Accessibility links

რატომ ვერ ხერხდება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საფლავების მოძიება და გადმოსვენება?


საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გიორგი ხევიაშვილმა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო კომისიის წევრებმა

23 მარტს დიღომში მდებარე ძმათა სასაფლაოზე ერთობლივი აქცია გამართეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ მებრძოლთა დედებმა აფხაზურ მხარეს მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდეს. საქმე ის არის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკარგულთა საფლავების მოძიებისა და გადმოსვენების პროცესი, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ამტკიცებენ, რომ, ქართული მხარის ძალისხმევის მიუხედავად, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება გარდაცვლილთა გადმოსვენებისა და ტყვეთა გაცვლის პროცესს აფერხებს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ათას რვაასამდე ადამიანი, რომელთა შორის რვაასი სამხედროა, ხოლო ათასამდე - სამოქალაქო პირი. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ მონაცემთა ბანკში ინფორმაციის განთავსება ოჯახის წევრების განცხადების, ძალოვანი სტრუქტურების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების შეტყობინების საფუძველზე ხდება. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო კომისიის წევრის ვლადიმერ დობორჯგინიძის თქმით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აფხაზეთიდან 165 ქართველი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა:

[ვლადიმერ დობორჯგინიძის ხმა] „დღემდე ვეძებთ, ვადგენთ საფლავებს, ვახერხებთ ეგსგუმირებას, მერე ექსპერტიზა, იდენტიფიკაცია... ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც საერთაშორისო კანონებითა და ჰუმანიტარული სამართლის საფუძველზე გრძელდება. აფხაზეთიდან უკანასნელად ნეშტი 2002 წელს გადმოვასვენე, თუ ერთეულებს არ ჩავთვლით.“
ამ ერთეულებში, როგორც ვლადიმერ დობორჯგინიძე ამბობს, ვერ მოხვდა საგარეჯოელი ქალბატონის ზინა გიქორაშვილის ვაჟი, რომელიც ასევე უგზო- უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
[ზინა გიქორაშვილის ხმა] „ჩვენი შვილი დაკარგულია 1993 წლის 2 ივლისიდან. უკვე 13 წელი შესრულდა. მსახურობდა შინაგანი ჯარის საპატრულო პოლკში. იმ დღეებში გამოიტანეს საბრძოლო ტექნიკა კინდღის მიდამოებიდან და 2 რიცხვში კი დესანტები დაესხნენ თავს. თვე-ნახევრის შემდეგ გამოიტანეს ბიჭების ძვლები, მაგრამ ჩემი შვილის ამოცნობა ვერ მოხდა.“

ქალბატონ ზინას სჯერა, რომ მისი შვილი ცოცხალია, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი მიმართავს თხოვნით, ყველაფერი გააკეთონ და დაკარგული ჯარისკაცები შინ დააბრუნონ, თუმცა, როგორც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გიორგი ხევიაშვილი ამბობს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებასა და ცხედრების გადმოსვენებას სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები აფერხებენ:

[გიორგი ხევიაშვილის ხმა] „მივმართეთ ბაღაფშს და აფხაზ ხალხს, რომ მთელი ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში ამ კუთხით ჩიხში შევიდა მოლაპარაკება. თუ არაფერი შეიცვალა და უახლოეს ხანში არ აღდგა მოლაპარაკებები, არ შეიქმნება მათი მხრიდან კომისია, რომელიც ქართველ მშობლებთან ითანამშრომლებს, მაშინ ჩვენ ყველანაირ საერთაშორისო ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა მათზე მოვახდინოთ ზეწოლა.“ (სტილი დაცულია)

გიორგი ხევიაშვილის თქმით, სეპარატისტები გაურბიან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისიასთან თანამშრომლობას. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ამ კითხვას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ასე უპასუხებს:

[გიორგი ხევიაშვილის ხმა] „ალბათ, მათგან დამოუკიდებელი გარეფაქტორები მოქმედებს. მშობელი ყველგან მშობელია და როგორც ქართველი დედა განიცდის, ასევე განიცდის აფხაზი დედაც. მაგრამ, მე ვფიქრობ, პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილი რუსეთის მხრიდან, უკრძალავენ აფხაზებს ქართველებთან ყველანაირ თანამშრომლობასა და შეხებას.“
გიორგი ხევიაშვილი დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავს, თუმცა, პირველ რიგში, მას ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული აფხაზი მებრძოლების ნათესავთა გულისხმიერების იმედი აქვს.

საომარი მოქმედებების დასრულებიდან 14 წლის თავზე ენგურს გაღმაც ცხოვრობენ შვილდაკარგული დედები, რომლებიც, საგარეჯოელი ქალბატონის ზინა გიქორაშვილის მსგავსად, უკანასკნელ იმედს ებღაუჭებიან. [ზინა გიქორაშვილის ხმა ] „იქნება და მომხედოთ და იქნებ იხსნათ ამ უბედურებისგან ეს ჩვენი შვილები.“
XS
SM
MD
LG