Accessibility links

logo-print

რატომ უჭერს მხარს ამერიკა ბუნებრივი აირის საქართველოს გავლით ევროპაში ტრანსპორტირებას?


იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მიმდინარეობს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია,

ქართულ პრესაში რამდენიმე პუბლიკაცია გამოჩნდა, რომელშიც საუბარია ამერიკის ენერგოსტრატეგიაზე, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” იბეჭდება პოლიტიკური გაერთიანება ”იმედის” თავმჯდომარის ირინა სარიშვილის ვრცელი ანალიტიკური სტატია ”რას უპირებს თეთრი სახლი საქართველოს”. სტატიის ავტორის აზრით, შეერთებული შტატების მიერ საქართველოს გავლით ახალი გაზსადენის მშენებლობა გამიზნულია ევროპაზე ჰეგემონიის დასამყარებლად და რუსეთის საზიანოდ: ალტერნატიული გაზსადენით ის ყოველწლიურად 300 მილიარდ დოლარს დაკარგავს. ”რაც შეეხება ტრანსკავკასიურ მაგისტრალს, როგორც კი ამერიკის შშ ამ მაგისტრალს გაიყვანს (სავარაუდოდ, 2010 წლისთვის), საქართველო მაშინვე ამოვარდება მისი ინტერესების სფეროდან ”, წერს ირინა სარიშვილი, რომელიც უფრო რაციონალურად მიიჩნევს, ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გამოცხადებას, ამერიკის ინტერესებზე უარის თქმას და რუსეთისთვის ხელის არშეშლას ”განახორციელოს თავისი ინტერესი ევროპაში”, რაც საქართველოსთვის უფრო მომგებიანი იქნება, ვკითხულობთ გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში”.

ის, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტს რუსეთი ხელს შეუშლის, ეს 22 მარტს საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმაც დაადასტურა. გაზეთ ”24 საათის” მიხედვით, ”თურქმენული გაზის ტრანსპორტირება ევროპის მიმართულებით ტრანსკასპიური გაზსადენის მეშვეობით მოხდება, რომელიც ექსპლუატაციაში 2008 წელს შევა. საქართველოში უახლესი 2 წლის განმავლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება. გაიზრდება ტვირთების მოცულობა და შავი ზღვის ფსკერზე ყულევის მშენებლობა ახალ მასშტაბს შეიძენს,” - წერს გაზეთი ”24 საათი”.

გაზეთი ”ახალი ვერსია” კი საქართველოს მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ საკადრო კარუსელზე წერს. პუბლიკაციის თანახმად, სახელისუფლებო ვერტიკალში, შესაძლოა, ახალი გადაჯგუფება მოხდეს. მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების სქემა კი, “ახალი ვერსიის” თანახმად, ასე გამოიყურება: გიგა ბოკერია - საგარეო საქმეთა მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი - თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი - ელჩი ან შემოსავლების სამსახურის უფროსი, წერს გაზეთი ”24 საათი”.
XS
SM
MD
LG