Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მიმოხილვა


მიმდინარე კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც ეკონომიკის ექსპერტები ცალსახად პოზიტიურად გამოეხმაურნენ,

პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენება იყო. და რამდენადაც განსხვავებული იყო სააკაშვილის გამოსვლის პოლიტიკური ნაწილის შეფასებები, იმდენად ერთნიშნად მოწონებული აღმოჩნდა მთელი პოლიტიკური სპექტრის მხრიდან მოხსენების ეკონომიკური ასპექტები. პრეზიდენტმა პირველად თავის წლიურ მოხსენებაში, სადაც, განვლილი პერიოდის ანგარიშთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, სააკაშვილის წინადადებით, 2008 წლიდან მოგების გადასახადმა 5%-ით _ 20%-დან 15%-მდე - უნდა დაიკლოს, 12%-იანი საშემოსავლო და 20%-იანი სოციალური გადასახადები კი უნდა გაერთიანდეს და მათი ჯამური ტვირთი 32%-დან 25%-მდე შემცირდეს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა მოითხოვა გლეხებისთვის იმ 85-მილიონიანი მიწის გადასახადის ჩამოწერა, რომელიც ბევრ ფერმერს გაკოტრებით ემუქრებოდა. თუ ამ იდეამ საბოლოოდ კანონის სახე მიიღო, 5 ჰექტარამდე მიწის მფლობელებს ეს გადასახადი აღარ დაერიცხებათ. საგადასახადო სფეროში, განაკვეთების შემცირების გარდა, სააკაშვილმა საგადასახადო დავების შემსწავლელი კომისიის შექმნის იდეაც წამოაყენა, რომლის გადაწყვეტილებაც დავებში საბოლოო იქნება, საქმეებს კი ევროპიდან მოწვეული მოსამართლეები განიხილავენ.
იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურ სტატისტიკას 2006 წლის შედეგები ჯერ არ შეუჯამებია, პრეზიდენტმა ეკონომიკური ზრდის წლიურ მაჩვენებლად უკვე გამოაცხადა, დაახლოებით, 10%. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, სააკაშვილის მოლოდინით, წლის ბოლოსთვის საქართველო დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ნუსხიდან საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადაინაცვლებს, 2010 წლისთვის უმუშევრობის პრობლემა აღმოიფხვრება, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი დღევანდელს ორჯერ გადააჭარბებს და 8 მილიარდ ლარს მიაღწევს.
თავის მიმართვაში პრეზიდენტს არც ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მოხმობა დავიწყებია, რომლის მიხედვითაც ყველაზე დიდ პრობლემად საქართველოს მოსახლეობას უმუშევრობა მიაჩნია, ნდობის რეიტინგში მეხუთე ადგილს ეკონომიკური პროფილის უწყება _ ეროვნული ბანკი - იკავებს, ქვეყნის მოსახლეობის 95% კი ამტკიცებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ქრთამი არავისთვის მიუცია.
პრეზიდენტის ამ გამოსვლის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ქრთამის საყოველთაო აღებმიცემობის ისტორია იხილებოდა. ორი მოსამართლიდან ერთი ქრთამის მიმცემი 12 მეწარმის, მეორე კი ქრთამის ამღები 19 საგადასახადო ინსპექტორის საქმეს სწავლობდა. საბოლოოდ, 31-ვე ეჭვმიტანილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ასეთი აღმოჩნდა თვე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარე ოპერაცია “მარცხენა ჯიბის” შედეგი, რომელმაც საპატიმროებში 3 ათეულზე მეტი ადამიანი გაამწესა, ბიუჯეტს კი ოპერაციისას ამოღებული 50 ათასი დოლარი და 105 ათასი ლარი შესძინა. დაკავებულთა შორის გლდანის, ლილოსა და ელიავას ბაზრობების, ასევე მაღაზიების “ჯორდანოს”, “ადიდასისა” და “ნაიკის” და თბილისის მეოთხე პურის ქარხნის მეპატრონეები არიან. პარალელურად, როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ განაცხადა, პასუხისგებაში კიდევ რამდენიმე მეწარმე მიეცემა, კიდევ რამდენიმე ბიზნესმენზე კი ძებნა გამოცხადდება.
დაპატიმრებებს ელიან თავდაცვის სამინისტროშიც. კონტროლის პალატამ დაადასტურა გენერალური ინსპექციის მიერ მოძიებული მასალების უტყუარობა და უწყებიდან გაფლანგულად 75 მილიონი ლარი მიიჩნია. ამ მასალების საჯაროდ გამოტანა კონტროლის პალატაში სამწუხარო ამბავს დაემთხვა: მისი თავმჯდომარე ზურაბ სოსელია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. შესაბამისად, ერთ-ერთ საკვანძო მაკონტროლებელ უწყებაში ვაკანსია გაჩნდა, რომლის შევსებაზეც პარლამენტმა უახლოეს ხანებში უნდა იზრუნოს.
მიმდინარე კვირას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა, როგორც მოსალოდნელი იყო, დადებითი დასკვნა მისცა ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის მშენებლობის ხელშეკრულების რატიფიცირებას. ამ პროექტში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გარდა, ყაზახეთის შესაძლო ჩართვაზე პრეზიდენტები სააკაშვილი, ალიევი და სეზერი 25 მარტს იმსჯელებენ. ეს ბაქო-თბილისი–ერზერუმის გაზსადენის ოფიციალურ პრეზენტაციაზე მოხდება.
საქართველოს მთავრობის ვარაუდით, ამ არხით თვის ბოლოდან უნდა დაიწყოს ბუნებრივი აირის უფრო დაბალფასიანი, 55 დოლარად ღირებული, ნაკადის შემოსვლა. პარალელურად, “აზერიგაზში” იუწყებიან, რომ საქართველოს ჯერ არ მიუმართავს მათთვის წლის მეორე კვარტალში 120 დოლარად ღირებული ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის გაგრძელების თაობაზე. შესაბამისად, ეს ეტაპი ჯერ გასავლელია. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს პროცესი უახლოეს ხანებში დასრულდება, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდება გაზის ბალანსი და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიაც მის ახალ სამომხმარებლო ტარიფს საბოლოოდ დაადგენს.
გაზის თემის პარალელურად, ენერგეტიკულ სექტორში ნავთობმოპოვების საკითხიც გააქტიურდა. შავი ზღვის შელფის საქართველოს მონაკვეთზე ძიებითი სამუშაოების უფლების მქონე კომპანია “ანადარკო” ქმნის კონსორციუმს ბურღვითი სამუშაოების დასაწყებად. კონსორციუმმა აჭარის, სამეგრელოსა და, ნაწილობრივ, აფხაზეთის შელფი უნდა მოიცვას. თუ ნავთობის რეალური მარაგები პროგნოზული მოცულობის შესაბამისი აღმოჩნდა, “ანადარკოს” წილი ქართული ნავთობის მოპოვებაში საგრძნობლად გაიზრდება. სადღეისოდ ამ ბაზარზე ბადალი არ ჰყავს კომპანია “კანარგოს”, რომლის წილადაც საქართველოში მოპოვებული ნავთობის 60% მოდის.
ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ დაიწყებს “ანადარკო” ბურღვით სამუშაოებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ მხრივ ის უკონტროლო ტერიტორიაზე პირველი ნავთობკომპანია იქნება. მანამდე იქ მხოლოდ ბანკები იყვნენ ფეხმოკიდებული - კერძოდ, რუსული ბანკები, რომელთა ნაწილიც ამიერიდან შავი ფულის გარეცხვის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის _ FAთF-ის შესწავლის საგანი გახდება. ამ თხოვნით მას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმართა და თანხმობაც მიიღო.
აფხაზური საბანკო სექტორისგან განსხვავებით, რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “ვიმპელკომი” საქართველოში სავსებით ლეგალურად შემოვიდა. მის საქმიანობას სტარტი მიმდინარე კვირას მიეცა და პირველივე ნაბიჯი რევოლუციური აღმოჩნდა. ქსელის შიდა ზარებზე ტარიფი მხოლოდ 2 თეთრი იქნება, რაც კონკურენტების ფასზე 11-ჯერ ნაკლებია. მართალია, ამ სიკეთით სარგებლობა ჯერ მხოლოდ თბილისელებს და რუსთაველებს შეეძლებათ, ეს ტარიფი კი მარტო 15 მაისამდე იმოქმედებს, მაგრამ სიახლემ უკვე უზრუნველყო რიგები “ბილაინის” მომსახურების ოფისებთან. კონკურენტ “მაგთის” ჯერ საპასუხო ნაბიჯი არ გადაუდგამს. არც კონკურენტ “ჯეოსელს”, რომელსაც გაცილებით უფრო სასიამოვნო ამბავი ჰქონდა – მან ბაზარზე მოღვაწეობის 10 წლისთავი იზეიმა.
ასეა თუ ისე, ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი უცხოური კომპანია დაფუძნდა. სტატისტიკამ კი ცხადყო, რომ სწორედ მსხვილი კომპანიების წილია ქართულ ეკონომიკაში ყველაზე დიდი. ისინი მთელი ბრუნვის 72,5% უზრუნველყოფენ.
ასეთი კომპანიების ნუსხას მიმდინარე კვირას კიდევ ერთი, “ევორდ კაპიტალი”, შეემატა, რომელმაც ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პირველ პროექტში გაიმარჯვა. “ევორდი” თბილისსა და საქართველოს 15 რეგიონში სულ 16 საავადმყოფოს ააშენებს. სანაცვლოდ კი თბილისის ცენტრში, ვერაზე, ორ შენობას _ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციისა და ფაღავას სახელობის პედიატრიის ინსტიტუტებს მიიღებს. “ევორდი” უკვე აშენებს რამდენიმე შენობას სწორედ ამ უბანში. ყოფილი “იმელის” შენობაში სასტუმროს მშენებლობა და მასში საერთაშორისო ოპერატორის, “კემპინსკის”, შემოყვანაც მან უნდა უზრუნველყოს. შესაბამისად, უახლოეს ხანებში ეს კომპანია თბილისის ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური უძრავი ქონების რესურსის მფლობელი გახდება.

XS
SM
MD
LG