Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზეზით დაიღუპა სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟი?


ორშაბათის, 19 მარტის, ქართული პრესა დიდ ადგილს უთმობს კოდორის ხეობის დაბომბვისა და ქართული ეკიპაჟის დაღუპვის ფაქტს.




”ღამით და თანაც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში გაფრენის ბრძანება დანაშაულის ტოლფასი იყო,” - წერს ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”. სტატიის ავტორმა ჟურნალისტური გამოძიებით სამხედრო ვერტმფრენ ”მი-24”-ის კატასტროფისა და ეკიპაჟის დაღუპვის სურათი აღადგინა და ასეთ დასკვნამდე მივიდა: ” ჩვენს სამხედრო პილოტებს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მანქანის მძღოლებად მიიჩნევს და ჰგონია, რომ მათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ამოცანა უნდა შეასრულონ... “მი-24” -ები, სხვა ანალოგიური ტიპის, შვეულმფრენისაგან განსხვავებით, არ იყვნენ აღჭურვილნი ღამის ხედვის მოწყობილობებით და მათი გაშვება ღამით, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, თითქმის დასაღუპავად გამეტებას უდრიდა.” ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რუსული ვერტმფრენები, რომლებიც 11 მარტს ბომბავდნენ კოდორის ხეობას, ქართული ვერტმფრენებისგან განსხვავებით, აღჭურვილნი ყოფილან ღამის ხედვის მოწყობილობით და ბევრად უფრო თანამედროვე იარაღითაც.
სამხედრო თემას განაგრძობს გაზეთი ”მთელი კვირა”, ყოველდღიური ”რეზონანსის” კვირეული დამატება. სტატიაში, სათაურით ”ოქრუაშვილის 75 მილიონი პროკურატურამაც დაადასტურა”, საუბარია თავდაცვის სამინისტროში კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილ ფინანსურ დარღვევებზე, რომლის სავარაუდო მოცულობა 75 მილიონი დოლარია. გაზეთ ”მთელი კვირის” ვარაუდით, ”თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.” თუმცა სამხედრო ექსპერტები, რომელთა მოსაზრებებსაც გაზეთი”ყოველი კვირა” გვთავაზობს, ფიქრობენ, რომ პასუხისმგებელ პირთა წრე შეიძლება გაფართოვდეს და სამართლებრივი დევნა თავდაცვის მინისტრის მოადგილეებსა და გენერალური შტაბის უფროსზეც განხორციელდეს.

კიდევ ერთი ყოველკვირეული გამოცემა, ”ასავალ-დასავალი”, ბეჭდავს სენსაციურ ინტერვიუს სტუდია ”რეპორტიორის” ხელმძღვანელთან, გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიებების ავტორ ვახტანგ კომახიძესთან. ჟურნალისტის თქმით, ”პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასა და გახსნას წინ არაფერი უდგას, თუ პოლიტიკური ნება იქნება, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რამდენადაც მკვლელობაში, ამ ინციდენტში, ეჭვმიტანილია ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არანაირი ილუზია არ უნდა იყოს იმისა, რომ ამ პირობებში რაიმე გაირკვევა.” ჟურნალისტი ვახტან კომახიძე ინტერვიუში კიდევ ერთ სენსაციურ მოსაზრებას ავითარებს. კომახიძის თქმით, აჭარაში 2004 წლის მარტში მასზე თავდასხმა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების თვალში საბოლოოდ გაუტეხა სახელი ასლან აბაშიძეს, თურმე ”მოაწყვეს ვანო მერაბიშვილმა და გივი თარგამაძემ.” კომახიძის თქმით, მასზე თავდასხმის ბრალდებით დღემდე პატიმრობაში იმყოფება უდანაშაულო პირი, მაშინ როცა რეალური თავდამსხმელები, რომლებიც ჟურნალისტმა ამოიცნო, დღემდე თავისუფლები არიან, - ვკითხულობთ გაზეთ ”ასავალ- დასავალში”.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG