Accessibility links

logo-print

გაერო ძირეული გარდაქმნების მოლოდინში


გასულ კვირაში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოიწონა ორგანიზაციის გარდაქმნის პროექტი, რომელიც გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ამ პოსტზე მუშაობის დაწყებისთანავე წარმოადგინა.

პროექტის პირველი ორი ნაბიჯი ითვალისწინებს განიარაღების საკითხებში უზენაესი წარმომადგენლის ოფისის შემოღებას და სამშვიდობო ოპერაციების ძირფესვიან რესტრუქტურიზაციას. მაგრამ გაეროს წევრი ქვეყნები ახალი გენერალური მდივნისგან კიდევ უფრო მეტსა და ქმედით რეფორმებს ელიან.

გაეროს გენერალური მდივნის ფუნქციების შესრულებას ბან კი მუნი სულ ორთვენახევრის წინათ შეუდგა. თავის წინამორბედთან, კოფი ანანთან შედარებით იგი გაცილებით უფრო ნაკლებად ქარიზმატული ფიგურაა და ამდენად, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავისი საქმიანობის პირველივე თვეებში ქმედითი ნაბიჯებით მიიპყროს მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება.

ახლა, მას შემდეგ, რაც 15 მარტს გენერალურმა ასამბლეამ "მწვანე შუქი" აუნთო ბან კი მუნის სარეფორმო პაკეტს, გენერალური მდივანი ვალდებულია, გაეროს და მის 192 წევრს პროექტის დეტალური ვარიანტი გააცნოს.

[ბან კი მუნის ხმა] "ამ ორი ჩარჩო-რეზოლუციის მიღებით, რომლებიც განიარაღებასა და სამშვიდობო ოპერაციებს ეხება, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ თანამშრომლობას და უფრო ეფექტიანს გავხდით ჩვენს ორგანიზაციას, რათა განვამტკიოთ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მშვიდობა და უსაფრთხოება."

ბან კი მუნის თქმით, გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სტრუქტურული გარდაქმნის საჭიროება დრომ მოიტანა. დღეისთვის გაეროს სამშვიდობო ჯარებში მოსამსახურეთა რაოდენობამ სარეკორდო მაჩვენებელს - 100 ათასს - მიაღწია და მიმდინარე წლის მანძილზე ეს ციფრი კიდევ მეტად გაიზრდება.

არსებული წესების თანახმად, გაერო ყოველ წელს თითო ახალი სამშვიდობო მისიის წამოწყების უფლება აქვს და პარალელურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მაქსიმუმ სამი ფართომასშტაბიანი სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების ნება ეძლევა. არადა, სამშვიდობო ოპერაციების საჭიროება ბოლო ხანს მკვეთრად გაიზარდა.

გარდაქმნის პროცესში გაეროს გენერალური მდივანი, როგორც თავად აცხადებს, დიდ ყურადღებას დაუთმობს ურთიერთნდობის აღდგენას ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებსა და სამდივნოს შორის - სწორედ აღდგენას, რადგან სამდივნოსა და გაეროს არაერთ წევრ ქვეყანას ბოლო წლებში, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

[ბან კი მუნის ხმა] "ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, აღვადგინოთ ურთიერთნდობა ერთი მხრივ წევრ სახელმწიფოებსა და სამდივნოს შორის, ხოლო მეორე მხრივ, თავად ორგანიზაციის წევრებს შორის. და ამ უაღრესად გამჭვირვალე კონსულტაციებით მინდა დავადასტურო, რომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას წევრ სახელმწიფოებთან მეტად გამჭვირვალე და თანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობით ვაპირებ."

გენერალური მდივნის თქმით, გარდაქმნა უნდა შეეხოს გაეროს მმართველ ორგანოს - უშიშროების საბჭოსაც.

[ბან კი მუნის ხმა] "უშიშროების საბჭოს გარდაქმნა ჩვენი ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და რთული საკითხია. პოლიტიკურ ასპარეზზე მომხდარი დიდი ცვლილებების გათვალისწინებით, აუცილებელი ხდება უშიშროების საბჭოს გაფართოება და გარდაქმნა."

უშიშროების საბჭოს გარდაქმნაზე საუბარი ახალი არ არის. ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე ხშირად საუბრობდა ბან კი მუნის წინამორბედი კოფი ანანიც.

შეგახსენებთ: უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ხუთს - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, რუსეთს, საფრანგეთსა და ჩინეთს - მუდმივი წევრის სტატუსი აქვს და ვეტოს უფლებითაც სარგებლობს. როგორც კოფი ანანი ამბობდა, ასეთი სტრუქტურა მეორე მსოფლიო ომის დასასრულის რეალობას ასახავდა და არა 21-ე საუკუნეში არსებულ ვითარებას. ამ მოსაზრებას, როგორც ჩანს, ბან კი მუნიც იზიარებს. ასე რომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ უშიშროების საბჭოს როგორც მუდმივ, ისე არამუდმივ წევრთა რიცხვი მალე საგრძნობლად გაიზრდება, თუმცა ზუსტი ციფრები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG