Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირული პროგრამა "ალგორითმი"


სანტორინის ვულკანის ამოფრქვევის დათარიღება


დღეს ვიწყებთ ახალ ყოველკვირეულ პროგრამას, “მეცნიერება და ტექნიკა”. ამ რუბრიკაში საუბარი გვექნება ხოლმე სამეცნიერო და ტექნიკურ სიახლეებზე, მნიშვნელოვან გამოკვლევებზე, მეცნიერების ისტორიაზე და მის როლზე საზოგადოების განვითარებაში, საქართველოში მეცნიერების დღევანდელ მდგომარეობაზე.

ჩვენი პროგრამა არ შემოიფარგლება მეცნიერების რომელიმე ცალკეული სფეროთი. და რადგანაც დღეს პირველი გადაცემა გვაქვს, გადავწყვიტეთ, მოგითხროთ ერთ ისეთ პრობლემაზე, რომელიც მეცნიერების ორივე მთავარი მიმართულების წარმომადგენელთა, ჰუმანიტართა და ბუნებისმეტყველთა თანამშრომლობის მაგალითია.

საქმე ეხება არქეოლოგიას და მასში საბუნებისმეტყველო მეთოდების გამოყენებას. კერძოდ კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ფიზიკის ლაბორატორიაში ჩატარებულმა გამოკვლევამ თავდაყირა დააყენოს ჩვენი ცოდნა ანტიკური სამყაროს შესახებ.

საბერძნეთის კუნძული სანტორინი, რომელიც ასევე თერას სახელითაც არის ცნობილი, ეგეოსის ზღვის სამხრეთში მდებარეობს.

ამ კუნძულთან არის დაკავშირებული კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა, ვულკანის ამოფრქვევა, რომელმაც გავლენა მოახდინა ხმელთაშუაზღვისპირეთის არა მხოლოდ გეოგრაფიაზე, (სანტორინის დიდი ნაწილი ზღვაში გაუჩინარდა) არამედ იქ მოსახლე ხალხების კულტურებზე. სანტორინის კატასტროფა გამოძახილს პოულობს არაერთ მითოლოგიასა თუ გადმოცემაში.

მრავალი წელია, მეცნიერები დაობენ იმაზე, თუ როდის შეიძლებოდა მომხდარიყო სანტორინის ვულკანის ამოფრქვევა. თარიღის დადგენა იმიტომაცაა საინტერესო, რომ ისტორიკოსები მას მინოსური კულტურის დაცემას უკავშირებენ. დისკუსიაში ერთმანეთს ძირითადად უპირისპირდებიან ჰუმანიტარები და ბუნებისმეტყველნი.

კუნძულ კრეტაზე მცხოვრები მინოსელები ერთობ მშვიდობიანი ხალხი იყო, რაც არქეოლოგიური მასალით დასტურდება. მათ ეკუთვნით ევროპაში პირველი დამწერლობა, ისინი აგებდნენ გზებს და ქმნიდნენ ხელოვნების ნიმუშებს. მაგრამ დაახლოებით 1450 წელს ეს კულტურა მიკენელებმა გაანადგურეს. ბერძნული კულტურა დიდად არის დავალებული მინოსურისგან.

საერთოდ, ეგეოსის ზღვის ცივილიზაციები საინტერესოა არა მხოლოდ ანტიკური, არამედ საქართველოს ისტორიისა და კულტურის კვლევისთვისაც. როგორფ მთელი რიგი მეცნიერები ფიქრობენ, სავსებით შესაძლებელია, ქართველების მონათესავე ხალხები სწორედ ამ რეგიონში იყვნენ საძებნელი.

არსებობს თეორია, რომ მინოსელები სანტორინიზე ვულკანის აფმორქევამ დაასუსტა და ამან შეუწყო ხელი მიკენელების გამარჯვებას. როგორც საბერძნეთის ეროვნული ობსერვატორიის მიერ მოპოვებული კომპიუტერული სიმულაცია მოწმობს, ამოფრქვევის შედეგად წარმოშობილი ტალღები 26 მეტრს აღწევდა. ცუნამიმ დაახლოებით ასი კილომეტრით დაშორებული კრეტის ნაპირები წალეკა.

არქეოლოგიური მასალის, ძირითადად ეგვიპტური წყაროების, საფუველზე მეცნიერები ასკვნიან, რომ ამოფრქვევა უნდა მომხდარიყო 1540 წლის მიდამოებში. მაგრამ ახალი საბუნებისმეტყველო გამოკვლევები მოწმობს, რომ ამოფრქვევა დაახლოებით 90 წლით ადრე, 1630 წელს უნდა მომხდარიყო.

ბუნებისმეტყველებმა ორ ათეული წლის წინ დაიწყეს ამ დათარიღებაში ეჭვის შეტანა. მათი აზრით, ამოფრქვევა უფრო ადრე მოხდა. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ერთნი მოიხმობდნენ გრენლანდიის მყინვარების შემადგენლობას, სხვები კი ხეების ჭრილში რგოლებზე დაკვირვებით, ე.წ. დენდროქრონოლოგიით ეცადნენ ამოფრქვევის დათარიღებას

როგორც ბუნებისმეტყველთა ბანაკი ირწმუნება, ახალი დათარიღების სასარგებლოდ საბოლოო დასკვნების საშუალებას იძლევა ზეთისხილის ხე, რომელიც სანტორინიზე მომხდარი ამოფრქვევის შედეგად ფერფლად იქცა და რომელიც აარჰუსის უნივერსისტეტში მოღვაწე მეცნიერის, ვალტერ ფრიდრიხის ჯგუფმა აღმოაჩინა ახლახან.

ჩვენ დავუკავშირდით ამ ჯგუფის წევრს, ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიის რადიოაქტიური ნახშირბადის ლაბორატორიის ხელმძღვანელს ბერნდ კრომერს.

[კრომერის ხმა] "ჩვენ ხელთ გვქონდა მონაცემთა სეკვენცია, კერძოდ, ზეთისხილის ტოტი, რომელიც ამოფრქვევის შედეგად დაიმარხა. ამის მეშვეობით შესაძლებელია იმის რეკონსტრუქცია, თუ როგორ ხდებოდა ატმოსფეროში C-14-ის შემადგენლობის კლება. ამ მეთოდით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მე-16 საუკუნე, ანუ 1520 წელი, გამოირიცხა ვულკანის ამოფრქვევის თარიღად."

რაში მდგომარეობს C-14 მეთოდით კვლევის პრინციპი, რომელიც ბერნდ კრომერმა ახსენა? მოუსმინეთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოს ლევან გორდეზიანს:

[გორდეზიანის ხმა] " C-14, მოგეხსენებათ, არის ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპი, რომელსაც აქვს ასეთი თვისება, რომ ის დროის გარკვეულ პერიოდში ნახევრდება. იმის მიხედვით, ნორმალური დოზიდან რამდენი არის დარჩენილი ამა თუ იმ ორგანულ ნაშთში, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ამ ორგანული ნაშთის სიკვდილის თარიღი."

ასე რომ, ამ მეთოდით გაკეთებული ახალი აღმოჩენით, სანტორინის ვულკანის ამოფრქვევა მე-17 საუკუნეში, დაახლოებით 1630 წელს მოხდა.

ერთი შეხედვით შეიძლება ამაში არაფერი იყოს დრამატული. ამა თუ იმ მოვლენის ხელახლა დათარიღება იშვიათი რამ არ გახლავთ. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა. თუკი C-14 მეთოდით მიღებული შედეგები სწორია და ამოფრქვევა მართლაც თითქმის ერთი საუკუნით ადრე მოხდა, მაშინ უაცილებელი ხდება მთელი ამ რეგიონის ისტორიის ხელახლა დაწერა. ეგვიპტისა თუ საბერძნეთის ისტორიაში მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა და, შესაბამისად, ქრონოლოგიის ნაწილი დაახლოებით ერთი საუკუნით უკან გადაიწევს, ვინაიდან ამოფრქვევა, რომელის გამოძახილი მთელ რიგ წყაროებში დასტურდება, ისტორიკოსებისთვის ერთგვარი ორიენტირის როლს თამაშობდა.

ფიზიკოს კრომერის ჯგუფის აღმოჩენას მხარს უჭერს მისი ამერიკელი კოლეგის, სტარტ მანინგის ჯგუფის მიერ გაკეთებული აღმოჩენა. ამ ჯგუფმაც შეისწავლა ეგეოსის ზღვის ბრინჯაოს პერიოდის ხის მასალა და დაადგინა, რომ სანტორინის ვულკანის ამოფრქვევა 1660-დან 1613 წლამდე პერიოდში უნდა მომხდარიყო, ანუ მიღებულ თარიღზე დაახლოებით ასი წლით ადრე.
მაგრამ ჰუმანიტარებს ჯერჯერობით მაინც ეჭვი შეაქვთ ბუნებისმეტყველთა დათარიღებაში.

[გორდეზიანის ხმა] "აქ ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ თუ ამ გეოლოგიურ კატასტროფას ახლდა რაღაც რადიოაქტიური ანომალია და რაღაც არაჩვეულებრივი რადიოაქტიური ფონი შეიქმნა, სავსებით დასაშვებია, რომ ის გადახრა, რასაც დღეს C-14-ის თარიღები გვაჩვენებს, იყოს ამით გამოწვეული და სინამდვილეში თარიღი არ იყოს შესაცვლელი."

ლევან გორდეზიანის ამ ეჭვებს მრავალი არქეოლოგი იზიარებს მთელ მსოფლიოში. თუმცა ჰუმანიტართა შორისაც არაერთი მნიშვნელოვანი მკვლევარი ემხრობა დათარიღების შეცვლის იდეას. ასეა თუ ისე, ბუნებისმეტყველთა ახალმა გამოკვლევებმა სანტორინის ამოფრქვევის კვლევა ახალ ეტაპზე აიყვანა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG