Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დაირღვა


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 20 მარტის გამთენიისას, 4 საათსა და 30 წუთზე, კვლავ დაირღვა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის მხრიდან.

”მი-24” ტიპის ორმა შვეულმფრენმა ტყვარჩელის მხრიდან ზემო აფხაზეთის ტერიტორიას - კონკრეტულად კი, სოფელ ქვაბჩარის მიმდებარე ტერიტორიას - გადაუფრინა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ხეობაში კიდევ ორი, ამჯერად ”სუ-25” ტიპის, სამხედრო თვითმფრინავი შეამჩნიეს. მათ სოფელში მდებარე პოლიციის საგუშაგოებს გადაუფრინეს და მარუხის უღელტეხილით რუსეთისკენ გაფრინდნენ. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ რა რეაქცია მოჰყვა ამ საჰაერო რეიდებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

ამ ორიოდე კვირის წინ საქართველოს საჰაერო საზღვრების დარღვევას შედეგად მოჰყვა ზემო აფხაზეთის სოფლების დაბომბვა. საქართველოს მხარე ამტკიცებს, რომ კოდორის ხეობაში ჭურვები რუსეთის მხრიდან შემოფრენილმა სამხედრო თვითმფრინავებმა ჩამოყარეს. საქართველოს ხელისუფლება ხელს კვლავაც რუსეთის ტერიტორიისაკენ იშვერს, თუმცა ამჯერად ყველაფერმა დაბომბვის გარეშე ჩაიარა. საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის მეორე შემთხვევის დროს ზემო აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია.

[მალხაზ აქიშბაიას ხმა] ”დღეს დილით, 5 საათზე, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, განგაში. საგუშაგოები მაქსიმალურად არის დაცული, ყველა ნაბიჯი იდგმება, რათა მოსახლეობა იქნას მაქსიმალურად დაცული. დილის 7 საათზე განგაში მოიხსნა, რადგან ხეობაში ახლა სიმშვიდეა.”(სტილი დაცულია)

არადა, ორიოდე კვირის წინ, როდესაც პირველად დაირღვა საქართველოს საჰაერო სივრცე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობაზე ლაპარაკობდა და არა მხოლოდ განგაშის გამოცხადებაზე.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ყველანაირი თავდასხმა ზემო აფხაზეთის მოსახლეობაზე ეს არის თავდასხმა საქართველოზე და საქართველო, როგორც ერთი, ჩვენ ხელთ არსებული საკმარისი რესურსებით - ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ, რომ გვქონდეს - დაიცავს ამ რეგიონის მოსახლეობას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მოსახლეობას, რომელსაც ვინმე ცდილობს, რომ შეუქმნას პრობლემები.”(სტილი დაცულია)

რატომ არ განხორციელდა პრეზიდენტის ეს სიტყვები 20 მარტის გამთენიისას? ამ საკითხის განმარტება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერს მალხაზ აქიშბაიას ვთხოვე.

[მალხაზ აქიშბაიას ხმა] ”11 მარტის ანალოგია არ იყო. თვითმფრინავები იყვნენ მიმდებარე ტერიტორიაზე და, ალბათ, თავიანთ ტერიტორიაზე ასრულებდნენ ფრენას. ამ საკითხების განხილვა ახლა მიმდინარეობს.”


სამხედრო ექსპერტის ირაკლი ალადაშვილის აზრით, პრობლემა სწორედ იმაშია, რომ საქართველოს თითქმის არ შესწევს ძალა აღმოაჩინოს და ფაქტობრივად დაადასტუროს საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი. ზემო აფხაზეთში კი საჰაერო სივრცის დამრღვევთა მიმართ სათანადო ზომების გატარებას ხელს უშლის სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, ის, რომ ხეობა სახელმწიფო საზღვრის პირასაა და თან მთაგორიანი ზონაა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”მესამე არის ის, რომ ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ გამოყვანილი გვყავს სამხედრო შენაერთები. იქ არის მხოლოდ პოლიცია, რომელსაც ვერ დაავალებ თვითმფრინავის ჩამოგდებას ან აღმოჩენას. იქ რომ ის სისტემები შევიყვანოთ, - ის სისტემები, რაზეც პრეზიდენტი საუბრობს, - ეს გამოიწვევდა ახალ დაპირისპირებას, რომ, აი, ქართველებმა ისევ სამხედრო შენაერთები შემოიყვანეს ხეობაში.”(სტილი დაცულია)

ექსპერტების აზრით, ასეთ ვითარებაში კოდორის ხეობის მოსახლეობის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება და საზღვრის დარღვევის ფაქტების გამოძიებაა. შეგახსენებთ, რომ ზემო აფხაზეთის სოფლების ორი კვირის წინანდელი დაბომბვის შესასწავლად შექმნილ ოთხმხრივ კომისიას დასკვნა ჯერაც არ გამოუქვეყნებია.
XS
SM
MD
LG