Accessibility links

“ლუვრი აბუ დაბიში” - დასავლეთის მუზეუმების კომერციული მომავალი


პარიზის სახელგანთქმული ლუვრი

გასულ კვირას დათანხმდა, 30 წლით სხვას ათხოვოს თავისი სახელი - ამიერიდან იარსებებს “ლუვრი აბუ დაბიში”. აბუ დაბი გაერთიანებული არაბული საამიროების დედაქალაქია. ნავთობით მდიდარმა ქვეყანამ სახელი იყიდა მუზეუმისთვის, რომელიც ახლა შენდება და 2012 წელს გაიხსნება. ხელოვნების მოყვარულებმა საფრანგეთში ეს შეაფასეს საფრანგეთის რეპუტაციის შემლახავ ნაბიჯად. ისინი ამბობენ, რომ მუზეუმი არ არის სავაჭრო სახლი, რომელსაც შეუძლია გაყიდოს თავისი საფირმო სახელი. აქვე უნდა ითქვას, რომ ლუვრმა ის გააკეთა, რაც სხვა მუზეუმებისთვის არაა სიახლე. ლუვრში ხელოვნების არაერთი, მართლაც, ფასდაუდებელი ნიმუშია, აი, სახელი კი ნახევარ მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი ღირებულა.

ასეთი გარიგება საამიროებმა მოახერხეს ნიუ-იორკის “გუგენჰაიმის მუზეუმთან” შარშან. ორივე ეს უკვე არაბული მუზეუმი ნაწილი იქნება ერთობ ხელგაშლილი პროექტისა, რომლის საერთო ხარჯი 27 მილიარდი დოლარია და რომელიც ხორციელდება სპარსეთის ყურეში, კუნძულზე, სახელწოდებით “საადიათი”, რაც “ბედნიერების კუნძულს” ნიშნავს. აბუ დაბის, ნავთობის მდიდარი საამიროების დედაქალაქს, პრეტენზიული გეგმა აქვს. კუნძულზე შეიქმნება მაღალი დონის კულტურული არეალი, მუზეუმებით, გალერეებით, საკონცერტო დარბაზით, ასევე დახურული სათხილამურო ტრასებით, წყალქვეშა სასტუმროებით, პარკებით...

“გუგენჰაიმის მუზეუმმა” რა ხანია გააფართოვა თავისი გეოგრაფია. ესპანეთში, ბილბაოში, შეგიძლიათ ესტუმროთ იქაურ “გუგენჰაიმს”; მსგავსი დასახელების საკმაოდ წარმატებული მუზეუმია ასევე ბერლინში, უთხრა რადიო “თავისუფლებას” მისმა წარმომადგენელმა. ლუვრისთვის შორს, აღმოსავლეთში, თანამგზავრი მუზეუმის შექმნა პირველი შემთხვევაა. ცხადია, რომ კრიტიკა ამგვარი გადაწყვეტილების მიმართ მოსალოდნელი იყო. საფრანგეთში ბევრს მიაჩნია, რომ ეს არის უზნეო გარიგება, რომლის შედეგად საფრანგეთი მსხვერპლად გაიღებს თავის ყველაზე ძვირფას სიმბოლოს ფულის სანაცვლოდ. პეტიციას, რომლის ლოზუნგია: “ჩვენი მუზეუმები არ იყიდება” და რომელიც ინტერნეტის გზით გავრცელდა, ხელი მოაწერა საფრანგეთის 4000-მა მეცნიერმა, ხელოვნებისმცოდნემ და ისტორიკოსმა. პარიზში გამომავალი ცნობილი რესპექტაბელური ჟურნალის “ჟურნალ დე არტის” რედაქტორი ფილიპ რენიე ფიქრობს, რომ აბუ დაბისთან ლუვრის თაობაზე გარიგება ის ზღვარია, რომელიც მუზეუმმა არასოდეს უნდა გადალახოს. ეს არის, მისი თქმით, ზღვარი, რომელიც ყოფს განათლებისა და მაღალი ფასეულობების სამყაროს კომერციისა და მოგების სამყაროსგან.

(რენიეს ხმა)
“მღელვარება ამ პროექტს მოჰყვა იმიტომ, რომ აბუ დაბის მტკიცედ გადაეწყვიტა, მიეღო ეს შესანიშნავი სახელი -“ლუვრი”, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუზეუმს ჰქვია. და ეს სახელი საფრანგეთმა გაყიდა, თითქოს ფეხსაცმლის მაღაზიის ან მზა ტანსაცმლის მაღაზიის დასახელება ყოფილიყო, ანუ როგორც სამარკო სახელი. ეს არის მუზეუმის სრულიად ახლებური გაგება - არა როგორც ხელოვნების, არამედ როგორც კომერციის ობიექტისა.”

მათი უმეტესობა, ვინც ლუვრის სახელის თაობაზე აბუ დაბისთან გარიგების წინააღმდეგია, ასევე უარყოფითად უყურებდა შარშანდელ შეთანხმებას აშშ-ის ქალაქ ატლანტის “High Museum of Art”-ისთვის ლუვრიდან ასეულობით ექსპონატის დროებით გადაცემას. ამ გარიგებით, - ის ძალაშია 2006-დან 2009 წლამდე, - ატლანტის მუზეუმი ლუვრს უხდის ექვს-ნახევრამდე მილიონს, რაც ლუვრის მე-18 საუკუნის დეკორატიული ხელოვნების გალერეის განახლებას მოხმარდება.
ამგვარი გარიგებები, როცა ხელოვნება ქირავდება, რენიესთვის მიუღებელია. მას ხელოვნების მიმართ ზნეობრივი მიდგომა აქვს და ამბობს, რომ ხელოვნების მუზეუმები ფულის საკეთებლად კი არ არსებობს, არამედ მაღალი ხელოვნებით ტკბობისთვის.

(რენიეს ხმა)
“მუზეუმების სამყაროში, მართლაც, რევოლუციასთან გვაქვს საქმე. ხელოვნების ნიმუშებს, ნახატებს, დროებით ათხოვებდნენ ხოლმე საგანმანათლებლო მიზნებით და არა ფულის მისაღებად. ახლა სხვა ლოგიკასთან გვაქვს საქმე, ბიზნესის ლოგიკასთან - როცა მუზეუმი განიხილება საქმიან მომგებიან ადგილად, რომლის სიმდიდრე, ნახატები, შეიძლება ინვესტირებულ იქნეს მაქსიმალური საფინანსო მოგების მიღების მიზნით.”

ეს არის მიდგომა, რომელმაც სულ უფრო გაიდგა ფეხი დასავლეთის მუზეუმების სამყაროში. რამდენიმე მაგალითი: ლონდონის “ბრიტანულმა მუზეუმმა” და “ვიქტორია და ალბერტის მუზეუმებმა” ხელშეკრულება დადეს ჩინეთის მუზეუმებთან. სულ მალე ბრაზილიაში აპირებს ფილიალის გახსნას პარიზის “როდენის მუზეუმი”, ასევე პარიზის “პომპიდუს მუზეუმი” ჩინეთში, შანხაიში, აპირებს მცირე ფილიალის გახსნას.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ უყურებენ ამ ტენდენციას საქართველოში და დავუკავშირდით საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს. აი, მისი თვალსაზრისი:

(ლორთქიფანიძის ხმა)
”მუზეუმები წარმოადგენენ დღეს ისეთივე დიდ კომპანიებს, რომლებიც ისევე იმართებიან, როგორც დიდი ბიზნესჯგუფები. აქ არ არის ლუვრის ექსპონატების გაყიდვაზე საუბარი, ლაპარაკი არის სახელზე. ამიტომაც მე ძაან გამიჭირდება, რომ ეს დავგმო, ან, პირიქით, ვთქვა, რომ კარგია. მე მგონია, რომ ეს არის პროცესი, რომელიც დაწყებულია და, სამწუხაროდ, შეუქცევადი პროცესია. დღეს იშლება საზღვარი კულტურულ ინსტიტუციებსა და ბიზნესინსტიტუციებს შორის.”(სტილი დაცულია)

რატომ იშლება ეს საზღვარი? ორი მიზეზით: მუზეუმების მოვლის ხარჯები იზრდება და საზოგადოებრივი სახსრები ნაკლებია, სახელმწიფო აღარ გაიღებს მუზეუმებისთვის საკმარის ფულს.


ბოსტონის ტაფტის უნივერსიტეტის მუზეუმების კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი ენდრიუ მაკკლელანი ფიქრობს, რომ ეს მომავლის მოდელია, რომლის კრიტიკოსები მას არარეალისტებად მიაჩნია.

(მაკკლელანის ხმა)
“ ...თუ მთავრობებს აღარ სურთ სრულად დააფინანსონ კულტურის ფონდი, რასაც მე უპირატესობას მივანიჭებდი, მაშინ მხოლოდ იმასღა უნდა ველოდეთ, რომ ამგვარი უწყებების დაფინანსება კომერციალიზაციის ამ ფორმით მოხდება.”


მაკკლელანის ინფორმაციით, აშშ-სა და ევროპაში ფონდების ზრდა არ ყოფნის მუზეუმების ხარჯებს, სხვათა შორის, ახალი ნიმუშების შეძენას. ამერიკული მუზეუმები, ამბობს ბოსტონელი ექსპერტი, ცდილობენ დამოუკიდებლები გახდნენ, აღარ მოითხოვონ დახმარება და თვითონ განკარგონ საკუთარი სიმდიდრე. ის არაფერს ამბობს იმაზე, რომ საზოგადოებას აქვს უფლება მოსთხოვოს მთავრობას გაიღოს ფული კულტურის სფეროსთვის. კვლავ ლუვრს რომ დავუბრუნდეთ, გეტყვით, რომ ამ მუზეუმის ექსპონატები აბუ დაბიში გამოიფინება ორი წლით. საფრანგეთის სხვა მუზეუმებს სთხოვენ ასევე ნებაყოფლობით მიიღონ ამ პროექტში მონაწილეობა. მაკკლელანი ამბობს, რომ ბევრი ამგვარ პროცესს დადებითად მიიჩნევს იმის გამოც, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კულტურული გაცვლა უფრო ინტენსიური ხდება.
ამგვარი გაცვლიდან სხვა სარგებელს ელის აბუ დაბის ტურისტული უწყების ხელმძღვანელი მუბარაკ ალ მუჰაირი, ისევე როგორც საამიროების გამგებლობა, კერძოდ, რომ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ისლამსა და დასავლეთს შორის დაახლოებას. მაგრამ ბევრი კრიტიკოსი ფიქრობს, რომ ეროვნული საგანძურის ასე დიდი ხნით გარეთ გატანა ნიშნავს, ხალხს წაართვა უფლება დატკბეს იმით, რაც მისი კუთვნილებაა.
XS
SM
MD
LG