე კი საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს:

[მამუკა კაციტაძის ხმა] „ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, საზოგადოებამ, რომ ეს ახალგაზრდები - გულანთებული და საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული ახალგაზრდები - დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. სამომავლოდ კი ნებისმიერი ქმედება კონფლიქტის ზონაში უნდა იყოს აწონილ-დაწონილი, იმიტომ რომ ეს არ არის მიტინგი რუსთაველზე, ეს არ არის მიტინგი უნივერსიტეტის ბაღში. ეს არის აქცია კონფლიქტის ზონაში, აქცია, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება პროვოკაციით დასრულდეს.“
XS
SM
MD
LG