Accessibility links

logo-print

ევროკავშირი: განვლილი და მომავალი 50 წელი


რამდენიმე დღეც და ბერლინში,

საზეიმო ვითარებაში აღინიშნება თარიღი, რომელიც ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება: 50 წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს რომში გამართულ სამიტზე გერმანიამ, საფრანგეთმა, ბენელუქსის ქვეყნებმა და იტალიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას “ევროპის ეკონომიკური გაერთიანების” შესახებ. მას შემდეგ ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების რიცხვი გაიზარდა, ხოლო თვით ევროგაერთიანება ევროკავშირად იქცა - მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტად ერთ დროს ომებით მოცულ კონტინენტზე. ასე რომ, ევროკავშირს აქვს მიზეზი საზეიმოდ - მანამდე კი, ორშაბათს, ბრიუსელში გაიმართა დებატები საკითხზე, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. დებატები შეეხო ევროკავშირის საბოლოო საზღვრებს.

[ოლი რენის ხმა] “არასოდეს უნდა ვთქვათ “არასოდეს” - რადგან, ამას თუ გავაკეთებთ, დავკარგავთ ჩვენს პოლიტიკურ გავლენას. გაცილებით უკეთესია (...) ვიმუშაოთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საფუძველზე”, - ეს განცხადება ეკუთვნის ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, ოლი რენს, ბრიუსელში ორგანიზებული კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს.

რენი გამოვიდა მოწოდებით, განუსაზღვრელი ვადით გამოცხადდეს შესვენება დისკუსიაში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში რუკაზე ახალი საზღვრები გაჩნდებოდა - ერთგვარი “ვერცხლის ფარდა”, შიშობს ევროკომისარი.

მისი პოზიცია გაიზიარა კონფერენციის მონაწილე გრეემ ავერიმაც - ევროკომისიის ყოფილმა, მაგრამ ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, კვლავაც გავლენიანმა წევრმა. ავერის თქმით, ახალი წევრების მიღება-არმიღებაზე გადამწყვეტი დისკუსიის ახლავე გამართვა არასწორი იქნებოდა, რადგან ევროსკეპტიკოსებს მისცემდა შანსს, სამუდამოდ ჩაუკეტონ გზა ევროკავშირის გაფართოებას, რაც, ავერის შეფასებით, “ძალიან საზიანო” იქნებოდა.

ეს, ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე ასახული, პოზიცია შეესატყვისება განცხადებებს, ბოლო დროს რომ კეთდება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე: ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ თებერვლის ბოლოს, ბრიუსელში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე, ერთი მხრივ, შეაქო ქართული მხარე დემოკრატიული რეფორმებისთვის, საქართველო ევროპულ ქვეყნად, ევროკავშირისთვის ძალიან ახლო ქვეყნად მოიხსენია, მაგრამ, მეორე მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობისას საქართველო “სამეზობლო პოლიტიკას” უნდა დასჯერდეს. “გაიმეორა” იმიტომ, რომ სამეზობლო პოლიტიკით შემოფარგვლის საჭიროებაზე მანამდეც არაერთხელ ყოფილა ლაპარაკი.

შარშან ნოემბერში, თბილისში ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიზანი კვლავაც ევროკავშირში გაწევრიანებაა. მაგრამ არა ამ ეტაპზე: [ზურაბ ნოღაიდელის ხმა] “ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არა. ვფიქრობ, ევროკავშირის გაფართოების საკითხისადმი ამჟამად ერთგვარი მოყირჭება შეინიშნება. და ევროკავშირთან დისკუსია ნებისმიერ სხვა საკითხზე, გარდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა, უბრალოდ სავსებით კონტრპროდუქტიულია”.

ამდენად, საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, თავს არიდებს ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ პერსპექტივაზე, იმედებზე საუბარს “კონტრპროდუქტიულობის” თავიდან ასაცილებლად, რაც გასაგები სიფრთხილეა, თუ გავითვალისწინებთ თუნდაც იმას, რომ ევროკავშირში ერთსულოვნება არ სუფევს გაწევრიანების მსურველ იმ ქვეყნებზეც კი, რომელთაც გაცილებით უფრო წინ წაიწიეს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში - ლაპარაკია ხორვატიაზე, თურქეთზე...

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, ოლი რენი, როგორც ჩანს, მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი: კონფერენციაზე მან პარალელი გაავლო აშშ-თან, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაფართოება ტეხასის შტატის გაწევრიანებით, 1845 წლით თარიღდება. [ოლი რენის ხმა] “შეგვიძლია გამოვთვალოთ, რომ ტეხასი მიიღეს აშშ-ის დაფუძნებიდან 70-75 წლის შემდეგ. შემთხვევით, 2033 წელს შესრულდება 70-75 წელი ევროკავშირის დაფუძნებიდან. შესაძლოა, იმ პერიოდისთვის გაწევრიანდეს ევროკავშირში აღმოსავლეთ, ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დიდი ქვეყანა”. რომელი ქვეყანა, ევროკომისარ ოლი რენს არ უთქვამს, მაგრამ სავარაუდოდ თურქეთი ან უკრაინა იგულისხმა, რომელიმე მათგანის ან ორივეს გაწევრიანება 2033 წლისთვის.

რაც შეეხება გაცილებით უფრო მომცრო საქართველოს, რაიმე მინიშნება ბრიუსელში არ გაკეთებულა, მაგრამ, უთუოდ ღირს, კაცი გაეცნოს ესეების კრებულს, რომლის პრეზენტაციაც მოეწყო ბრიუსელში ორშაბათს გამართულ კონფერენციაზე: კრებული აერთიანებს ევროკავშირის წამყვანი მოღვაწეების მცდელობას, ასახონ, როგორ წარმოუდგენიათ ევროკავშირი მომავალი 50 წლის მანძილზე. მასში, წესით, საქართველოს ადგილიც უნდა იყოს...
XS
SM
MD
LG