Accessibility links

logo-print

მეწარმეთა შესახებ კანონში შესულ ცვლილებაზე საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განაგრძობს მეწარმეთა შესახებ კანონში 2005 წელს შესული ცვლილების კონსტიტუციურობის შესახებ რამდენიმე მოქალაქის სარჩელის განხილვას.


კანონის 53–ე პრიმა მუხლის თანახმად, თუ საწარმოში აქციონერი აქციათა 95 პროცენტზე მეტს ფლობს, მას აქვს უფლება, დარჩენილი აქციები სხვა მფლობელებისაგან ეგრეთ წოდებულ სამართლიან ფასად გამოისყიდოს. შესაბამისად, ამა თუ იმ სააქციო საზოგადოების ხუთ ან უფრო ნაკლები პროცენტის აქციათა მფლობელს კანონი საკუთრების დათმობას პირდაპირ ავალდებულებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე მეწარმეთა შესახენ კანონის სადავო მუხლის მოქმედება შეჩერებულია.

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო მუხლის მოქმედება 2006 წლის აგვისტოში შეაჩერა. მისი ამოქმედების საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვევა. საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელის თანახმად, მეწარმეთა შესახებ კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლს, რომლის თანახმად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ანუ დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
[ზაურ ელაშვილის ხმა]“ ვარ “ენისელის და სარაჯიშვილის” აქციონერი, მაქვს 292 აქცია. შარშან მომივიდა წერილი აქციების ძირითადი მფლობელის ბუბუტეიშვილისაგან, რომელიც, როგორც თვითონ მწერდა, ფლობდა 97 პროცენტს ამ აქციებისას. მიუთითებდა 53–ე მესამე პრიმა მუხლს მეწარმეობის შესახებ, რომ მას ამ კანონის საფუძველზე სურდა და გადაწყვიტა, რომ შეეძინა დანარჩენი აქციები.“(სტილი დაცულია)
სააქციო საზოგადოება „ენისელისა და სარაჯიშვილის“ აქციონერმა ზაურ ელაშვილმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლს“ მიმართა. ასე გახდა იგი საკუთარი უფლებებისა და საკუთრების დამცველი ერთ–ერთი პირი იმ მოქალაქეთა მცირერიცხოვანი ჯგუფიდან, რომელთაც სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ შეიტანეს.
[ბათა ჩანგსელიანის ხმა]“ ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით არის ცალსახა, რომ არ ვეთანხმები ამ მუხლების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ მსჯელობას. აღნიშნული ნორმა არ ეხება არც ჩამორთმევას საკუთრებისა, არც შეზღუდვას. ეს არის გარკვეული კონტროლის მექანიზმის დაწესება სახელმწიფოს მხრიდან, მართლზომიერი კონტროლის დაწესებისა და, აქედან გამომდინარე, მე ამ შემთხვევაში არ ვეთანხმები მოსარჩელეთა მოსაზრებას, რომ ეს არის არაკონსტიტუციური.“(სტილი დაცულია)
ამბობს საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი, საკონსტიტუციო სასამართლოზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ბათა ჩანგსელიანი.
[ზურაბ მარაქველიძის ხმა]“ ძირითადი აქცენტი ჩვენი დაცვის ხაზისა ის არის, რომ შეუძლებელია ერთ კერძო მესაკუთრეს ჰქონდეს მეორე კერძო მესაკუთრისთვის საკუთრების ჩამორთმევის უფლება. ამან შეიძლება ანარქიამდე მიგვიყვანოს. შესაძლებელია უფლება საკუთრების ჩამორთმევისა ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს, მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას და კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დღეს რა მდგომარეობაც გვაქვს, ჩვეულებრივ ერთ კერძო პირს შეუძლია ჩამოართვას მეორე კერძო პირს საკუთრება.“(სტილი დაცულია)
ზურაბ მარაქველიძე კასპის ცემენტის ქარხნის აქციონერის ანზორ მანძულაშვილის წარმომადგენელია. მისმა კლიენტმა ქარხნის აქციები ვაუჩერებით შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ აქციონერობის მრავალი წლის მანძილზე მას დივიდენდი საერთოდ არ მიუღია, მისი ადვოკატი საკითხს ამგვარადაც კი სვამს: რატომ არ შეუძლია ხუთი პროცენტის მფლობელმა აქციათა დარჩენილი 95 პროცენტი შეიძინოს? მართალია, ამ შეკითხვით ადვოკატი კანონის დისკრიმინაციულ ხასიათს უსვამს ხაზს, მაგრამ, ამავდროულად, რეზონულია სხვა შეკითხვაც: არსებობს თუ არა აქციათა კანონით განსაზღვრული ეგრეთ წოდებული „სამართლიანი ფასის“ გამოთვლის მექანიზმი, მაშინ როცა ქვეყანაში საფონდო ბირჟა პრაქტიკულად არ მუშაობს? საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ამ შეკითხვას მეტი დამაჯერებლობით მოსარჩელე მხარე უპასუხებს:
[დალი მთვარელიშვილის ხმა]“ჩვენი ერთი აქციის ნომინალური ღირებულება არის 1 ლარი და შეაფასეს 3 თეთრად. ეს არის ჩვენი აქციის მაგათი ნამდვილი ფასი და კეთილი ნება გამოიჩინეს და გადაგვიხადეს 40 თეთრი. მიუხედავად იმისა, რომ მივედით და დავაფიქსირეთ, რომ არ გაძლევთ, ეს არის ჩვენი საკუთრება და არ გაძლევთ. და ლინჩის წესით მოგვცეს ასეთი პასუხი, რომ, 53–ე მუხლის თანახმად, თქვენ აღარა ხართ აქციონერები. ანუ ჩამოგვართვეს და პირდაპირ გვეუბნებიან, წართმევის კანონია, აბა, რისი კანონიაო.“(სტილი დაცულია)
სააქციო საზოგადოება “ტელენეტის” აქციონერის დალი მთვარელიშვილის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში დეპუტატი კახა კუკავა იცავს. მისი თქმით, პარლამენტის ეკონომიკურ კომიტეტში მეწარმეთა კანონის ამ სადავო მუხლის შეცვლის საკითხი განიხილებოდა, თუმცა ძნელი სათქმელია, რას გადაწყვეტს უმრავლესობა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, მას მეწარმეთა კანონის 53–ე მესამე პრიმა მუხლის კონსტიტუციურობის საბოლოოდ განსაზღვრამდე წინ კიდევ რამდენიმე სხდომა აქვს ჩასატარებელი.
XS
SM
MD
LG