Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ათეულობით ქალაქში ანა პოლიტკოვსკაიას ტექსტების კითხვა გაიმართა


“ვინ ვარ? და რატომ ვწერ ჩეჩნეთის მეორე ომზე? ჟურნალისტი ვარ. დედაქალაქის “ნოვაია გაზეტას” სპეცკორესპონდენტად ვმუშაობ. და ესაა ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ომი ვნახე

– მის გასაშუქებლად გამგზავნეს. იმიტომ არა, სამხედრო კორესპონდენტი ვიყო და ამ საკითხში კარგად ვერკვეოდე. პირიქით: იმიტომ, რომ სავსებით სამოქალაქო პირი გახლავართ. მთავარი რედაქტორის ჩანაფიქრი მარტივი იყო: სწორედ ჩემთვის, სავსებით სამოქალაქო პირისთვის, ბევრად უფრო გასაგებია განცდები სხვა სავსებით სამოქალაქო პირებისა - ჩეჩნეთის სოფლებისა და ქალაქების მცხოვრებლების, რომელთაც ომი დაატყდათ თავს. ესაა და ეს.
ამიტომ ყოველთვიურად მივემგზავრები ჩეჩნეთში, 1999 წლის ივლისიდან მოყოლებული. ცხადია, მთელი ჩეჩნეთი მოვიარე. ბევრი უბედურება ვნახე. მთავარი კი ის, რომ მრავალი ჩემი გმირი, რომელთა შესახებაც ამ ორწლინახევრის მანძილზე ვწერდი, გარდაცვლილია. ასეთი საშინელი ომი მოხდა... შუა საუკუნეების. მერე რა, რომ XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე და ევროპაში.”

“ჩეჩნეთის მეორე” - ასე ჰქვია ანა პოლიტკოვსკაიას წიგნს, რომლის წინასიტყვიდან ერთი ფრაგმენტი მოგაწოდეთ. ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ამ ომზე და საერთოდ ჩეჩნეთში ადამიანების მდგომარეობაზე წერდა და სიმართლის თქმას ცდილობდა, მოკლეს. დღეს, 20 მარტს, მთელ მსოფლიოში, 20 ქვეყნის ათეულობით ქალაქში, რუსეთიდან კოლუმბიამდე, ანა პოლიტკოვსკაიას ამ ნაშრომის საჯარო კითხვაა. ანუ მის ნაწარმოებს კითხულობენ შეხვედრებზე, საუბრებზე, რადიოში, კითხულობენ პროფესიონალი მსახიობები, მწერლები, ჟურნალისტები, კითხულობენ ორიგინალის ენაზე - რუსულად, მსოფლიოს უდიდეს ენებზე, ასევე, პოლონურად, ჩეხურად, თათრულად და ქართულად. ქართულადვე - რადიო “თავისუფლების” ეთერში.

(ციტატა პოლიტკოვსკაიას წიგნიდან) “მას სხეულზე სიგარეტებს აწვავდნენ, ფრჩხილებს აგლეჯდნენ, თირკმელებში წყლით სავსე “პეპსის” ბოთლებს ურტყამდნენ. მერე “აბაზანად” წოდებულ ორმოში ჩააგდეს. ის წყლით იყო სავსე (სხვათა შორის, ზამთარში) და შიგ ჩაყრილ ჩეჩნებს თან კვამლის ყუმბარას აყოლებდნენ. ორმოში ექვსნი იყვნენ. ნაწილი ვერ გადარჩა. დაბალჩინოსანი ოფიცრები, რომლებიც კოლექტიურ დაკითხვებს აწყობდნენ, ჩეჩნებს ეუბნებოდნენ, რომ მათ ლამაზი ტაკოები აქვთ, და აუპატიურებდნენ. თან ეუბნებოდნენ, ეს იმიტომ, რომ “თქვენს დედაკაცებს ჩვენთან დაწოლა არ უნდათო”. ახლა გადარჩენილი ჩეჩნები ამბობენ, რომ “ლამაზი ტაკოებისთვის” შურისძიება მთელი მათი დარჩენილი ცხოვრების მიზანია.”

ანა პოლიტკოვსკაიას ამ ნაშრომიდან ფრაგმენტები წაიკითხეს დღეს თბილისშიც, გოეთეს ინსტუტში, “კითხვაში” ჩართული იყო ასევე “ჰაინრიხ ბიოლის ფონდი”.

იდეა ასეთი კითხვისა გერმანიის “პეტერ ვაისის ხელოვნებისა და პოლიტიკის” ფონდს ეკუთვნის. ფონდმა დააფუძნა ეს, როგორც თავად უწოდებს, “პოლიტიკური სიცრუის დღე”. მოუსმინეთ ფონდის “ლიტერატურის ფესტივალის” წარმომადგენელს ჰანო დეპნერს, რომელიც ამ იდეასა და მის არსს განმარტავს.

[ჰანო დეპნერის ხმა] “ჩვენ ეს შარშან დავიწყეთ, 2006 წლის 20 მარტს. მაშინ ამოსავალი იყო ტექსტი ამერიკელი მწერლის ელიოტ უაინბერგერის წიგნისა "რას ვისმენდი ერაყზე". მასში საუბარია ერაყის ომის შესახებ სიცრუეზე, მოთხრობილია ამ ომთან დაკავშირებული გარემოებები. 20 მარტი ერაყში აშშ-ის არმიის შეჭრის წლისთავია. ის დღე ამ თარიღს დავამთხვიეთ და მას, უბრალოდ, "პოლიტიკური სიცრუის დღე" ვუწოდეთ."

როგორც ჰანო დეპნერმა გვიამბო, ამ აქციას წარმატება ჰქონდა - ფონდის მოწოდებას ბევრი გამოეხმაურა. უაინბერგერის ტექსტი ყველა კონტინეტზე, 47 შეხვედრაზე, იქნა წაიკითხული, ახლა კი ანა პოლიტკოვსკაიას გარდაცვალებამ გვიკარნახა მისი ტექსტი აგვერჩიაო, ამბობს ჰანო დეპნერი.

ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში მოკლეს შარშან 7 ოქტომბერს. ის 1958 წელს დაიბადა ნიუ-იორკში, რუსი დიპლომატის ოჯახში. ისწავლა ჟურნალისტიკა და მუშაობდა სხვადასხვა გაზეთში, მათ შორის, საბჭოთა პერიოდში “იზვესტიაში”. შემდგომ ის სხვადასხვა დამოუკიდებელ გაზეთში, ბოლოს კი ოპოზიციურ “ნოვაი გაზეტაში” წერდა. “ნოვაია გაზეტაში” მან 1999 წელს დაიწყო მუშაობა, ზუსტად იმ წელიწადს, როცა პუტინი პრემიერი გახდა და ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო. ამ ორ მოვლენას, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული და რამაც გამოუსწორებელი შედეგი გამოიღო, აღწერს პოლიტკოვსკაია თავის წიგნებში “ჩეჩნეთი - სიმართლე ომის შესახებ” და “პუტინის რუსეთში”. პოლიტკოვსკაიამ თავის ერთ ინტერვიუში ბრიტანეთის გაზეთ “გარდიანთან” განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ცდილობდა მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ ის საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდა, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ ნაწილი იყო საყოველთაოდ დაშვებული ბრძოლისა და მას წარმატება ჰქონდა. ამაზრზენი იყო, ამბობდა ანა პოლიტკოვსკაია, როცა მან დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს ბესლანის სკოლაში მძევალთა აყვანის ამბავში ბინ ლადენის ხელი ერია. რა საერთო აქვს ამას ბინ ლადენთან? - სვამს კითხვას პოლიტკოვსკაია.

ანა პოლიტკოვსკაია თავისი რეპორტაჟებით ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ჩეჩნეთში ომი არ დასრულებულა, რომ ძალადობა და ადამიანის უფლებების დარღვევა შეუჩერებლად გრძელდება.

პეტერ ვაისის ფონდის ლიტერატურის ფესტივალის” წარმომადგენელი განმარტავს, თუ რატომ აირჩიეს მათ კითხვის თემად ომი, ეს ორი ომი.

[ჰანო დეპნერის ხმა] “ჩვენი მიზანი არ არის ამ ორი ომის შედარება. პეტერ ვაისის ფონდის მიზანია, პოლიტიკური ქმედების ფორმებსა და შინაარსში გარკვევა და მათი გაცნობიერება. და ომები ხშირად, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საშინელი შედეგია უხეირო პოლიტიკისა. ამიტომ იქცა ომი ჩვენი ყურადღების საგნად, თორემ ჩვენ ამ ორი ომის შედარება სულაც არ გვსურს.”

“პეტერ ვაისის ფონდის” წარმომადგენელს ასეთი კითხვის საერთო მიზანზეც ვკითხე.

[ჰანო დეპნერის ხმა] “რაც უფრო გაიზრდება აქცია, რაც უფრო მეტი მონაწილე ეყოლება მას, მით უფრო დიდი იქნება ზეწოლა პოლიტიკოსებზე და მით უფრო ცხადი გახდება, რომ კაცმა თავს ყველაფრის უფლება არ უნდა მისცეს.”

(ციტატა პოლიტკოვსკაიას წიგნიდან) “ბანდიტების გამოვლენის” მიზნით მაროდიორობისა და რეკეტის კონვეიერი ჩეჩნეთში შეუჩერებლად მუშაობს. ანუ დროა შევაჯამოთ: მეორე ომმა მხოლოდ აქ ჩადენილი დანაშაულების შემსრულებლები შეცვალა. ის, რის წინააღმდეგაც “ანტიტერორისტული ოპერაცია” იყო მიმართული - მძევლად აყვანა, მონობა და ცოცხალი საქონლისთვის დანიშნული გამოსასყიდები, ყველაფერ ამას ახლანდელი მდგომარეობის ბატონ-პატრონები, სამხედროები, აკეთებენ იარაღის, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გზით.
ვსხედვართ ისას ერთადერთ, პაწაწინა ოთახში, სადაც მხოლოდ ფიცრის საწოლი და ღუმელი დგას - ძალიან ღარიბი ოჯახია. ისას ოთხი წლის გოგო, თავზარდაცემული, თვალს არ მაცილებს. ისას ცოლი მიხსნის: ხედავს, რომ ჩვენიანი არა ხართ, იმათი ჯიშის ხართ, ვინც მის თვალწინ მამამისს სცემდაო...”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG