Accessibility links

დასავლეთის პრესა საქართველოზე


გასულ კვირაში საქართველოს თაობაზე ცნობები დასავლეთში არ ამოიწურებოდა მხოლოდ კოდორის ხეობაში




ერთი კვირის წინ მომხდარი ინციდენტით, როცა არეალში ღამით ბომბები ჩამოყარეს. გაგაცნობთ “ნიუ იორკ ტაიმსში” 14 მარტს დაბეჭდილ წერილს, რომელიც გაეროს წარმომადგენლებს იმოწმებს, როცა ამ ჭურვების წარმომავლობასა და მათ გამტყორცნ საფრენ აპარატზე წერს. სტატია იწყება ინფომაციით, რომ გაეროს სამეთვალყურეო მისიამ დაიწყო გამოძიება სამშაბათს კოდორის ხეობაში სამი სოფლის დაბომბვის გარშემო. იქვე წაიკითხავთ, რომ წინასწარი საბუთებით, ალბათ, მომხდარი რუსეთის სამხედრო შვეულმფრენებს უნდა მიეწეროს. სტატიაში აღწერილია ვითარება ამ რეგიონში და მკითხველისთვის განმარტებულია, რომ რუსეთისა და სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის - მიერ უარყოფილი იქნა ამ თავდასხმაში მათი მონაწილეობა. სტატიის ავტორი იუწყება, რომ აშშ-ის მთავრობამ დაგმო კოდორის ხეობის სოფლების დამომბვა და რომ თბილისიცა და ვაშინგტონიც გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებენ დეტალებზე ლაპარაკისაგან.
გარდა იმისა, რომ თავდასხმაში რუსეთის წარმოების “მი -24” -ის ტიპის შვეულმფრენები მონაწილეობდნენ, “ნიუ იორკ ტაიმსის” სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ აჟარას, ჩხალთასა და გენწვიშს, შესაძლებელია, ხმელეთიდანაც ესროლეს. სტატიაში ნათქვამია, რომ გაერომ ჯერჯერობით არ ისურვა კომენტარი გაეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე მეტყველებდა ჭურვების მიკვლეული ნამსხვრევები, რადგან გამოძიების დასრულებას ელიან. სტატიაში ბოლოს ისიცაა ნათქვამი, რომ გამოძიების ჯგუფში შედიან აფხაზეთის, საქართველოსა და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები.

საინტერნეტო გამოცემა “იურეიშა ვიუ” საქართველოს მრეწველობის შესახებ წერს რუსთავის მაგალითზე. დასაწყისში ის ამ ქალაქის - მისი მეტალურგიული ქარხნის - ისტორიაზე აუწყებს მკითხველს და განუმარტავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას ამ ქალაქის ფუნქციის დაკარგვაც მოჰყვა. ახლა კი იმ პირებს, ვისაც სტატიის ავტორი ესაუბრა, უთქვამთ, რომ ქალაქი კვლავ აღორძინებას - ახალი პროექტების განხორციელებასა და ინფრასტრუქტურის შექმნას - იწყებს.
გაზეთი აღწერს ბოლო წლებში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებულ მოვლენებს, წერს იმაზე, თუ როგორ მოხდა ქარხნის ხელახლა გახსნა და როგორ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სრულყოფილად ად ამოქმედდა. “იურეიშა ვიუს” საქართველოს ერთი გაზეთიდან მოჰყავს ცნობა, რომ 2006 წელს, გახსნის შემდეგ, რუსთავის ქარხანამ შეწყვიტა წარმოება. საინტერნეტო გამოცემა ტელეფონით დაჰკავშირებია რუსთავის ქარხნის ხელმძღვანელს, რომელსაც უთქვამს, ქარხნის მხოლოდ მცირე ნაწილი მუშაობს, დანარჩენი კი აღდგენის სტადიაშიაო. გამოცემას მოჰყავს რუსთავის მერის სიტყვებიც, ქარხანა სრულად რომც ამუშავდეს, ქალაქის უმუშევართა პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებსო. გამოცემაში მოყვანილია აგრეთვე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს”, წარმომადგენლის ნათქვამი, რომლის თანახმადაც, რუსთავის ხელისუფლებას, სხვათა შორის, წარმატებისთვის მიუღწევია მცირე მეწარმეებისთვის ხელშეწყობის საქმეში, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა ქალაქისთვის, რომელიც გოლიათი დამსაქმებლის, მეტალურგიული ქარხნის, ამუშავებას მოელის.
“ვაშინგტონ პოსტი” აქვეყნებს სტატიას მინერალური წყლის, “ბორჯომის”, შესახებ. წერილის თავშივე წაიკითხავთ, ეს წყალი რუსეთის მოქალაქეთა სასმელი იყოო ათწლეულების განმავლობაში, ახლა კი, როცა რუსეთმა საქართველოდან მისი შეტანა აკრძალა, ამ ბაზრის შევსებას სხვადასხვა ფირმები ცდილობენო. გაზეთის თანახმად, ბაზარზე ნახავთ სხვა სასმელებს, რომლებსაც მსგავსი გემო და იგივე იარლიყი აქვთ, რაც ნამდვილ “ბორჯომს”. გაზეთის თანახმად, “სოლიარის აკვას” გენერალურ დირექტორს“ბორჯომის” წარმომადგენელთა პირად საქმედ მიაჩნია, თუკი ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსებაა მისი ფირმის მიერ წარმოებულ სასმელსა და “ბორჯომს” შორის. ამ ფირმამ შარშან დაიწყო “ბორჯომის” ტიპის მინერალური წყლის წარმოება და “ბორჯომის” ტიპის ბოთლებში ჩამოსხმა. წყალი სადღაც რუსეთის სამხრეთიდანაა.“ვაშინგტონ პოსტის” სტატიის თანახმად, “ბორჯომი” მოსკოვის სასამართლოში უჩივის კიდევ ყალბი “ბორჯომის” ერთ მწარმოებელს, “რუსკი ბორჯომს”, რომელიც თავის მინერალურ წყალს უწოდებს “ბორჟომ”-ს, რუსულ ყაიდაზე, ცარიზმის დროინდელ სტილში, ქართული სახელობითი ბრუნვის ნიშნის გარეშე.
გაზეთი წერს ცოტა უფრო ქვემოთ, რომ აკრძალვამდე რუსეთი წელიწადში 75 მილიონ ლიტრ “ბორჯომს” ყიდულობდა და, შესაბამისად, მინერალური წყლის ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო.
XS
SM
MD
LG