Accessibility links

რა ბედი ელის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას


სასწრაფო სამედიცინო დახმარება „03“ თბილისელებს 2003 წლის სექტემბრიდან უფასოდ ემსახურება.

ოფიციალური ინფორმაციით, დედაქალაქელთა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას თბილისის სხვადასხვა უბნებში განთავსებული 11 ფილიალი, 600 ექიმი და 700-მდე ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფს, წლის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტის მიერ გაწეული ხარჯი კი 7 მილიონ ლარს აღწევს. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურში აცხადებენ, რომ, დაწყებული რეფორმის შედეგად, „03“ -ის მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცვლილებები ექიმთა შემცირებას, ფასიანი სამედიცინო დახმარების შემოღებასა და „03“ -ის კუთვნილი შენობების გასხვისებას ისახავს მიზნად.

თბილისელებს სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას, სახელმწიფოს გარდა, კომერციული ორგანიზაციებიც სთავაზობენ, თუმცა ფინანსური შეჭირვების გამო, მოქალაქეები ყველაზე ხშირად სწორედ რომ სახელმწიფო სამედიცინო დახმარებას მიმართავენ. თბილისელი პედაგოგი დარეჯან ხუციშვილი ამბობს, რომ „03”-ის მომსახურებით კმაყოფილია.
[დარეჯან ხუციშვილის ხმა] „მამა მყავდა ცუდად, გულის შეტევა ჰქონდა... ერთხელ ხომ მოვიდნენ, გასინჯეს, ნემსები გაუკეთეს, რამდენიმე საათში ისევ მოგვაკითხეს. ძალიან კმაყოფილები დავრჩით. რომ დავრეკეთ, დაახლოებით 5-6 წუთში მოვიდნენ.“
დარეჯან ხუციშვილის მსგავსად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობით კმაყოფილია მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახური, თუმცა, ამის მიუხედავად, დედაქალაქის მესვეურებმა ერთი კვირის წინ „03-“ის ხელმძღვანელობა მაინც შეცვალეს. ახალი უფროსი, ივა ყაჭიური, მედიკოსებს მამუკა ქაცარავამ, მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, და ვიცე-მერმა გიორგი მელაძემ წარუდგინეს.
[გიორგი მელაძის ხმა] „ბატონი ივა მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ის არის ფინანსისტი, მას აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის სერიოზული გამოცდილება, ის იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსური მენეჯერი, როცა სერიოზული რეფორმები ჩატარდა იქ.“(სტილი დაცულია)
გიორგი მელაძის თქმით, რეფორმების გატარება ივა ყაჭიურს „ნოლ-სამშიც“ მოუწევს. მამუკა ქაცარავა, მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, ამბობს, რომ,რეფორმის ფარგლებში, მძიმე ტრანსპორტი შეიცვლება მსუბუქით, ეკიპაჟების გადაადგილებას კი მართვის ცენტრიდან ოპერატორი გააკონტროლებს. და, რაც მთავარია, გაძლიერდება სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი:
[მამუკა ქაცარავას ხმა] „დავიწყებთ უკვე სამედიცინო დახმარების ხარისხის გადამოწმებას, რაც ადრე არ კეთდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ სასწრაფო დახმარებაში დღეს მუშაობენ საკმაოდ კვალიფიცირებული კადრები, მაგრამ ჩვენ უნდა ვფლობდეთ სრულ ინფორმაციას, თუ რა დონის ექიმები გვყავს. არავის გაშვებას არ ვაპირებთ. ვინც აითვისებს სათანადო პროგრამას და ვისაც ექნება ადგილზე დახმარების გაწევის უნარი, არც ერთ ექიმს არანაირი პრობლემა არ ექნება. შესაძლებელია, პირიქით, კადრების დამატება დაგვჭირდეს, შესაძლებელია, ფილიალების გაზრდა დაგვჭირდეს.“
მამუკა ქაცარავა ირწმუნება, რომ, ცვლილებების შედეგად, თბილისელები გაცილებით სწრაფ და ხარისხიან სამედიცინო დახმარებას მიიღებენ, თუმცა ხელისუფლების დაპირებისა, ტრადიციულად, არ სჯერათ ლეიბორისტულ პარტიაში, რომლის პოლიტიკური მდივანი, იოსებ შატბერაშვილი, თბილისის მერიის ფარულ ზრახვებს ააშკარავებს:
[იოსებ შატბერაშვილის ხმა] „თანამშრომლების უმეტესობა აღმოჩნდება ქუჩაში, შენობებს გაყიდიან, სასწრაფო სამედიცინო დახმარება კი ფასიანი გახდება.“
მხოლოდ ფასიანი სასწრაფო დახმარების ამარა დარჩენის პერსპექტივა რიგით მოქალაქეებსაც აშინებთ. თბილისელ პენსიონერს, სამსონ ჭკუასელს, მოუსმინეთ.
[სამსონ ჭკუასელის ხმა] „ფასიანი რატომ უნდა გახდეს, ისედაც არა აქვს ხალხს. 48 ლარით რა უნდა გადაიხადოს, 10 ლარზე ნაკლები ხომ არ იქნება გადასახადი... რას ამბობთ, სასწრაფო დახმარება უფასო უნდა იყოს.“
უნდა ითქვას, რომ ბატონი სამსონის ამ მოსაზრებას თბილისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსიც იზიარებს. მამუკა ქაცარავა ამბობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.
[მამუკა ქაცარავას ხმა] „ჩვენი პოლიტიკა ასეთია: სასწრაფო უნდა იყოს უფასო. ვინ თქვა, რომ ფასიანი გახდება. ეს გამორიცხულია. სასწრაფო გადაუდებელი დახმარება არის და იქნება უფასო. ჩემთვის მთავარია ეს დახმარება იყოს ძალიან ხარისხიანი და მანქანების დაგვიანება იყოს მაქსიმუმ 15 წუთი და ამას როგორ მივაღწევთ ჩვენ, რა მნიშვნელობა აქვს?“

XS
SM
MD
LG