Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


ყოველკვირეული პროგრამა

[ნაირა გელაშვილის ხმა] ”მარტივი მსოფლმხედველობა ჩამომიყალიბდა ამ ბოლო დროს - როცა კარგ ხალხს ერთად ვხედავ, იმედი მემატება, ბევრ ცუდს - იმედი მეკარგება.”

ასე დაიწყო ახალი რეგიონალური საზოგადოებრივი ჟურნალის, ”ჩვენი სოფლის”, პრეზენტაცია ”კავკასიური სახლის” დირექტორმა ნაირა გელაშვილმა. სწორედ აქ დააფუძნეს ეს ახალი ჟურნალი თანამოაზრეებმა, ”კავკასიური სახლის” თანამშრომლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციას გამოკვეთილი რეგიონალური მიმართულება არასდროს ჰქონია, აქ ყოველთვის გამოხატავდნენ წუხილს დღევანდელ ქართულ სოფელში შექმნილი მდგომარების გამო. ნაირა გელაშვილმა გვიამბო, როგორ მიმართა 8 წლის წინ ”კავკასიური სახლის” დირექციას სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის მოსახლეობამ: მანდ, ”კავკასიურ სახლში” რომ აქტიურობთ, ცოტა ჩვენს სოფელსაც მოხედეთო. იმ დროს თითქმის სრულიად გაწყვეტილი იყო კავშირი დედაქალაქსა და სოფელს შორის. თუმცა, ნაირა გელაშვილის თქმით, ეს კავშირი არც მას შემდეგ აღდგენილა:

[ნაირა გელაშვილის ხმა] ”ყველამ, ვისაც სინამდვილის აღქმის უნარი არ დაუკარგავს, იცის, რომ დღეს რეალურად საქართველოში სოფელი თვალსა და ხელს შუა ქრება. ის, რასაც ჩვენ ქართულ სოფელს ვეძახით, სულს ღაფავს. ძალიან სწრაფად გაღატაკდა ქართული სოფელი. ბავშვის კვება დღესაც პრობლემაა. რეალურად არსებობს შიმშილი.”

”კავკასიური სახლი” ნუკრიანელებს მაშინვე გამოეხმაურა - მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ფონდებს. ჰოლანდიური საერთაშორისო ფონდის, ”ჰორიზონტის”, დახმარებით, ფუნდამენტური რემონტი ჩაუტარდა სოფელ ნუკრიანის საშუალო სკოლას. უფრო მეტიც, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც დედაქალაქსა და სოფელს შორის კავშირის აღდგენაზე დაიწყო ზრუნვა:

[ნაირა გელაშვილის ხმა] ”ქვეყანა დღეს წარმოადგენს სრულიად უკავშირო სივრცეს, სადაც ხალხს ერთმანეთთან კონტაქტი არა აქვს, არ არსებობს ერთი კუთხის კონტაქტი მეორესთან. ადამიანები ფიზიკურად ვერ მიდიან ერთმანეთთან - სამეგრელო კახელისთვის უკვე ”შორეულ ქვეყნად” იქცა.”

თუმცა ეს გაწყვეტილი კავშირი, რომელიც, ნაირა გელაშვილის თქმით, მთლიანად ქართველების კულტურული იდენტურობის დაკარგვას გამოიწვევს, არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის პრობლემა. ჯერჯერობით ხალხი არაადამიანურ გარემოშიც კი ინარჩუნებს ადამიანურობას. პრობლემა ისაა, რომ სოფელი დროს ჩამორჩა, ასე ვთქვათ, ”ასცდა ისტორიას”... ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი არა ”ერთჯერადი დახმარებაა” ფქვილით და სასუქებით (თუნდაც ტრაქტორებით), არამედ, პირველ რიგში, ინფორმაციის გაცვლა ქალაქსა და სოფელს შორის:

[ნაირა გელაშვილის ხმა] ”ჩვენ შეიძლება ვასწავლოთ, როგორ იწერება პროექტი, როგორ შეიძლება მოიპოვო გრანტი, როგორ უნდა შექმნა სოფლის თემი, საინიციატივო ჯგუფები. ეს ხომ არ იციან და ადამიანები სრულიად უმწეო მდგომარეობაში არიან. აგერ ნუკრიანელები არიან აქ. 12 წელიწადი სინათლე არ ჰქონდათ, არაფერი არ იყო, მაგრამ ეს პერიოდი ხალხმა ისე გამოიარა, რომ ადამიანობა არ დაკარგულა.”

ქართულ სოფელში, რომელიც წლების მანძილზე ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე არსებობდა, ტყეები გაიჩეხა. ტყის გაჩეხამ კი, ნაირა გელაშვილის თქმით, სასიკვდილო პროცესები გამოიწვია ბუნებაში. მიწა აღარ იძლევა ნაყოფს. ახლა ამ მიწას შეიძლება თანამედროვე ტრაქტორებმაც ვერ უშველოს. ”რამდენად გრძნობს დედაქალაქი პასუხისმგებლობას სოფლის წინაშე?” - კითხულობს ნაირა გელაშვილი ახალი ჟურნალის შესავალში - რამდენად იცის, რომ ”თუ, უპირველესად, ჩვენმა სოფელმა არ მოიმარაგა და გამოკვება ჯანსაღი პროდუქტით მთელი ქვეყანა, ჩვენ უქვეყნოდ დავრჩებით?”... არადა, ”კავკასიური სახლის” დირექტორის თქმით, ქართული სოფელი მზადაა დაკარგული კავშირების აღდგენისთვის:

[ნაირა გელაშვილის ხმა] ”ამ პირობებში, როცა საპონი არა გაქვს, წყალი არა გაქვს, ერთხელ სემინარი გავმართეთ გლეხებისთვის სოფლის მეურნეობის წარმოებაზე. იცით, როგორ გალამაზდნენ, გაიპარსეს, თავს მოუარეს, ყველანაირად ეცადნენ მიეღოთ ის ფორმა, რომელიც მათთვის და სიტუაციისთვის საკადრისი იყო. ბავშვებივით ისხდნენ და იწერდნენ ყველა სიტყვას.”

ახალ ქართულ ჟურნალში აქცენტი ჯერჯერობით კახეთის რეგიონზეა გაკეთებული. თუმცა ”ჩვენი სოფლის” რედაქტორი ჰამლეტ ზუკაკიშვილი დარწმუნებულია, რომ ჟურნალის ავტორების სია გაიზრდება და ახალი გამოცემა მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის - დედაქალაქსაც. ყოველ შემთხვევაში, პირველ ნომერში მკითხველს შეუძლია გაიგოს, რას ნიშნავს სოფელი ვახუშტი კოტეტიშვილისთვის, მზია ბაქრაძისთვის, ანა კალანდაძისთვის, თენგიზ მირზაშვილისთვის, ნანა ჩაჩუასთვის.

[ჰამლეტ ზუკაკიშვილის ხმა] ”იმდენად ცოტაა ასეთი ჟურნალი საქართველოში, რომ თუ სადმე შეაღწევს ეს ჟურნალი, სხვა რეგიონებში, იქიდანაც შემოვა ჩვენთან მასალა.”


ჰამლეტ ზუკაკიშვილი განსაკუთრებით ამაყობს ჟურნალის რუბრიკით - ”ადამიანის ხმა”: ”ჩვენი სოფლის” ჟურნალისტები სოფლის მცხოვრებლებს დიქტოფონით იწერენ და ინარჩუნებენ, შეიძლება ითქვას, დღევანდელი ქართული სოფლის ლინგვისტურ პორტრეტს:


[ჰამლეტ ზუკაკიშვილის ხმა] ”უცნაური ამბავი მოხდა ამ ჟურნალის გამოცემის წინ. ერთ-ერთ მასალას, რომელსაც ”ადამიანის ხმა” ჰქვია, ასეთი სათაური აქვს: ”ნეტავ ნიკალას სიღნაღიც დაეხატა”. ეს იყო იმის ანარეკლი, რაც სიღნაღში ხდებოდა - იმ მითქმა-მოთქმის ანარეკლი, რომ სიღნაღს ელის რაღაც ცვლილებები. არ დააყოვნა ამ ამბავმა და არავინ იცის, რა აქვს ჩაფიქრებული მთავრობას, დარჩება თუ არა სიღნაღი ისეთი უნიკალური, როგორიც იყო.”

დღევანდელი ცხოვრების ენა - შეიძლება სასტიკია ან, შეიძლება, უბრალო, მაგრამ ძალიან ხშირად პოეზიის ენაა. ”პოეზიის ენაა”, მაგალითად, ”ჩვენი სოფლის” პირველ ნომერში გამოქვეყნებული, ცხინვალიდან ლტოლვილის, 50 წლის რუსიკოს, მონოლოგი. რუსიკო, ოჯახთან ერთად, ფიცრულში ცხოვრობს, ლილოს დასახლებაში. თავის მონოლოგს, გამოქვეყნებულს რუბრიკით ”ადამიანის ხმა”, ასე იწყებს: ”წუხელ წყლის რეზინის მილი ისევ გადაეხრა ვირთხას. მაგათაც შიათ, კუხნაში წყალი დამდგარიყო და გაყინულიყო...”

”ჩვენი სოფლის” გამომცემლები დარწმუნებულები არიან, რომ ეს დღევანდელი ქართული ყოფის პოეტური სახეა. სხვა საქმეა, რომ ასეთი რეალობა არ აღიბეჭდება ქართულ კულტურაში... ქართულ კულტურას, რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ დიდ ქალაქებში იქმნება, თითქოს საერთოდ არ აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ ადამიანები გარეუბნებში, როგორ ცხოვრობს ქართული სოფელი, სადაც დღესდღეობით სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალება ტელევიზორია - ისიც, ცალმხრივი ურთიერთობის საშუალება. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პრეზენტაციაზე ახალი ქართული ჟურნალის, ”ჩვენი სოფლის”, რედაქტორმა, ჰამლეტ ზუკაკიშვილმა, თავისი გამოსვლა ასე დაასრულა:

[ჰამლეტ ზუკაკიშვილის ხმა] ”გვინდა მეტი მასალა იბეჭდებოდეს სოფლის მოსახლეობის დედაქალაქის შესახებ. მათი მოლოდინი - რას მოელიან დედაქალაქისგან და რა უნდა გააკეთოს დედაქალაქმა, რომ სოფელი გამოცოცხლდეს.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG