Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ინგრიდ დე ხრავე განვლილ კვირაში, ჩვენი თხოვნით,

დღიურებს წერდა ნიდერლანდური ენის სპეციალისტი, პედაგოგი და გამომცემელი ინგრიდ დე ხრავე.

11 მარტი, კვირა
9:00
გასული კვირა წვიმიანი იყო. დღეს დილას კი კვირის სიმშვიდე და ოქროს სინათლე თვლემს. შესაფერისად ვიცმევ. ჩემი ჩაცმა დღიურივითაა. ჩემი შარვლის მუქ მწვანე ქსოვილში ვერცხლის ძაფებია ჩაქსოვილი, რომელიც ოდნავ ბზინავს, როგორც ნამი მინდორში მზიანი დღის გათენებისას.
დღე წერით და მწვანე ჩაით სავსე ჩაიდნით იწყება. გუშინ განსაკუთრებული დღე იყო: ჩემს ბლოკნოტში არც ერთი შეხვედრა არ იყო ჩანიშნული. გადავწყვიტე, რომ დღეს ბუდისტური მიდგომით გავატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შევეცადე, ასე თავისუფალი არ ვყოფილიყავი და ორი შეხვედრა მაინც მქონოდა, ჩემი ბლოკნოტი ძენბუდისტურ ბაღს დაემსგავსა: ხაზებისა და უზომოდ დელიკატურად დაბეჭდილი ციფრების გარდა, იქ სიცარიელის დიდი ველი იყო. მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა, ჭეშმარიტი ბუდისტივით სიცარიელისთვის თავი დამეღწია. ორი საათით მაინც დავტოვე სახლი. როგორც ნამდვილი ბელგიელი, შევწუხდი: იქნებ ხვალ ისევ იწვიმოს-მეთქი, და მზეზე სასეირნოდ გავედი.
გუშინ, შინ რომ მოვედი, საძინებელი ოთახის მხარეს, მზის ბოლო სხივები დავიჭირე და, ლოგინზე წამოწოლილმა, ახლად შეძენილი ლექსების კრებულები წავიკითხე. ლექსებზე საფიქრად, ჭურჭლის რეცხვა დავიწყე და, სანამ ამ მშვენიერი სიმბიოზით ვტკბებოდი, ჩემი ფანჯრის წინ, რაღაც დიდი ალით აფეთქდა. მეზობელი ქალი კიოდა, მეზობელი კაცი - იცინოდა. სიცილზე გარეთ გახედვა გავბედე: ჩემთვის გაუგებარი სიტუაცია დავინახე: სკამზე ქალები სხედან და, აღშფოთებულები, აფეთქების ამბავს ერთმანეთს უზიარებენ. გვერდით, ახალგაზრდა კაცი დგას და უხსნის: რეზინააო, და იმ ცეცხლზე მიუთითებს, რომელიც ძველ, საბჭოურ მანქანას გაუჩნდა. რა მოხდა, ასე უცბად მეზობლები რატომ დაწყნარდნენ? კიდევ რამე გვემუქრება, თუ არა, ვერ გავიგე, მაგრამ ხალხის ქცევის საფუძველზე მივხვდი, რომ არ უნდა ვინერვიულო. აფეთქება, ალბათ, ახალი დღის დადგომის ნიშანი იყო...

12:18
წასასვლელად ვემზადები. ცურვაზე მივდივარ.

17:14
როცა ვცურავ, თავიდან ვიბადები. წყალი ჩემი ერთგული მეგობარია: მიჭერს და მისი ალერსი მამშვიდებს. ყველა კუნთი მოძრაობს და მთელი სხეულით ვსუნთქავ. ხალხი ცოტაა. ვინც არის, ძირითადად სკამებზეა გაწოლილი. რატომ არ ცურავენ? ალბათ, კვირის რეჟიმია. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მე ვარ ხოლმე წყალში. გიჟი ხომ არ ვგონივარ? ნერვებს ხომ არ ვუშლი? აქ რომ მოვდივარ, ერთ კილომეტრს მაინც ვცურავ.
საერთო გასახდელში, თავი რომ მოვიწესრიგე და სარკეში ჩავიხედე, ცხოვრებაში პირველად გავიფიქრე, ერთი ყური მეორეზე დიდი ხომ არ მაქვს-მეთქი? როგორ ახერხებს ადამიანი, საკუთარი თავისთვისაც ბოლომდე უცხო დარჩეს?
არ უნდა დავიგვიანო. ნახევრად სველი თმით ავტობუსის გაჩერებაზე გავრბივარ. მოკლე გზით, სპორტის აკადემიის ეზოს გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე გავდივარ. კვირაა, სტუდენტები არ არიან და სპორტის აკადემიის ეზო ცარიელია. მხოლოდ ერთი ყმაწვილი დახურულ კარზე აბრახუნებს მთელი ძალით. თითქოს რაღაცას ან ვიღაცას გაურბის, და თითქოს მხოლოდ სპორტის აკადემიას შეიძლება შეაფაროს თავი. ალბათ, იქ მისი ღონიერი ბიძა მცველად მუშაობს და მისი იმედი აქვს, რომ გადაარჩენს. მაგრამ ვერცხლისფრად შეღებილი, ნახევრად შიშველი, კარგი აღნაგობის გოგონასა და ბიჭის ქანდაკებების გარდა, ადამიანის მსგავსი არავინ ჩანს. ისე მეჩქარება, რომ გზა უნდა გავაგრძელო. ვეღარ გავიგებ, რა ბედი ეწია ჩემთვის ამ უცნობ ადამიანს.
ერთ გოგოსთან შეხვედრაზე გავრბივარ. ერთი იდეა შევთავაზე და თანამაშრომლობაზე დამთანხმდა. დღეს ჩვენი გეგმის შესახებ გვინდა ვისაუბროთ. იმ გოგოს ყველაზე მწვანე თვალები აქვს, რაც მინახავს. მის თვალებში რომ ვიყურები, ტროპიკული ზღვის მწვანე ტალღების ხმა მესმის. მომიყვა, რომ ახალი დაქორწინებულია და უხარია, თავის ქმართან ერთად ბინას რომ ქირაობს და მშობლებისგან ცალკე ცხოვრობს. ცალკე ცხოვრება მივულოცე.
შინ რომ მოვედი, ეზოში უცნობი ქუჩის ძაღლი დამხვდა. ერთი წელია, რაც ჩვენს ეზოში ასეთივე ქუჩის ძაღლი ცხოვრობს. მას უკვე შევეჩვიეთ და გვყოფნის. ამ ეზოში ყველაფერი გვყოფნის: აქ კავკასიის ყველა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ, ერთ უპატრონო ძაღლთან და ერთ დაკარგულ ბელგიელთან ერთად. არაფერი გვაკლია. უპატრონო ძაღლს რომ ვხედავ, ქართული ენის პირველი გაკვეთილები მახსენდება: მაშინ განსხვავება ჯერ არ ვიცოდი "ძაღლს" და "რძალს" შორის. ახლა, შვიდი წლის მერე, ვისწავლე, რომ ამ განსხვავების სწავლა არც ღირდა, ვინაიდან განსხვავება არ არსებობს.

22:04
გაზაფხულის პირველ საღამოს ვუთმობ კითხვას, წერას და თარგმნას. ამ შაბათ-კვირის დღეებში ჩემი ტელეფონი პირველად რეკავს. შემეშინდა კიდეც. დედაჩემია.

12 მარტი, ორშაბათი
7:00
მაღვიძარა მაღვიძებს. ათ წუთს ჩემ თავს ვჩუქნი და გარშემო ხმებს ვუსმენ. ქუჩიდან ნაგვის მანქანის მოძრაობა, პირველი მანქანების გუგუნი, ეზოდან პირველი ჩიტების ხმა და საერთო გათბობის ღუმელის გუგუნი ისმის. ჩემი ოთახიდან ჩუმი შრიალი, ჩემი სხეულიდან კი საბნის შეხების ხმა, გულისცემა და სისხლის დინება მესმის. ახალი დღე მელის. რას მომიტანს? რას მივცემ?
ჩემი სამზარეულოს პატარა ფანჯრიდან ბოტანიკური ბაღის რამდენიმე კლდე ჩანს. მიხარია, რომ ამ ქალაქში ბუნება ახლოს არის. ისე ახლოს, რომ თითქოს თავისუფლად შეიძლება, ბუნებამ დაიბრუნოს ეს გველის მსგავსი მეტროპოლია და ისევ ტყეებით და ჯერ არაღმოჩენილი თბილი წყაროებით დაფაროს. ბუნებასთან პირდაპირი კავშირის აღდგენას, შამანურ სიბრძნეს, ბუნების ლოგიკასა და შემოქმედებაში დაკარგვას ვნატრობ ხშირად.

20:30
მას მერე, რაც "მარშრუტკაში" ჩავჯექი და უნივერსიტეტისკენ ვიმგზავრე, დღე მალე გავიდა. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიდერლანდურ ენას და კულტურას ვასწავლი.
გაკვეთილის მერე ავტობუსში ჩავჯექი, ამჯერად ორთაჭალის მიმართულებით. იქ, დისშვილის ოფისში, ერლომ ახვლედიანი მელოდება. რამდენიმე წლის წინ გამომცემლობა "ლინკი" დავაარსე. სხვა წიგნებს შორის ერლომის იგავების კრებული "ვანო და ნიკო" ქართულად თავიდან გამოვეცი. წელს მისი იგავების და ზღაპრების მეორე კრებული მინდა გამოვაქვეყნო. "ვანო და ნიკო" პირველი წიგნი იყო, რომელიც ქართულად წავიკითხე. 2003 წელს "ვანო და ნიკოს" ჩემი თარგმანი ამსტერდამის ერთ-ერთ გამომცემლობაში გამოიცა. შარშან მეორე თარგმანი მოჰყვა. ბელგიაში ორივე თარგმანი დაჯილდოვდა და გამომცემლობამ ერლომი და მე წიგნების პრეზენტაციაზე მიგვიწვია.
ორთაჭალიდან გრიშაშვილის ქუჩით სოლოლაკში ფეხით ავდივარ. ფეხით სიარული ხაზვას ჰგავს: წერტილიდან ხაზად ვიქცევი და ჩემი სხეულით ქალაქში ხაზებს ვავლებ. მაინტერესებს, ციდან თბილისს რომ გადმოვხედო, ჩემი ხაზებით როგორი ფიგურა შეიქმნებოდა. გული? ვარსკვლავი? წრე?
დღეს საღამოს დაძაბული ვარ. ხვალ განსაკუთრებული დღეა. ყოველ შემთხვევაში, ისე გავიზარდე, რომ ეს დღე განსაკუთრებულ დღედ აღვიქვა: ჩემი დაბადების დღეა. წელს დედაჩემს მინდა დავურეკო და მივულოცო. პირველად ვიფიქრე, რომ იუბილარს კი არ უნდა ულოცავდე, არამედ დედას. პირველად დავინტერესდი, ჩემს დაბადების დღეს რას გრძნობს დედაჩემი? დაძაბული რატომ ვარ? იმიტომ რომ, დაბადების დღესთან დაკავშირებულ რომანტიკულ მოლოდინს ვერ ვერევი. არადა, სჯობს მოვერიო, იმიტომ, რომ უფრო დიდი ალაბათობაა, ამ ქალაქში ჩემი დაბადების დღე არავის ახსოვდეს; ან არ უნდა, რომ ახსოვდეს. ჩემი ოცნებაა, რამდენიმე ძვირფასმა ადამიანმა ჩემს კარზე დააკაკუნოს და მითხრას, წამოდიო. და ქალაქი მშვიდად დავტოვოთ, სადმე გორაზე ან მთაზე ავიდეთ და იქიდან, უსიტყვოდ, ცვალებად სინათლეს და უსაზღვრო ხედს გავხედოთ. მეტი არაფერი.

13 მარტი, სამშაბათი
9:00
თავს კი ვიკავებ, მაგრამ მაინც სხვანაირი განცდით ვდგები. მიხარია, რომ ამ დღის მარტო გასატარებლად თავი მოვამზადე. ჩემი საზეიმო პროგრამა შემდეგნაირად გამოიყურება: აუზი, ჩინური რესტორანი, აბრეშუმის მუზეუმი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. და კიდევ... რასაც ბედი მომიტანს.

23:11
აუზში ისე ცოტა ხალხია, რომ ბოლოს მთელი აუზი მე მეკუთვნის. ვიფიქრე, აი, სამყარო როგორ მეხმარება, რომ ეს დღე ჩემს თავთან ერთად გადავიხადო-მეთქი. ცურვის მერე მომშივდა და დღეს შიმშილის გრძნობას არ მოვითმენ. ჩემს დღევანდელ სცენარს ვაგრძელებ. აუზთან ახლოს პაწაწინა ჩინური რესტორანი გაიხსნა და, რამდენჯერაც გავიარე, ვერც ერთი კლიენტი ვერ შევამჩნიე. ჩემი საოცნებო გარემოა. შევედი. არც ისე პატარა ყოფილა, შიგნით ღრმად და ფართოდ იშლება. ფართი დავათვალიერე და, ხუთ მიმტან გოგონასთან ერთად, საუკეთესო ადგილი შევარჩიე: იქიდან ვაკის პარკის ხედით ვმხიარულდები. მენიუდან წვნიანი და "შემწვარი შუშის პასტა ბოსტნეულით" ავარჩიე. საკმაოდ მალე მომიტანეს. სანამ წვნიანს კოვზით და პასტას ჯოხებით ვჭამდი, ის მოჩურჩულე, ხუთი კეთილი მიმტანი მაშტერდებოდა. მეც შიგადაშიგ ვუყურებდი და მეგობრულად ვუღიმოდი.
საბედნიეროდ, აბრეშუმის მუზეუმი ღია დამხვდა. ოღონდ, კარს იქით ცარიელი დერეფნების მეტი არაფერი ჩანდა. ბნელოდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი თეთრი მარმარილოს კიბეს, ქალის ღიღინი მით უფრო იმატებოდა. კიბის ბაქანზე იდგა და მშვიდად უყურებდა, როგორ ავდიოდი. ბოდიშს მიხდის: დენი გაწყვეტილი გვაქვს და ჩვენც გაშვებული ვართ, მაგრამ მაინც დავდივართო. მასთან ერთად საგამოფენო დარბაზი დავათვალიერე. თითქოს ძველ ვიტრინებში ექსპონატების გარდა საუკუნის სინათლეც გამოფენილიყო. ქალბატონს დიდ მადლობას ვუხდი და შემდეგში სტუმრობას ვპირდები. მუზეუმიდან გამოყოლილი ნოსტალგიით "დინამოს" გარშემო მოძრაობაში ვიკარგები. ამჯერად იქვე მდებარე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისკენ მივდივარ. გამომცემელთა წყვილი, თინა და ბაკური მელოდებიან. ერთმანეთის გეგმებზე და გამოცდილებებზე ვსაუბრობთ. წელს შვეიცარიის ერთ-ერთ გამომცემლობაში გერმანულ ენაზე გამოიცა აკა მორჩილაძის რომანი "სანტა ესპერანსა". გერმანულენოვან პრესაში კარგი და სასიხარულო რეზონანსი მოჰყვა. იმაზეც ვსაუბრობთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს წარმატება იმისათვის, რომ ნიდერლანდელი გამომცემელი ნიდერლანდური თარგმანის გამოცემით დავაინტერესოთ. უკვე შევთანხმდით, ვის და როგორ დავუკავშირდებით.
ერთმა მეგობარმა საღამოსთვის თავის ოჯახში დამპატიჟა. მისი ბავშვები მეხუტებიან. მეგობართა წყვილი ამბების მოყოლით, მოსაზრებების გაზიარებით მახარებს.

14 მარტი, ოთხშაბათი
7:47
უნივერსიტეტში წასვლამდე დროს ვუთმობ წერას და კითხვას. როგორც ყოველთვის, მწვანე ჩაით სავსე ჩაიდანს წყაროდ ვიყენებ. მწვანე ჩაი მათბობს და მასუფთავებს. თან აზიას მახსენებს, რაც ჩემში ნაზ და მსუბუქ ასოციაციებს აღვიძებს. ამ დღეებში ჩაის სმასთან ერთად, წიგნს ვკითხულობ: მე-17 საუკუნის მწერლის, ლი იუს რომანს "ვნების ლოცვას". მან თავისი შეხედულებებით და, რაც მთავარია, იუმორით სიახლე შეიტანა ჩინურ ლიტერატურაში. დღეს ჩინეთში ეს რომანი აკრძალულია.

19:25
უკვე საღამოა. გასულ დღეს ვემშვიდობები. სანამ დავიძინებ, თავს უნდა მივხედო, ვინაიდან ნერვები საკმაოდ აშლილი მაქვს. ლექციაზე არც ერთი სტუდენტი არ მოვიდა. დროს ვერ მაკარგვინებენ, რადგან კომპიუტერი და ინტერნეტი იქვე მაქვს. პირადი და საქმიანი მიმოწერა ყოველთვის ბევრი მაქვს. ვამჩნევ, რომ სტუდენტების გაცდენის გამო ჩემში სევდა იბუდებს, რომელსაც ვერ ვიშორებ. სამაგიეროდ მიხარია, რომ შედეგად სამი თავისუფალი საათი მაქვს, რომელიც იმეილების დასაწერად და უნივერსიტეტის კოლეგების სანახავად შემიძლია გამოვიყენო.
უნივერსიტეტში საქმე რომ დავამთავრე, ქალაქში გავიარე - ვაკის პარკიდან აბანოთუბნამდე. ხალიჩების მაღაზიასთან ორი შვეიცარიელი გოგო მელოდება. ერთი კვირის წინ დამირეკეს. შვეიცარიელი მეგობრების ნაცნობები არიან და მათგან წერილი ჩამომიტანეს. შევთავაზე, რომ არა მხოლოდ წერილს გამოვართმევდი, არამედ ბოტანიკურ ბაღშიც გავასეირნებდი. დამთანხმდნენ. ბაღში ხეებზე მოხვეული ცელოფანის ჩანთები მორთვის აქაურ ტრადიციად მოვნათლე: ზამთარში ყვავილების და ფოთლების ნაკლებობის გამო, ბაღს ასე აფერადებენ-მეთქი. ბაღის ზემო ნაწილში ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავსა და მოულოდნელ მილს ჩავუარეთ: ყავისფერი მილია, სიგანით ერთი მეტრი იქნება, კლდეებზე მიცოცავს და შორს, ცაში იკარგება. თბილისის "ლენდ არტის" ერთ-ერთ ნიმუშად წარმოვადგინე. ერთმანეთი პატარა ამბებისა და შეკითხვების მეშვეობით რომ დავყნოსეთ, ერთი გოგო მეკითხება, ქართველ კაცებზე რას გვეტყოდიო. საუბრის შედეგად გავიგე, რომ საქართველოში პირველად არ ჩამოსულა, შარშან პროექტის ფარგლებში ერთი წელი აქ უცხოვრია და ერთი ბიჭი შეჰყვარებია. ეტყობა, ჩემი ოჯახური ამბავი გაგონილი ჰქონდა. ჩემი გამოცდილებით მისი სიყვარულის დაჩრდილვა არ მინდა. მხოლოდ რამდენიმე რჩევას ვაძლევ. ქართული სიყვარულის გაკვეთილის დასასრულს ბაღის ჭიშკარს ვუახლოვდებით. ერთმანეთს ვემშვიდობებით, ბევრ მისაღებ და გასაცემ სიყვარულს ვუსურვებ. სამივე ჩვენს გზას ვაგრძელებთ.

15 მარტი, ხუთშაბათი
07:00
მაღვიძარა თბილისში მაბრუნებს. ღრმა სიზმარში ვიყავი დაკარგული. გარეთ კიდევ ბნელა. სანთელს ვანთებ. ალიონის მკრთალ შუქზე სანთლის შუქი მიყვარს. მამშვიდებს და ჩემში ახალი დღის მიმართ მადლიერების გრძნობას აღვიძებს.

22:05
სახლიდან გავდივარ და სამარშრუტო ტაქსით უნივერსიტეტში მივემგზავრები. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოგზაურობა კარგია. ცოტა ხნით სივრცე და დრო უცხო ადამიანებთან გაერთიანებს. ცოტა ხნით ბედს იყოფ მათთან. ხანდახან ვინმე ისეთი აურით შემოვა, რომ ჩემთვის ვფიქრობ: "მე შენ მიყვარხარ". დღეს კარგი ბედი მაქვს: პირველ სამარშრუტო ტაქსში თავისუფალი ადგილი აღმოჩნდა და ლოდინი არ მომიწევს. ათიოდე ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი გრაფიტის გავლით ქალაქს გადაკვეთს: Sololucky, Nanka, RAP, თაკო, Maka, F.B.I., PIDBUL-IKA, ნათია!, , BA, TALAXA, ROCK, CHECHEN, SALO:), NUTSI:), FALLEN, წერო, ZERO, HIM.
სტუდენტები აუდიტორიაში შემოდიან. ვეკითხები, გუშინ სად იყვნენ. ეკლესიაშიო. ვთხოვ, რომ მომავალში ჯერ სწავლა დაამთავრონ და როცა უნივერსიტეტიდან განთავისუფლდებიან, იქ წავიდნენ, სადაც უნდათ და საჭიროდ თვლიან. ვუხსნი, რომ უფლება არ მაქვს, მათ პირად, მით უმეტეს რელიგიურ ცხოვრებაში ჩავერიო, მაგრამ ვურჩევ, ეკლესიური მოვალეობებით სასწავლო ცხრილი არ დაარღვიონ.
აუზში ლიმონისფერის პეპელა შემოფრინდა. ჩემს გარდა ავადმყოფი ბავშვი ცურავს. ფეხები არასწორად აქვს განვითარებული. მისთვის ცურვა სასარგებლოა. იმედი მაქვს, ჩემთვისაც. ვინც ამ აუზის აბონემენტი მაჩუქა, ასე მითხრა: ჯანმრთელი და სახალისო საჩუქარი მინდა გაგიკეთოო. გოგონა მშვიდი ღიმილით მიყურებს. სამი ბიჭი წყალში ყვინთავს. ამათ შემოსვლაზე დიდი ტალღები იქმნება. ამათი ენერგია ჩემზე გადმოდის და ჩემს ერთ კილომეტრს უფრო ღონივრად ვაგრძელებ.
სანამ კაფეში მეგობარს ვხვდები, წიგნის მაღაზიაში შევირბენ "ცხელი შოკოლადის" ბოლო ნომრის საყიდლად. ამ ნომერში პირველი ლიტერატურული დანართი უნდა იდოს. მას მერე, რაც წაკითხვის ღირსი ყველა ლიტერატურული ჟურნალი გაქრა, ეს პირველი სასიხარულო ამბავია.
მეგობარი აფორიაქებულია. ერთმანეთს ბედს ვუზიარებთ. ისეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, რომლებიც სხვისთვის ან დღის წესრიგში არ წერია, ან მეტისმეტად მძიმეა. ჩვენ ერთმანეთის გამოცდილებისა და გულისტკივილის მოსმენით არ ვიღლებით.
ჩემი ადვოკატი მირეკავს. არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე ადვოკატის დახმარება დამჭირდებოდა. რაც საქართველოში გადმოვსახლდი, სხვადასხვა ორგანიზაციის დაარსებაზე და განვითარებაზე მიმუშავია. ერთი ულამაზესი საქმე სევდიანად და უსამართლოდ დამთავრდა. ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად ადვოკატის ჩარევა გახდა საჭირო. ახლა მთავარია, ახალ ხალხთან ახალი საქმის დაწყება გავბედო და არ გამაშეშოს შიშმა, რომ ისევ ყველაფერს წამართმევენ.
დღევანდელი ბოლო შეხვედრა პოეტთან, კაფეში დავნიშნე. მას მერე, რაც ერლომ ახვლედიანის წიგნები ნიდერლანდებში გამოვიდა, თანამედროვე ქართული პოეზიის თარგმნა დავიწყე. როტერდამში ყოველწლიურად ტარდება ევროპაში პოეზიის ყველაზე დიდი ფესტივალი. წელს საქართველოს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და სამი პოეტი მიიწვიეს. იმ სამ პოეტს ხშირად ვხვდები თარგმანებზე სამუშაოდ. დღევანდელი პოეტი შუა მთარგმნელობით მუშაობაში ჩერდება და მეუბნება, ქართველი გოგოები გათიშულები არიან, აპოკალიფსის ნიშანიაო. ჯერ მეგონა, რომ ხუმრობდა, მაგრამ არა. ქართველი გოგოები თუ აპოკალიფსის ნიშანი არიან, მაშინ ჩვენც იმ აპოკალიფსში ვმონაწილეობთ-მეთქი. არა, ჩვენ აპოკალიფსს ვებრძვით, ისინი კი მიჰყვებიანო. ვერ მარწმუნებს, იმიტომ, რომ მე არაფერს ვებრძვი, მით უმეტეს - აპოკალიფსს. ესე იგი ჩვენ ამათზე უკეთესები ვართ-მეთქი?, ვეკითხები. არა, უბრალოდ ისინი გათიშულები არიან, ჩვენ კი ცოდოები ვართო. მიმტანმა ლიმონის და შინდის ნამცხვრები მოგვიტანა. საუბარი ნამცხვარზე გადავიტანე. ეს მანევრი ჩემს მეგობარ ახალგაზრდა კაც პოეტს არ ამშვიდებს: ფემინიზმი საქართველოში უკუღმა უნდა განვითარდესო: კაცები უნდა ავიდნენ, ქალები კი უნდა ჩამოვიდნენო. როცა ქალები მიწიერი გახდებიან, მაშინ ფემინიზმი აქაც გამდიდრდებაო. ნამცხვრის ბოლო ნაჭერს ვყლაპავ და ვცდილობ, ჩაფიქრებული სახე მივიღო.

16 მარტი, პარასკევი
9:00
გავიღვიძე თუ არა, ჩემი დღიურის რედაქტირება დავიწყე. კვირაში რამდენჯერმე მაინც, ხალხი მეკითხება, რამდენ ხანში ისწავლე ქართულიო. ერთ დღეში-მეთქი, ვხუმრობ ხოლმე. ქართული ენა საქართველოსთან ჭიპლარივით მაკავშირებს. ჩემი ერთ-ერთი ლექსი ქართულ ენას ეხება. ლექსში აღწერილია, თუ რა როგორ იხსნება ჩემთვის ქართული ენის მეშვეობით:

ქართული ენა

1. ზამბარიანი კარი
სანახევროდ იხურება
დროის მანქანა
დამჯდარ ელემენტებზე

2. სანდო სახლი
ცხოვრების უკვდავი ჟინი
ფესვები, რომელიც გაუშიშვლებელი დარჩა
წყარო, რომელიც წყაროდ არ სცნეს

3. საჯინიბოში ცხენი
და მის კოხტა თავში
სრულ სიცარიელეში
მოზუზუნე სამყარო

4. ნამწვავებით სავსე საფერფლე
ძირზე კი სიმარტივე
თავის პრაქტიკულობას
ამოფარებული

5. კარტოთეკა
სადაც თითოეული ასო ნიშანია
გარდამავალი გადარჩენით
გაჟღენთილი

17 მარტი, შაბათი
8:53
დღეს დილით რამდენიმე საათით საქმეები გვერდზე გადავდე და მუსიკას მოვუსმინე. მუსიკის მოსმენის მერე საქმეებს დავუბრუნდი. ამ საქმეების შესრულებისთვის შეხვედრა და თანამშრომლობა მიწევს სხვა შემოქმედებით ადამიანებთან: მწერლებთან, დიზაინერებთან, მხატვრებთან, მთარგმნელებთან. ჩემი დღიურიდან დავინახე, რომ ეს საქმიანი და შემოქმედებითი კოქტეილი მიყვარს. საქართველოში ჩემი თავი მიყვარს. ცამეტი წლის წინ, გერმანიაში სტუდენტობის დროს, ამ ქვეყნის ადამიანს შევხვდი და ბედმა ინება, რომ შემყვარებოდა. ბოლო დროს, ჩემმა სიყვარულმა მარტო რომ მიმატოვა, სიყვარულზე და, განსაკუთრებით, ქართულ სიყვარულზე, ბევრი მოსაზრება მოვისმინე. არც ერთი მოსაზრება დიდად არ მეხმარება, გარდა იმისა, რომ მე ჩემს ბედს ცამეტი წლის წინ შევხვდი, შემიყვარდა და მივყევი.
წასასვლელად ვემზადები. რადიო "თავისუფლების" სტუდიაში გოგი მელოდება. ჩემს დღიურს ჩავწერთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG