Accessibility links

logo-print

თვითგამოცხადებული რესპუბლიკები - რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის პრესა კვლავ დიდ ყურადღებას უთმობს ე.წ. თვითაღიარებული რესპუბლიკების თემას, მით უფრო, რომ ამის საინფორმაციო მიზეზი არსებობს:

თვითაღიარებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის პირველი პირები მოსკოვში სამომავლო მოქმედებებს ათანხმებენ. რუსეთის პრესის მიმოხილვას დავიწყებ დღევანდელი ”მოსკოვსკი კომსომოლეცის” პუბლიკაციით, რომლის სათაურიც ასე ჟღერს: ” არაღიარებულნი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებენ.”

”დროა, პრინციპული პოზიცია დავიკავოთ. საკმარისია დათმობებზე წასვლა.” - ცხინვალის ხელისუფლების ლიდერის ედუარდ კოკოითის ამ განცხადებას იშველიებს დღევანდელი ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” იმ განწყობილების გამოსახატავად, რომელიც თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერთა წრეში შეიქმნა. მოსკოვური შეხვედრის საბაბად აპრილის დასაწყისში სოხუმში დაგეგმილი სოხუმის, ცხინვალისა და ტირასპოლის ლიდერთა შეხვედრის დეტალების შეთანხმება იქცა. როგორც გაზეთ ”მოსკოვსკი კომსომოლეცს” განუცხადა სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის მხრიდან თვითაღიარებული რესპუბლიკების აღიარების პერსპექტივა იქნება: ”რუსეთს ახლა უნიკალური და, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა, შეინარჩუნოს თავისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში, ანუ ცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მოსკოვმა უნდა გამოიყენოს კოსოვოს პრეცედენტი და ახლა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი, რადგან მერე კოსოვოს მაგალითი აქტუალობას დაკარგავს.” სერგეი შამბას აზრით, რუსეთის მიერ თვითაღიარებული რესპუბლიკების აღიარება, რაღა თქმა უნდა, უარყოფით რეაქციას გამოიწვევს, მაგრამ დასავლეთი რუსეთის ნებისმიერი მოქმედებით იქნება უკმაყოფილო. კიდევ ერთი ციტატა შამბას განცხადებიდან: ”თუ რუსეთი ახლა არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიას საკუთარი ინტერესის სფეროდ არ განიხილავს. რუსეთი ასეთი არჩევანის წინაშე დგას: ახლა ან არასდროს - ან თვითაღიარებული რეპუბლიკების აღიარება, ან რეგიონში გავლენის საბოლოოდ დაკარგვა.”

აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს ეხება ჟურნალი ”ვოენნო-პრომიშლენნი კურიერი”, რომელიც მკითხველს შეახსენებს, რომ აფხაზური არჩევნები არავის უღიარებია, არაღიარებული ქვეყნების გარდა. გარდა ამისა, თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მეორე სხდომამ - ამ გაერთიანებაში თვითაღიარებული ქვენებია გაერთიანებული - მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა გაეროსთვის თხოვნით, არ შეიცვალოს აფხაზეთში სამშვიდობო ძალების მოქმედების ფორმატი და არ დაუშვას კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა. გამოცემას მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვები, რომ, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის მიმართ ძალის გამოყენების შემთხვევაში, რუსეთის რეაქცია ადეკვატური იქნება. ”ჩვენ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ რუსეთის იმ მოქალაქეების უსაფრთხოებას, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცხოვრობენ. ჩვენ მათზე პასუხისმგებლობა გვეკისრება,” - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ.

თუ როგორი შეიძლება იყოს რუსეთის ადეკვატური პასუხი, ეს, მეტ-ნაკლებად, გენერალ-ლეიტენანტ იური ნეტკაჩოვის განცხადებიდან ირკვევა: როგორც გენერალმა განუცხადა ”ვოენო-პრომიშლენი კურიერს”, თუ თბილისი დაიწყებს აფხაზეთში სამხედრო ოპერაციას, გამორიცხული არ არის, საქართველოს აეროდრომები და სხვა სამხედრო ობიექტები პრევენციულად დაიბომბოს. რუსი გენერლის განმარტებით, ასეთი ქმედებები გამართლებული იქნება, რადგან გამომდინარეობს რუსეთის სამხედრო დოქტრინის პრინციპებიდან.
XS
SM
MD
LG