Accessibility links

logo-print

როგორი ლიდერი მოეწონება ქართულ საზოგადოებას


გასულ კვირაში გამოქვეყნდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა,



რომელიც მედიასაშუალებებმა საკმაოდ ვრცლად გააშუქეს. თუმცა კვლევის შედეგები იმდენად მრავალმხრივია, რომ მასში ასახული ინფორმაცია შემდგომი განსჯისკენ გვიბიძგებს. გამოკვლევაზე დაყრდნობით, მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორი პოლიტიკური ლიდერი მოეწონება ქართველ ამომრჩეველს.

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დღემდე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლიდერს და არა პარტიას, პიროვნულ ხიბლს (გნებავთ, ქარიზმას) და არა პოლიტიკურ პროგრამებს ან დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მივიღეთ და რომელიც არასდროს არავის შეუცვლია. პრეზიდენტობის პირველ ვადაში ედუარდ შევარდნაძე ცდილობდა მინისტრებისთვის პრესის მნიშვნელობა აეხსნა და მათ პერსონალურად ავალებდა გაზეთების წაკითხვას; იმავდროულად, ზურაბ ჟვანია ცდილობდა პარლამენტარიზმის კულტურა დაემკვიდრებინა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ურთიერთობების ჰორიზონტალური სტილი დაენერგა. შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ლიდერის ზეადამიანურ, ბელადურ სახეს ადამიანური ელფერი დაუბრუნა. მაგრამ ამ კანტიკუნტმა მცდელობებმა ვერ შეცვალა მთავარი ალგორითმი: ვერ შეამცირა პიროვნების როლი ინსტიტუტების როლის ზრდის ხარჯზე.

ზემოთ აღწერილ რეალობას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგიც ადასტურებს. გამოკითხულთა 54% ფიქრობს, რომ პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისას გადამწყვეტი ფაქტორი ლიდერია, პარტიას კი უპირატესობას 22% ანიჭებს. ცხადია, 2008 წლის არჩევნებს ის პარტია მოიგებს, რომლის ლიდერიც საზოგადოების უფრო მეტი ნაწილისთვის იქნება მისაღები.

რა დავალებას აძლევს საზოგადოება ლიდერს? კვლევაში მონაწილე ადამიანებმა ხელისუფლების პირველ და მეორე პრიორიტეტად განსაზღვრეს სამუშაო ადგილების შექმნა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რაკიღა გამოკითხულთა დიდი ნაწილი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, უნდა ვიგულისხმოთ, რომ საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები არც პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით გააჩნია.

ამ პირობებში როგორი ყაიდის ოპოზიციურ ლიდერს ექნებოდა შანსი, მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში ხალხის ნდობა მოეპოვებინა? ამ კითხვაზე პასუხს ვიპოვით კვლევის იმ ნაწილში, სადაც გამოკითხულები სოციალური პროტესტის მათთვის მისაღებ ფორმებს აყალიბებენ. აშკარაა, რომ საზოგადოებაში აგრესიული მუხტი დღეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე, თუნდაც, რევოლუციის წინა პერიოდში იყო. გამოკითხულთათვის მისაღებია კოლექტიური წერილები, ლეგალური დემონსტრაციები, ნებადართული გაფიცვები, მაგრამ მიუღებელია უნებართვო დემონსტრაციები (72%-ისთვის), უნებართვო გაფიცვები (74%-ისთვის) და, განსაკუთრებით, შენობა-დაწესებულებებში შეჭრა (80%-ისთვის).

ეს მონაცემები მიანიშნებს, რომ საზოგადოება პროტესტის აგრესიულ ფორმებს უარყოფს. დღევანდელი განწყობით, შეუძლებელი იქნებოდა ხელისუფლების დამხობა, თუნდაც, მშვიდობიანი რევოლუციის გზით. ამიტომ, თუკი ოპოზიციური ლიდერები ფიქრობენ, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის ძველი მეთოდები უნდა გაიმეორონ და ხელისუფლება რაც შეიძლება აგრესიული ფორმით აკრიტიკონ, სავარაუდოდ, ეს მცდარი გზაა.

შესაძლოა, საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო აღმოჩნდეს ლიდერი, რომელიც ხელისუფლებას არ დაუკარგავს მის მიერ გაკეთებულ საქმეს - არც კარგს და არც ცუდს; ლიდერი, რომელიც ხალხს თბილად და წყნარად დაელაპარაკება; ლიდერი, რომელიც გასაგებად და დამაჯერებლად განმარტავს, როგორ უნდა დასაქმდეს ხალხი და როგორ უნდა აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ პიროვნულ ფაქტორს ჯერჯერობით ისევ გადამწყვეტი როლი ენიჭება. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის დამარცხების შანსი ექნება მხოლოდ იმ ლიდერს, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ პირადად მას შეუძლია მეტის გაკეთება, ვიდრე ეს სააკაშვილმა შეძლო. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ყველა დადებითი შედეგი პრეზიდენტს მიეწერება, უარყოფითი კი - მის პარტნიორებს. ამის საუკეთესო მაგალითია პატრული და სანდრო გირგვლიანის საქმე. კვლევიდან გამომდინარე, პირველი უშუალოდ სააკაშვილის დამსახურებაა, მეორე კი - უშუალოდ მერაბიშვილის ბრალეულობა. სინამდვილეში, გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, კარგზეც და ცუდზეც პასუხისმგებლობა პრეზიდენტსა და მის მინისტრებს შორის გადანაწილებულიყო.

ასე რომ, ის ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკურ მეტოქეობას და, მით უმეტეს, მის დამარცხებას ჩაიფიქრებენ, უფრო კონსტრუქციულები უნდა ჩანდნენ საზოგადოების თვალში, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტია. აგრესია მათი დამხმარე ვერ იქნება; სითბომ, სიდინჯემ და მკაფიო პროექტებმა კი, შესაძლოა, მათ წარმატება მოუტანოს.









XS
SM
MD
LG