Accessibility links

ერაყი ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ


ოთხი წლის წინ, 2003 წლის 20 მარტს, შეერთებულმა შტატებმა ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ვაშინგტონის თანახმად, ოპერაცია მიზნად ისახავდა სადამ ჰუსეინის ჩამოგდებას, რათა ხელი შეეშალა მისთვის მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში. ეს მიზანი საკმაოდ სწრაფად იქნა მიღწეული. მაგრამ ერაყის სტაბილიზაცია ბევრად უფრო რთული ამოცანა აღმოჩნდა. მეამბოხეთა თავდასხმები, რელიგიურ ჯგუფებს შორის კონფლიქტი, მეზობელი ქვეყნების ჩარევა დღესაც სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენს.

ბიძინა რამიშვილი გადაავლებს თვალს განვლილ ოთხ წელს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2003 წლის 20 მარტს თბილისის დროით დაახლოებით დილის შვიდ საათზე ამერიკელ ხალხს ტელევიზიით ამცნო საბრძოლო კამპანიის დაწყების შესახებ:

[ბუშის ხმა] "ჩემი ბრძანებით კოალიციის ჯარებმა დაიწყეს შერჩეული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმები, რათა სადამ ჰუსეინს ომის დაწყების შესაძლებლობა მოუსპონ. ეს არის საწყისი ეტაპი უფრო ფართო მასშტაბის შეთანხმებული კამპანიისა."

საჰაერო იერიშებს სწრაფად მოჰყვა სახმელეთო ოპერაციები. შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ჯარები ქუვეითიდან შევიდნენ ერაყში.

სამ კვირაზე ნაკლებ დროში, 2003 წლის 9 აპრილისთვის, ამერიკის ჯარები ბაღდადში შევიდნენ და ერაყის დიქტატორის ძეგლი დაამხეს.

ოთხი წლის შემდეგ თავად სადამ ჰუსეინიც აღესრულა. ჰუსეინი სიკვდილით დასაჯეს, მას მერე, რაც სასამართლომ მასობრივი მკვლელობებისთვის გაასამართლა იგი.

მაგრამ მიუხედავად ამისა ერაყი ჯერაც მშვიდობის მოლოდინშია.

ჰუსეინის მომხრე მეამბოხეებმა ოკუპაციის პირველივე თვეებში დაიწყეს დივერსიული აქტები, რაც მალე პარტიზანულ ომში გადაიზარდა. ამ ომში ჩაერთნენ ალ-ყაიდა და ნაციონალისტური დაჯგუფებები.

უკანასკნელ ხანებში თავი იჩინა დესტაბილიზაციის ახალი ფაქტორმა. გამწვავდა ურთიერთობა სუნიტებსა და შიიტებს შორის. შურისძიების ძალადობრივი აქტები რუტინად იქცა მას მერე, რაც შარშან თებერვალში აფეთქება მოხდა ქალაქ სამარაში, შიიტების წმიდა ადგილზე.

დღეისთვის ვაშინგტონი ერაყის სამთავრობო ჯარებთან ერთად გაძლიერებულ ზომებს ატარებს ბაღდადსა და პროვინცია ანბარში უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

შეერთებული შტატები ეტაპობრივად გზავნის ერაყში 20 ათასზე მეტ დამატებით ჯარისკაცს იქ უკვე არსებული 130-ათასკაციანი კონტინგენტის გასაძლიერებლად.

წინასწარი მონაცემები მოწმობს, რომ ბაღდადში ეს ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს.

სამაგიეროდ გახშირდა თავდასხმები სხვა რეგიონებში.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ 12 მარტს განაცხადა, რომ ოპერაციის წარმატებისთვის დროა საჭირო.

[ჩეინის ხმა] "ერაყთან დაკავშირებით ჩვენი მიზანი კვლავაც არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს კანონის უზენაესობას, პატივს სცემს საკუთარი ადამიანის უფლებებს, ანიჭებს მათ უსაფრთხოებას და მოკავშირეა ტერორიზმის წინააღმდეგ ომში. მაგრამ საამისოდ ერაყის არჩეულ მთავრობას სივრცე და დრო ესაჭიროება შერიგებისკენ მიმართული მიზნების განსახორციელებლად. ამის გაკეთება კი შეუძლებელია ბაღდადში ელემენტარული უსაფრთხოების გარეშე."

ერაყში ვითარების გამოსასწორებლად შეერთებულმა შტატებმა სულ ბოლო ხანებში მოლაპარაკებები დაიწყო ერაყის მეზობლებთან, ირანთან და სირიასთან. ვაშინგტონი თეირანს ბრალს სდებს ერაყში შიიტური დაჯგუფებებისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების აღმოჩენაში. სირია კი, შეერთებული შტატების თანახმად, ხელს არ უშლის მისი ტერიტორიიდან ერაყში ფინანსებისა უცხოელი მებრძოლების შეღწევას.

6 მარტს ბაღდადში გაიმართა საერთაშორისო კონეფერენცია, რომელშიც შეერთებული შტატები, ირანი და სირია მონაწილეობდნენ. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ამგვარი დიპლომატია.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომლის წინაშეც დგას შეერთებული შტატების მთავრობა ერაყთან დაკავშირებით, შიდაპოლიტიკური ხასიათისაა. დემოკრატიული პარტია, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა კონგრესში, მოითხოვს ამერიკამ ერაყიდან ჯარები გაიყვანოს. ბუშის ადმინისტრაცია ამის წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ ჯარების გაყვანა გააძლიერებს მეამბოხეთა პოზიციებს.

დაბოლოს, ერაყში ოთხწლიანი ომის მანძილზე ქვეყანა დატოვა დაახლოებით მილიონ შვიდასი ათასმა ადამიანმა, ანუ მოსახლეობის 12-მა პროცენტმა. როდის შეძლებენ ეს ადამიანები შინ დაბრუნებას, ჯერჯერობით არავინ უწყის.
XS
SM
MD
LG