Accessibility links

logo-print

მიღწეულია შეთანხმება ირანის მიმართ ახალი სანქციების შესახებ


ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხუთშაბათს დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ მიაღწიეს შეთანხმებას

ირანთან დაკავშირებით ახალი რეზოლუციის ტექსტის შესახებ. რეზოლუცია ითვალისწინებს ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას, ვინაიდან იგი უარს ამბობს ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე. ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ თეირანი გააგრძელებს ამ პროგრამას, რომელიც, მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოებისთვის არის გამიზნული.

მიუხედავად იმისა, რომ თეირანი საპირისპიროს ამტკიცებს, დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს.

23 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ ზომიერი სანქციები დაუწესა ირანს ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე უარის გამო.

ახალი სანქციები, რომლის პროექტზეც შეთანხმდნენ ექვსი სახელმწიფოს წარმომადგენლები, მოგზაურობაზე შეზღუდვებს გაავრცელებს ირანის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებზე, თეირანს აუკრძალავს კონვენციური იარაღის ექსპორტს, გაყინავს იმ ფირმებისა და კერძო პირთა უცხოურ საბანკო ანგარიშებს, რომლებიც ირანის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებთან არიან დაკავშირებული და უცხო ქვეყნებს მოუწოდებს, სესხები არ მისცენ თეირანს.

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით. მთავარი დაბრკოლება იყო ის, რომ ჩინეთსა და რუსეთს არ სურთ თეირანის ძალიან მკაცრად დასჯა. ორივეს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვს ირანთან.

გაეროში შეერთებული შტატების ელჩის, ალეხანდრო ვოლფის თქმით, ვაშინგტონი რეზოლუციის უფრო მკაცრ ტექსტს უჭერს მხარს, მაგრამ მაინც დამაკმაყოფლებლად მიაჩნია იგი კონსენსუსის აუცილებლობიდან გამომდინარე.

[ვოლფის ხმა] "მთავარი ყურადღება ექცევა იმას, რომ ირანმა შეწყვიტოს ბირთვული საწვავის გამდიდრებასთან დაკავშირებული საქმიანობა. თუკი ამ პროცესს შეწყვეტენ და ეს დადასტურდება, მის წინააღმდეგ ზომები შეწყდება. მთავარი მიზანი, პრიორიტეტი, არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება და ამ საკითხის პოლიტიკურად მოგვარება."

გაეროში სამხრეთი აფრიკის ელჩმა დუმისანი კუმალომ, რომელიც ამ თვეში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს, საბჭოს დანარჩენი ათი არამუდმივი წევრის პოზიცია გამოხატა და თქვა, რომ მათ მხოლოდ მეთვალყურეთა როლი ეკისრებათ ამ საკითხის გადაწყვეტისას.

[კუმალოს ხმა] "ჩვენ წავიკითხავთ დოკუმენტს, ყურადღებას მივაქცევთ იმ ნაწილებს, რომლებიც ეხება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ აგრეთვე იმას, თუ რამდენად იცავს იგი ირანის უფლებას, მშვიდობიანი მიზნებით ისარგებლოს ბირთვული ენერგიით. ასევე იმედი გვაქვს, რომ ეს დოკუმენტი დაიცავს გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს უფლებასაც, ვინაიდან ისინი არიან ამ სფეროს ექსპერტები."

უშიშროების საბჭოში გამართული კონსულტაციების შემდეგ ხუთშაბათს ნიუ იორკში გამოვიდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი დომინიკ დე ვილპენი და თქვა, რომ თუკი ირანი დაჰყვება უშიშროების საბჭოს მოთხოვნას, სანქციები შეიძლება მოიხსნას და ირანი ძალიან მომგებიანი ეკონომიკური პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდება.

რეზოლუციის პროექტის ტექსტი უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს დაეგზავნათ. დეტალებს ექსპერტები ათანხმებენ. ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დაწყების წინ შეთანხმდნენ, რომ სანქციები ეტაპობრივად გამკაცრდება. ამით ირანს საშუალება ეძლევა, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. რეზლუციას მომავალ კვირაში უყრიან კენჭს.
XS
SM
MD
LG