Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გახდა კულტურული მემკვიდრეობის კანონის ერთი მუხლი ოპოზიციისა და უმრავლესობის დავის საგანი


საქართველოს პარლამენტის უახლოეს სხდომაზე დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ კანონს ”კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”.

ოპოზიციისა და უმრავლესობის დაპირისპირების საგანს ამ კანონის 34-ე მუხლი წარმოადგენს. აღნიშნული მუხლი 14 მარტს ”ინტერფრაქციული ჯგუფის” მსჯელობის თემაც იყო. გვიან საღამოს დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე დეპუტატებმა შეთანხმება ვერ შეძლეს, თუმცა ორივე მხარე აღნიშნავს, რომ პოზიციათა დაახლოება მოხერხდა. რატომ წარმოადგენს დავის საგანს კულტურული მემკვიდრეობის კანონის ერთი მუხლი და რა საფრთხეს შეიცავს ის?

კულტურული მემკვიდრეობის კანონპროექტის 34-ე მუხლი ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლებისა და მათი მფლობელების ურთიერთობას შეეხება. მთავრობის მიერ მომზადებული პროექტის თავდაპირველ ვარიანტში კერძო მესაკუთრის უფლებები სერიოზული კითხვის ქვეშ იდგა, თუმცა შემდგომ გადამუშავებულ ვარიანტში ბევრი რამ შეიცვალა და მისი ძირითადი არსი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

თავდაპირველად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წერილის საფუძველზე რეკომენდაციას აძლევს, ძირითადად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ისტორიული ძეგლის მესაკუთრე მოქალაქეს, გაარემონტოს და წესრიგში მოიყვანოს შენობა-ნაგებობა. შემდგომ ეტაპზე ხელისუფლება მესაკუთრეს, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით, ისტორიული სახლის ერთობლივ რეაბილიტაციას სთავაზობს და თუ მესაკუთრე ამაზეც არ დათანხმდა, სახელმწიფო თავისი სახსრებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არემონტებს კულტურის ძეგლს და დახარჯული თანხების დაბრუნებას მოქალაქეს აკისრებს. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ამ თანხის დაბრუნების საშუალება ან სურვილი არა აქვს? საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი განმარტავს.

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] ”თუ თქვენ ამ ფულს არ აანაზღაურებთ, მაშინ სახელმწიფო მიმართავს სასამართლოს, რათა ეს სახლი გავიდეს აუქციონზე და სახელმწიფომ ამოიღოს ის თანხა, რაც დახარჯა, დანარჩენი თანხა არის მესაკუთრის. ამის არსი რა არის? - გადარჩეს ეს შენობა და გადარჩეს თვითონ ეს ადამიანი, რომელსაც ეს შენობა თავზე ენგრევა.”

კანონის ამგვარი ნორმა მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის. და თუ რატომ, დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის, კომენტარიდან ჩანს.

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”ძირითადად, ეს არის 80 პროცენტი ეხება გაჭირვებულ ხალხს...”(სტილი დაცულია)

ამ ეტაპზე ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომებზე ოპოზიციისა და უმრავლესობის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი ისტორიული ნაგებობის რეკონსტრუქციის პროექტში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის პროცენტული მაჩვენებელია. ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ პროცენტული მაჩვენებელი კანონში აისახოს. პროექტის ავტორები კი ამტკიცებენ, რომ წილობრივი მონაწილეობის საკითხი თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. ნოდარ გრიგალაშვილის კომენტარი:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] ”თუ ჩვენ წილობრივ მონაწილეობას კანონით განვსაზღვრავთ...”

კიდევ ერთი საკითხი, რაც ”ინტერფრაქციული ჯგუფის” სხდომებზე აქტიური განხილვის საგანს წარმოადგენს, უკანონოდ აგებული თუ პრივატიზებული უძრავი ქონების საკითხია. როგორც ჩანს, ამ პრობლემის ირგვლივ მხარეებმა კონსენსუსის გამონახვა მოახერხეს. დავით ზურაბიშვილს მოვუსმინოთ:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”ჩვენ ეს საკითხებიც დავსვით...”

ოპოზიცია, ჩამორთმეული თუ დანგრეული ქონების კომპენსაციის გარდა, საკუთრების სრულ ამნისტიასაც მოითხოვს.
XS
SM
MD
LG