Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული აერობუსის პრემიერა შეერთებულ შტატებში


სამშაბათს ამერიკელებმა პირველად იხილეს მსოფლიოს უდიდესი სამგზავრო თვითმფრინავი, ევროპული წარმოების "ერბას A380 სუპერჯამბო".

ორი გიგანტური აერობუსი თითქმის ერთდროულად, თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაეშვა ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში.

მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი, ერბას A380, რომლის ფრთების საერთო სიგრძე საფეხბურთო მოედანზე დიდია, 550 მგზავრს იტევს.

ნიუ იორკში, ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში, ჩავიდა გერმანიის კომპანია "ლუფტჰანზას" მანქანა. მასში 500 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც, რომლებსაც ასევე ჰქონდათ საშუალება თვითმრინავის სრული კომფორტული სერვისით სარგებლობის საშუალება.

ლოს ანჯელესში კი რეისი შეასრულა ავსტრალიის კომპანია "კანტას ერლაინის" ავიალაინერმა. მასში მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იყვნენ.

ამ მოგზაურობის პრაქტიკული დანიშნულება ისაა, რომ სახმელეთო სამსახურები შეეჩვიონ ახალ თვითმფრინავს, შეეგუონ ასაფრენ ბილიკზე მის მანევრირებას, ტერმინალთან შეპირაპირებას და ა. შ.

ასევე შემოწმდება თავად აეროპორტის უნარი, თავი გაარვას ასობით ახალჩამოსულ მგზავრსა და უზარმაზარი მოცულობის ბარგს.

სამშაბათს "ლუფტჰანზას" ლაინერი ეწვევა ჩიკაგოს ო' ჰეირის აეროპორტს, რომელიც მსოფლიოში უდიდესია.

მაგრამ შეერთებულ შტატებში ერბას A380-ის გაფრენა არა მხოლოდ მგზავრებთან და ბარგთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმებას ისახავს მიზნად. საქმე უფრო ეხება შელახული იმიჯის გაუმჯობესების მცდელობას.

როგორც ჟურნალ "საერთაშორისო ფრენის" ტექნიკურმა ექსპერტმა, რობერტ კოპინჯერმა გვითხრა, პროდუქციის გაჭიანურებამ ავნო გიგანტური ავიალაინერის რეპუტაციას.

[კოპინჯერის ხმა] "ერბასს აშკარად აქვს იმიჯთან დაკავშირებული პრობლემები. მაგრამ, ჩემის აზრით, პროდუქციაში არსებული სირთულეები არ აისახება თვითმფრინავის საბოლოო მონაცემებზე. საცდელი ფრენის პროგრამა ძალიან კარგად წარიმართა. ასე რომ პრობლემა პი-არ-შია, თავად თვითმფრინავს კი ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს."

ეს გახლავთ თვითმფრინავი, რომლის მიზანია, თავისი უზარმაზარი მასშტაბებითა და შთამბეჭდავი სალონებით ბრწყინვალება დაუბრუნოს კომერციულ ავიაციას. მაგრამ ამ თვიმფრინავმა კინაღამ იმსხვრეპლა მთელი კომპანია.

ერბასი არის საერთოევროპული კომპანია, რომელშიც ევროპის კავშირის რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე კომპანიამ დიდ წარმატებებს მიაღწია, პირველ რიგში თავის მთავარ კონკურენტთან, ამერიკულ ბოინგთან ბრძოლაში და კომერციული თვითმფრინავების მსოფლიოში უდიდესი მწარმოებლის პოზიციები მოიპოვა.

მაგრამ ერბას A380-ის პროექტის განხორციელებისას სერიოზული პრობლემები გაჩნდა გერმანიასა და საფრანგეთს შორის ტექნიკურ პროცესებში შეუთანხმებლობის გამო.

ამის შედეგად თვითმფრინავის გამოშვება თითქმის ორი წლით შეფერხდა. ამან არაერთი ავიაკომპანია აიძულა, უარი ეთქვა შეკვეთებზე. შედეგად ერბასს ბევრად ნაკლები შეკვეთა აქვს, ვიდრე ეს საჭიროა იმისთვის, რომ პროექტმა მოგება მოიტანოს. ეს ერბასს 6,6 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

ასევე დიდი დაძაბულობა გამოიწვია კომპანიის გადაწყვეტილებამ, შეემცირებინა ათი ათასი თანამშრომელი.

ეჭვგარეშეა, ერბასი დიდ რისკზე წავიდა, როცა გიგანტური თვითმფრინავის შექმნა გადაწყვიტა. ამის საპირისპიროდ ბოინგმა აქცენტი უფრო მომცრო თვითმფრინავებზე გააკეთა და წარმატებასაც მიაღწია.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ერბასის ფილოსოფია მცდარია? რობერტ კოპინჯერი ასე არ ფიქრობს.

[კოპინჯერის ხმა] "ვფიქრობ, შორეულ პერსპექტივაში ამ სტრატეგიებით ორივე შეიძლება მოგებული დარჩეს. მართალია, ბოინგი თავისი უკანასკნელი '747-8 ინტერნეიშნელით' ერთგვარად აღიარებს იმას, რომ დიდი თვითმფრინავი სულაც არ არის ცუდი, ორივე შეიძლება მოგებული დარჩეს."

კოპინჯერის ნათქვამი ნათელი გახდება, თუ გავითვალისწინებთ ინდოეთისა და ჩინეთის უზარმაზარ ბაზრებს, სადაც ორივე დიდ კომპანიას შეუძლია დიდი მოგების ნახვა.
XS
SM
MD
LG