Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მუშაობა დაიწყო ”ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მე-6 საერთაშორისო კონფერენციამ


ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია "GIOGIE – 2007" სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" 22 მარტს გაიხსნა და 23 მარტამდე გასტანს.


ეს კონფერენცია უკვე ტრადიციად იქცა და მასში საქართველოსა და კასპიის რეგიონის ენერგეტიკული პერსპექტივით დაინტერესებული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები მონაწილეობენ. ამჯერად თბილისში თავი მოიყარა 15 ქვეყნის 250-ზე მეტმა წარმომადგენელმა. მათი ინტერესის მთავარ თემებს წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება საქართველოში, სტრატეგიული განვითარება; რეგიონული ენერგეტიკის უსაფრთხოება; ინფრასტრუქტურის განვითარება; საინვესტიციო კლიმატი საქართველოში და სხვ.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების განხორციელების შემდეგ, თბილისში ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მე-6 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა ძირითადი ყურადღება ტრანსკასპიური მილსადენების მშენებლობასა და ევროპაში გაზის ტრანზიტის პერსპექტივებზე გაამახვილეს.

ტრანსკასპიური მაგისტრალი მიზნად ისახავს კასპიის აღმოსავლეთ რეგიონებში მოპოვებული ბუნებრივი აირის გატარებას კასპიის ზღვის ფსკერზე. ეს მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს შეუერთდება და შემდგომ ეტაპზე ბუნებრივ აირს ევროპის ქვეყნებს მიაწვდის. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ეს ჯერჯერობით თეორიაა:

[ნიკა გილაურის ხმა] ”ჯერჯერობით მაინც ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ეს არის პროექტი, რომელიც, თეორიულად, შესაძლებელია განხორციელდეს უახლოეს მომავალში.”

ასევე თეორიული პერსპექტივის სახით, თბილისის კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ეგრეთ წოდებული ”ნაბუქოს” პროექტი, რომელიც ტრანსკასპიური მაგისტრალის გაგრძელებას წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, შუა აზიიდან კასპიის ზღვისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირი ევროპაში თურქეთ- ავსტრიის დამაკავშირებელი ”ნაბუქოს” გაზსადენით მოხვდება. საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხეთაგური ტრანსკასპიური გაზსადენისა და “ნაბუქოს” პროექტებს პოტენციურად საინტერესოს უწოდებს.:

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] ”დღევანდელ კონფერენციაზე არის პრეზენტაციები გაკეთებული სხვადასხვა პროექტზე, რომელიც შეიძლება მომავალში პოტენციურად საინტერესო იყოს, როგორიცაა ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს შუა აზიის ქვეყნებიდან, აი, ამ დერეფანში გაზის მოცულობების გატანას ევროპისთვის. ასევე იყო პრეზენტაცია “ნაბუქოს” ცნობილ პროექტზე, რომელიც უზრუნველყოფს თურქეთის გავლით ევროპაში გაზსადენის მშენებლობას.”

ამ თეორიულად პერსპექტიული პროექტების შემადგენელი ნაწილია ”საქართველო-უკრაინა-ევროკავშირის” გაზსადენის მშენებლობის პროექტი, რომელიც უკვე ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პროცესშია. ”საქართველო-უკრაინა-ევროკავშირის” გაზსადენის მშენებლობის მიზანია აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოს გაზი, რომლის მარაგიც დაახლოებით 1 ტრილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიაწოდოს. მილსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს საქართველოს ტერიტორიაზე სუფსის მიმართულებით გამოეყოფა და, შავი ზღვის ფსკერზე 650 კილომეტრის გავლით, უკრაინის გაზსადენებს შეუერთდება და ასე მიაღწევს პოლონეთამდე. პირველ ეტაპზე ეს მილსადენი ყოველწლიურად 8 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს. ნიუ-იორკში დაფუძნებული ”საქართველო-უკრაინა-ევროკავშირის გაზსადენის” კონსორციუმის ხელმძღვანელის რობერტო პირანის კომენტარი:

[რობერტო პირანის ხმა] ”ეს ძალიან სტრატეგიული პროექტია მთელი არეალისთვის – მათ შორის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის. ევროკავშირისთვის კი ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია. იგულისხმება უკრაინა, პოლონეთი და ლიტვა, რომლებიც მთლიანად “გაზპორმზე” არიან დამოკიდებული. ასე რომ, ეს პროექტი შექმნის “გაზპრომის” ალტერნატივას, უფრო ზუსტად კი, ბუნებრივი აირის მიღების დამატებით გზას.”

რობერტო პირანიმ ისიც აღნიშნა, რომ ეს პროექტი საქართველოს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ევროპის ენერგეტიკულ ქარტიაში და მიიღოს ის უპირატესობები, რაც ამ ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, მათ შორის, თანადგომა ენერგეტიკის განვითარებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში. რობერტო პირანი ვარაუდობს, რომ ”საქართველო-უკრაინა-ევროკავშირის” გაზსადენის მშენებლობის დასრულება 7 წლის შემდეგ მოხერხდება.
XS
SM
MD
LG