Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეშფოთება და შეკითხვები, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით დატოვა კოდორის დაბომბვამ


განვლილი კვირის ყველაზე დრამატული ეპიზოდი,

11 მარტის კოდორის ხეობის მოულოდნელი საავიაციო დაბომბვა, კვლავ ბურუსით არის მოცული და არ ჩამოდის ქართული პრესის ფურცლებიდან. შესაბამისად, ამ ინციდენტს გვერდი არც საქართველოს პრეზიდენტმა აურა თავის ყოველწლიურ შემაჯამებელ მოხსენებაში, თუმცა ქვეყნის მთავარსარდალი უკვე აღარ იყო ისეთი კატეგორიული, როგორიც შარშან, როდესაც საქართველოს დაბომბვის მსურველებს სასტიკი ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. მეტიც, გასულ კვირაში ხელისუფლების ზოგიერთმა შეუსაბამო განცხადებამ კვლავ დააფიქრა ექსპერტები უსაფრთხოების სისტემის მზადყოფნასა და ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, ადეკვატური პასუხი გასცეს საშიშ სამხედრო პროვოკაციას ქვეყნის ყველაზე უფრო მგრძნობიარე უბანზე. დღევანდელ სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა ზოგიერთ ამ შეუსაბამობაზე გავამახვილო ყურადღება.

საქართველოს პრეზიდენტი თავის ყოველწლიურ ანგარიშში მოსახლეობას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებაც აბარებს პატაკს. გაწეული დაფინანსება და პროგრამები ციფრებში შთამბეჭდავად გამოიყურება. შესაბამისად, უმაღლესი მთავარსარდალიც ყოველწლიურად ხმას უმატებს, როდესაც ქვეყნის პოტენციური მტრების ავ ზრახვებზე საუბრობს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”რაღაცა დიდი ხანია აღარავინ ამბობს, რომ საქართველო უნდა დაბომბონ. აღარ გახსოვთ, რომ სამი-ოთხი წლის წინათ ამ რუტინულ განცხადებას დღეგამოშვებით აკეთებდნენ: ჩვენ წავალთ და დავბომბავთ, განვახორციელებთ პრევენციულ დარტყმას. იცით რატომ აღარ ამბობენ? დაგვბომბავენ და კარგ ჩიტსაც დაიჭერენ და კარგადაც მოხვდებათ ცხვირში. ”ლაგატკების” მსროლელი მინისტრები ჩაბარდნენ წარსულს, ახლა აქ არის ოქრუაშვილი, რომელიც ცოტათი უფრო სერიოზული პოლიტიკის გამტარებელია.” (სტილი დაცულია)

განაცხადა შარშან, 14 თებერვალს, თავის რიგით მეორე ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოს პრეზიდენტმა. თუმცა გასული წლის ბოლოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ”ლაგატკების” მსროლელი სხვა კოლეგების მსგავსად, თანამდებობა დატოვა, მაგრამ შეიარაღებაში დარჩა მისი მინისტრობის დროს შეძენილი ის თანამედროვე ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის ტექნიკა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო საქართველოს საჰაერო სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილის დაცვა, მათ შორის, ზემო აფხაზეთში, კოდორის ხეობაში, სადაც შარშანდელი ივლისის შემდეგ ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების ამოქმედებამ ძალიან გააღიზიანა თვითგამოცხადებული აფხაზეთის მთავრობა და მისი მხარდამჭერი რუსეთის რეაქციული ძალები. მათ მიმხრობილი საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, მეამბოხე ემზარ კვიციანი კი, რუსულ ენაზე გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში შარშან, ნოემბერში, საქართველოს ხელისუფლებას უკანასკნელ გაფრთხილებას აძლევდა:

[ემზარ კვიციანის ხმა] ”მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ არ დაფრინავდნენ ეს ვერტმფრენები, რომლებმაც, მართალია, ბოლო ხანს შეწყვიტეს ფრენა. და რატომღაც მერაბიშვილმა უკვე შემოიტანა კოდორში ”ბურანები”, რადგან, უეცრად თუ გზა არ იქნება, იგი თითონ გაიქცევა, თავის მეთაურებთან ერთად, თქვენ კი დაგტოვებენ. ამიტომ გაფრთხილებთ, წადით, ნუ უსმენთ ამ ანტიქართულ ხელისუფლებას. წადით, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ, შესაძლოა, გაფრთხილება აღარ იყოს.”(სტილი დაცულია)

მაგრამ ემზარ კვიციანს ეს მუქარა ზამთარში არ განუხორციელებია. მთელი ზამთრის განმავლობაში კოდორის ხეობაში არ გამოჩენილა არც აფხაზური და არც რუსული ქვეითი ძალა ან ავიაცია. ამიტომ, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ოპერატიულად არის პასუხისმგებელი ზემო აფხაზეთის უსაფრთხოებაზე, ყურადღება მოადუნა. ყოველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგეს, რომელმაც 11 მარტს კოდორის ხეობაზე საავიაციო იერიში მიიტანა, იქ არავითარი დაბრკოლება არ შეხვედრია. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ცნობით, ხეობა თითქმის ერთი საათის განმავლობაში იბომბებოდა. იერიშში მონაწილეობას ღებულობდა ექვსი ვერტმფრენი. დაიბომბა ლეგიტიმური ხელისუფლების ოფისი, სკოლა და პოლიციის შენობა აჟარასა და ჩხალთაში. მოსახლეობამ თავი ტყეს შეაფარა. ამ დაბომბვის შედეგად, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სტრატეგიული ხეობის დაცულობა და შესაბამისი ორგანოების კოორდინაცია. აი, რა განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან”საუბარში:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ არის ნორმალურად ორგანიზებული აქ არც სადაზვერვო საქმიანობა და არც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. რადგან ნებისმიერი თავდასხმა ჰაერიდან ხორციელდება, ეს ყველასთვის ცნობილია და ამას ყოველთვის უნდა მოელოდე.”(სტილი დაცულია)


არადა, სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, მთაგორიან კოდორის ხეობაში განადგურება ვერტმფრენისა, რომელიც მხოლოდ გარკვეულ სიმაღლეზე მანევრირებს, დაუძლეველ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს და მის ჩამოსაგდებად რაღაც ზებუნებრივი იარაღი სულაც არ არის საჭირო:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”ნებისმიერი იარაღი, დაწყებული ავტომატიდან და დამთავრებული ტყვიამფრქვევით... ჩეჩნეთში თვით ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებსაც ხმარობენ.”

თუმცა პრეზიდენტის 15 მარტის ყოველწლიურმა ანგარიშმა ცხადყო, რომ პრობლემა ყოფილა არა ვერტმფრენების ჩამოგდების სირთულეში, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ გვქონდა ”რაგატკები” და ახლა გვაქვს საჰაერო დაცვის სისტემები. მაშინ სათანადო პასუხის გაცემა იყო ტექნიკურად შეუძლებელი. ახლა ეს არის, მე მინდა ყველამ გაიაზროს, ეს არის არა ტექნიკური საშუალებების საკითხი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების თემა.”

მაგრამ თუკი ”პოლიტიკური გადაწყვეტილების” არსი იმაშია, რომ ყველაზე მგრძნობიარე ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზემო აფხაზეთშიც კი ადეკვატური პასუხი არ გაეცეს მომხდურის ავიაციას, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, ქვეყანას ”რაგატკებით” შეიარაღებული არმია ეყოლება თუ - ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით? და კიდევ: თუ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ სურდა პროვოკაციაზე წამოგება, მაშ რა მიზნით გაიგზანა ზემო სვანეთში, დაბომბვიდან რამდენიმე წუთში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვერტმფრენები, თანაც ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში, რასაც ერთ-ერთი საფრენი აპარატის კატასტროფა და მთელი ეკიპაჟის დაღუპვა მოჰყვა?

ეს არის შეკითხვები, რომელიც საზოგადოებას კოდორის ინციდენტის შემდეგ გაუჩნდა და რაზეც ამომწურავი პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია, ისევე როგორც დღემდე ბუნდოვანია ანატომია კოდორის ხეობასთან დაკავშირებული სხვა ინციდენტებისა, როგორიცაა რუსლან გილაევის რაზმის რეიდი 2002 წლის შემოდგომაზე, გაეროს ვერტმფრენის ჩამოგდება იმავე წელს და ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის, შარშანდელი ამბოხი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG