Accessibility links

პრესის მიმოხილვა


მიმოხილვას კონფლიქტების თემით დავიწყებ: “ახალი თაობის” მიმომხილველი კონფლიქტების საკითხებში ხელისუფლების ჩამოუყალიბებლობაზე, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების საჭიროებასა და კონფლიქტების მოგვარების სავარაუდო გზებზე წერს.

მისი აზრით, “3 წელი არ არის მცირე ვადა იმისთვის, რომ ხელისუფლება ჩამოყალიბდეს, თუ როგორ აპირებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. 2004-ში სააკაშვილი პირობას დებდა, რომ ცხინვალის რეგიონს 8 თვეში დაიბრუნებდა, სოხუმს კი – 3 წელიწადში. დღეს პრეზიდენტი უფრო თავშეკავებული ჩანს დაპირებებში და ნელ-ნელა გვამზადებს იმ აზრისთვის, რომ აფხაზეთის დაბრუნებას მის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში უნდა ველოდოთ”, - წერს “ახალი თაობის” ავტორი და დასძენს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ომის გზა უპერსპექტივოა, მშვიდობიანს რაც შეეხება, ის “არა მალიარულ-ორალურ-პროკლამაციური, არამედ რეალური” უნდა იყოს.

“კოსოვო და რუსეთის კავკასიური თამაში” – “24 საათი” კოსოვოსა და მის ირგვლივ მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვერსიებსა და რუსეთის ინტერესზე წერს. ავტორი ფიქრობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე კოსოვოს მომავლის შესახებ მარტი აჰტისაარის გეგმის განხილვისას რუსეთი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, რომ რუსეთის ნაბიჯი ნაციონალისტების რადიკალური მოქმედებების დაწყებას შეუწყობს ხელს და რომ კოსოვოში კონფლიქტის განახლება და დროში გაჭიანურება მოსკოვის პირდაპირ ინტერესში შედის, რადგან მაშინ დასავლეთის პოლიტიკა მთლიანად აქცენტირებული იქნება ბალკანეთზე და კრემლს კავკასიაში თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცემა. პუბლიკაციის დასასრულს ავტორი არ გამორიცხავს, რომ მოვლენები კოსოვოსთან მიმართებით სულ სხვაგვარად განვითარდეს, თუმცა, მისი აზრით, მაინც აჯობებს საქართველო მზად იყოს პროვოკაციებისთვის, რომლებზე წამოგებაც საქართველოსთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის საკუთარ გამოცდილებაზე წერს “რეზონანსში” სამხედრო ექსპერტი შალვა თადუმაძე, რომელსაც განაცხადი თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე წარუდგენია. “კონკურსში მონაწილეობამ დამანახვა, თუ ვინ დგას დღეს ეროვნული თავდაცვის სათავეებთან. ვფიქრობ, კონკურსის მიმდინარეობისას ნათლად გამოჩნდა ის მიზეზები, რომელთა გამოც ქართული შეიარაღებული ძალების განვითარება და დასავლურ სტანდარტებთან მიახლოება ესოდენ ნელი ტემპით მიმდინარეობს, მიუხედავად სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური ნებისა და აღნიშნული პროცესების ფინანსური უზრუნველყოფისა”, - წერს თადუმაძე “რეზონანსში” და კონკურსში მონაწილეობის პროცესის ზოგიერთ დეტალზე ჰყვება: “გასაუბრების მართლაც რომ არაადეკვატურად აქტიური ფიგურა იყო ლევან ნიკოლეიშვილი, რომელმაც გასაოცარი არაპუნქტუალობა, ფსიქო-ემოციური გაუწონასწორებლობა, ზრდილობისა და კვალიფიკაციის სერიოზული ნაკლოვანებები გამოავლინა. ლევან ნიკოლეიშვილი გასაუბრების დაწყებიდან 5-10 წუთის შემდეგ შემოვიდა ოთახში და ფსევდო-სამხედრო-პატრიოტული პათოსითა და მუქარით მიმითითა, რომ თუკი არ შევწყვეტ ჩემს საქმიანობას (იგულისხმება მუდმივი სამოქალაქო მონიტორინგი შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე), ისე მცემს, რომ “მუცელზე გამხეთქავს”. ყველაფრის მიუხედავად, ლევან ნიკოლეიშვილის ჩემთან გასაუბრება პოზიტიურად აისახა მის პროფესიონალიზმზე”, - წერს “რეზონანსში” შალვა თადუმაძე, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში თავად მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG