Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის სამთავრობო კაბინეტს ნათესავებით აკომპლექტებს


ჩეჩნეთის რესპუბლიკის ახალმა ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გადაწყვიტა, არ დაელოდოს 5 აპრილს - პრეზიდენტად კურთხევის ოფიციალური ცერემონიის თარიღს

- და ახლავე დაასახელოს მთავრობის კაბინეტის შემადგენლობა. ვინ არიან ეს ადამიანები? რა აერთიანებთ მათ?

მთავარი, რაც ჩეჩნეთის ახალი კაბინეტის წევრებს აერთიანებს, რამზან კადიროვისადმი ლამის ბრმა ერთგულებაა. არადა, ზოგი მათგანი არცთუ შორეულ წარსულში მეამბოხეთა მხარეს იბრძოდა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის. დღეს ეს ხალხი მთავრობაში მათს გვერდით იკავებს ადგილს, ვინც იმთავითვე კრემლის მომხრე იყო და მეამბოხეებს დაუნდობლად ებრძოდა.

ახლა ერთნიც და მეორენიც მხარში უდგანან 30 წლის რამზან კადიროვს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა 1 მარტს წამოაყენა ჩეჩნეთის პრეზიდენტობის კანდიდატად. მეორე დღეს ვლადიმირ პუტინის წინადადება ჩეჩნეთის პარლამენტმა დაამტკიცა. მანამდე კადიროვი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო და პრეზიდენტ ალუ ალხანოვის გადადგომის შემდეგ მცირე ხნით პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა.

პოლიტიკური კარიერის კიბეზე რამზან კადიროვის აღმასვლა მოულოდნელი არ ყოფილა. მისი მომხრეები კადიროვის გაპრეზიდენტებას მოუთმენლად ელოდნენ, მოწინააღმდეგეები კი მის დაწინაურებას შეშფოთებით, ან სულაც შიშით ადევნებდნენ თვალს. რატომ შიშით?

ბოლო წლებში რამზან კადიროვი სათავეში ედგა "კადიროველებად" ცნობილ არმიას, რომელმაც სახელი გაითქვა არა ბრძოლის ველზე მოპოვებული წარმატებებით, არამედ იმით, რომ დაუნდობლად უსწორდებოდა მოწინააღმდეგეებს, იტაცებდა და აწამებდა მათ, განსაკუთრებით ურჩებს კი ხოცავდა.

მაშ რატომ უჭერს მხარს კრემლი ადამიანს, რომელმაც ასეთი მეთოდები თავისი საქმიანობის ორგანულ შემადგენლად აქცია? რატომ უწყობს ხელს ისედაც დიდი გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებაში?

ჩეჩენი პოლიტოლოგი რუსლან მარტაგოვი, რომელიც 90-იან წლებში პრომოსკოვური ადმინისტრაციის მრჩეველი იყო, ამ შეკითხვებს ასე უპასუხებს:

[რუსლან მარტაგოვის ხმა] "მიზეზები ნათელია. თუ მთელი ჩეჩნეთი ერთი ადამიანის ხელში იქნება, ისინი რესპუბლიკას ისე მოექცევიან, როგორც მოესურვებათ, და როგორც ამას საჭიროება მოითხოვს. ხალხს მართლაც რომ მისცემოდა თავისი ლიდერის არჩევის საშუალება, ის ერთ ოჯახად შეიკრებოდა. მაგრამ როცა რესპუბლიკის სათავეში ისე სვამენ ვიღაცას, რომ ხალხს არაფერს ეკითხებიან, მათთვის ასეთი რესპუბლიკის მოსპობა ან დაშინება გაცილებით უფრო იოლი ხდება."

ახალ კაბინეტს სათავეში ჩაუდგება 41 წლის ოდეს ბაისულთანოვი, კადიროვის ბიძა, რომელსაც აქამდე ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. გროზნოს მერად კადიროვმა დანიშნა თავისი ახლო მეგობარი მუსლიმ ხუჩიევი, რომელიც, ამავე დროს, აჰმად კადიროვის სახელობის საქველმოქმედო ფონდის ვიცე-პრეზიდენტია (გათვითცნობიერებულ მსმენელს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ 2004 წელს მოკლული აჰმად კადიროვი - რამზანის მამა - ჩეჩნეთის პრეზიდენტი იყო).

მთავრობის სხვა მაღალჩინოსნების ჩამოთვლა არ ღირს. თითქმის ყველა მათგანი ან რამზან კადიროვის ნათესავია, ან ახლო მეგობარი. ასეთი ერთგული ხალხის ერთ გუნდად შეკვრა, ზოგი ექსპერტის აზრით, სულაც არ არის უხიფათო მოსკოვისთვის. აი, მაგალითად, რას ფიქრობს მოსკოველი პოლიტოლოგი სერგეი გრიგორიანცი:

[სერგეი გრიგორიანცის ხმა] "მოსკოვი სულაც არ არის დარწმუნებული, რომ კადიროვი - რომელიც, კაცმა რომ თქვას, ჯერ სრულიად ახალგაზრდაა - არ ისარგებლებს თავისი ძალაუფლებით, რათა მოსკოვთან ყველა კონტაქტი გაწყვიტოს."
XS
SM
MD
LG