Accessibility links

logo-print

კოსოვოს სტატუსი: გამოიყენებს თუ არა რუსეთი ვეტოს უფლებას გაეროს უშიშროების საბჭოში?


ნატოს შტაბ-ბინაში კონფლიქტების მოგვარების თემაზე იმსჯელეს ნატო-საქართველოს შეხვედრაზე, რომელიც 26+1 ფორმატში გაიმართა ნატოს პოლიტიკური კომიტეტის დონეზე.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივები და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს შიდა კონფლიქტების მოგვარებისას დაუშვებელია კოსოვოს პრეცედენტის, როგორც მოდელის გამოყენება. ეს სიუჟეტიც სწორედ კოსოვოს ეხება: ორშაბათს გაეროს წარმომადგენელი, მარტი აჰტისაარი გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს გეგმას, რომელიც სავარაუდოდ, გზას უხსნის კოსოვოს დამოუკიდებლობას, როგორც ცნობებში აღნიშნავენ ხოლმე “არასრულ დამოუკიდებლობას”.

გეგმას ემხრობა უშიშროების საბჭოს რამდენიმე მუდმივი წევრი - აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი. მაგრამ ასევე მუდმივ წევრს, რუსეთს, არაერთხელ გამოუთქვამს უარყოფითი დამოკიდებულება კოსოვოს შესახებ გეგმისადმი.

თვით ბალკანეთში ისევ ომზე ლაპარაკობენ. ევროკავშირი შიშობს, რომ რეგიონი ისევ ქაოსში გაეხვევა, თუ სასწრაფოდ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კოსოვოს სტატუსზე. გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩის, რიჩარდ ჰოლბრუკის შეფასება: [ჰოლბრუკის ხმა] “რასაკვირველია, კოსოვო მოიპოვებს დამოუკიდებლობას, ეს გარდაუვალია. მაგრამ რუსეთი აქეზებს მკაცრი კურსის მომხრეებს ბელგრადში, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ აჰტისაარის გეგმას და ეს ხელს უშლის საქმეს. თუ აჰტისაარის გეგმა არ დაამტკიცეს გაეროს უშიშროებსი საბჭოში მომავალ თვეში გადაწყვეტილების მიღებისას, კოსოვოში ძალადობა დაიწყება, რაც იქნება რუსეთის მოქმედების შედეგი და მას უნდა დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა იმისათვის, რაც მოხდება”.

კოსოვოს გეგმასთან დაკავშირებით რუსეთი უკმაყოფილებას არ მალავს. გაეროში მოსკოვის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა, რომელიც კოსოვოს საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომიდან გავიდა, გააკრიტიკა კოსოვოში გაეროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იოახიმ რიუკერტის გამოსვლა. [რიუკერტის ხმა] “მისი ანგარიში, განსაკუთებით მისი კომენტარები, უკიდურესად ცალმხრივი და საზიანი იყო. ვფიქრობ, ესეც სიმპტომია პრობლემისა, რომლის წინაშეც ვდგავართ. საერთაშორისო მისიები არ უნდა იყო ისეთი ცალმხრივი, როგორც კოსოვოს სიტუაციის შემთხვევაში”.

გაეროს გეგმის გაკრიტიკებისას ჩურკინის და სხვა რუსი ოფიციალური პირების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ გეგმა, მათი შეფასებით, არ ითვალისწინებს კოსოვოს სერბული უმცირესობის საკმარის დაცვას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მოსკოვი წინააღმდეგობას გაუწევს გეგმას, თუ მასში სერბიის ინტერესები იქნება იგნორირებული.

კიდევ ერთხელ: აჰტისაარის გეგმა ითვალისწინებს კოსოვოს “არასრულ დამოუკიდებლობას”. ლაპარაკია ატრიბუტებზე, როგორიცაა კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი. მაგრამ რეგიონი მაინც გაკონტროლდებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, უწინარეს ყოვლისა, სერბული მოსახლეობის დასაცავად. როგორც ჩვენი რადიოს ანალიტიკოსი, პატრიკ მური აღნიშნავს, როგორც სერბებისთვის, ისე კოსოვოელი ალბანელებისთვის მისაღები გამოსავლის მონახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი აღმოჩნდა.

ახლა, რაც შეეხება კოსოვოსა და ყოფილ საბჭოთა სივრცეში ე.წ. გაყინული კონფლიქტების ურთიერთმიმართების საკითხს. თუ კოსოვოს შემთხვევაში გამართლებულია თვითგამორკვევის პრინციპი, რატომ არ შეიძლება იგივე პრინციპის აღიარება დნესტრისპირეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხების მოგვარებისას? ამ შეკითხვას ხშირად სვამენ სეპარატისტები და არა მარტო ისინი: რუსი ანალიტიკოსი, კრემლთან დაახლოებული სერგეი მარკოვი ფიქრობს, რომ გაერო ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. [მარკოვის ხმა] “გაერომ ერთნაირი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს ერთნაირ შემთხვევებში. არ შეიძლება ლაპარაკი კოსოვოს დამოუკიდებლობაზე, სანამ არ ვლაპარაკობთ აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე”.

თუმცა, თვითგამორკვევის პრინციპი ორლესული მახვილია - ბოლოსდაბოლოს, მრავალეროვან რუსეთის ფედერაციასაც შეიძლება გაუმწვავოს პრობლემები.

დაბოლოს, კიდევ ერთი შეკითხვა, რომელსაც ხშირად სვამენ კოსოვოს საკითხზე საუბრისას: გამოიყენებს თუ არა რუსეთი ვეტოს უფლებას გაეროს უშიშროების საბჭოში კოსოვოს გეგმის ჩასაგდებად? რუსეთს 10 წელი არ გამოუყენებია ვეტო და ალექსანდრ რარის შეფასებით - ის გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტია - არც ამ შემთხვევაში გამოიყენებს.

[ჰოლბრუკის ხმა] “ბოლო 15 წლით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთი თავდაპირველად უარყოფით დამოკიდებულებას გამოთქვამდა ხოლმე დასავლეთის ასეთი, რუსეთის შეფასებით, ცალხმრივი მოქმედების გამო. საბოლოოდ კი თანხმდებოდა გარკვეული საკითხების მოგვარების სანაცვლოდ. ეს იყო მაგალითად, რუსეთის “დიდ რვიანში” მიღება, რაც რუსეთს შესთავაზეს. წელს შესაძლოა იყოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება”.

გამოიყენებს თუ არა ვეტოს რუსეთი, ეს, წესით, მალე უნდა გაირკვეს. როგორც უკვე ითქვა, აჰტისაარი ორშაბათს წარუდგენს კოსოვოს გეგმას გაეროს უშიშროების საბჭოს. ამასობაში კი კოსოვოში განთავსებული საერთაშორისო სამშვიდობო ძალები ემზადებიან იმ შემთხვევისთვის, თუ რეგიონში საქმე გართულდა. ნატომ კოსოვოში განთავსებული კონტინგენტი გაზარდა.
XS
SM
MD
LG