Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


688-ე გამოშვება


ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. 21 მარტი პოეზიის საერთაშორისო დღე იყო. ამ თარიღთან დაკავშირებით მოისმენთ სიუჟეტს გალაკტიონ ტაბიძის შესახებ; ვნახავთ, არის თუ არა შესაძლებელი წარუმატებლობის წარმატებად ტრანსფორმაცია; იცით თუ არა, თბილისის რომელ შენობაში დააყენეს პირველად ლიფტი? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ამის დადგენას; ჩვენს დღევანდელ გამოშვებაშია მასალა კომპიუტისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში მსოფლიოს უდიდეს ბაზრობა CeBIT-ზე, რომელიც ამ კვირაში დასრულდა გერმანიის ქალაქ ჰანოვერში.

პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


,, ... და სიმღერით ვკვდები”
(გალაკტიონის უნიკალური აუდიოჩანწერები)

ბიძინა რამიშვილი:
მიმდინარე კვირა გარკვეული თვალსაზრისით პოეზიის კვირად შეიძლება ჩაითვალოს...
21 მარტს “იუნესკოს” დადგენილებით პოეზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. უცნაური დამთხვევით, სწორედ 21 მარტი იყო, როცა, მთელი საქართველო გალაკტიონ ტაბიძეს მთაწმინდაზე მიაცილებდა. ეს მოხდა თითქმის 50 წლის წინათ... დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ გალაკტიონზე, მოვისმენთ იშვიათ საარქივო აუდიოჩანაწერებს... და მათ შორის ერთს - სრულიად უნიკალურს, რომელიც, რადიო თავისუფლების ეთერით პირველად გაჟღერდება ქართველი მსმენელისათვის. ეს გახლავთ გალაკტიონი, რომელიც... მღერის. უფრო მეტს, ამის შესახებ მარინა ვაშაყმაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.


მარინა ვაშაყმაძე:
უკვე თითქმის 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მოხდა... მარტის ჭირვეული დღეები იდგა, ზუსტად ისეთი ახლა რომ არის.

ყველაფერი უკვე იცოდა... ისიც რომ ვარდისფერ გზას მარტის თვეში შეუდგებოდა.
გალაკტიონი...

(გიორგი ლეონიძის ხმა) ,,აკი მან თვითონვე იწინასწარმეტყველა, ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი, შავ ტანსაცმელით მე მოვირთვები.”

- ეს გოგლაა, გიორგი ლეონიძე.

არსებობს გალაკტიონის თარიღები, არსებობს გალაკტიონი თარიღების გარეშე. არა, იმ ბანალური აზრით არა, რომ ის მარად ცოცხლობს ჩვენს გულებში და ასე შემდეგ... უბრალოდ გზები მუდმივად იკვეთება... ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი, როცა გაჩნდება მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის, როცა ქუჩაში მტვერში შეიძლება ბავშვი წაიქცეს ან უბრალოდ ვინმემ იკითხოს, რომელი საათია?

პოეტი რატი ამაღლობელი ამბობს:

(რატი ამაღლობელის ხმა) ,,მოდი ასე ვთქვათ: ასეთი ხარისხის ხმები რაც გალაკტიონმა შემოიტანა მეოცე საუკუნეში ბუნებრივია ჯერ არ განცდილა და არ თანაგანცდილა გალაკტიონთან მიმართებაში. ასე რომ, გალაკტიონი პრინციპში ჯერ წაუკითხავია.”

კითხვა გრძელდება... იმ ეპოქაში, როცა ყველა ერთხმად იმას ჩივის რომ ახალმა თაობამ წიგნები მიატოვა, ინტერნეტფორუმები გადავსებულია გალაკტიონის პოეზიით. და გამომწვევი ნიკნეიმები ,,პროტეოს”, ,,ფაკ დრიმს” და ,,მაკულატურა”, პოსტავენ და პოსტავენ გალაკტიონ ტაბიძის ლექსებს.

(რატი ამაღლობელის ხმა): ,,ბავშვები მოვლენ წიგნებითო ამბობს გალაკტიონი და ნამდვილად მოვლენ წიგნებით... ახლა, შეიძლება დღეს არ მივიდნენ წიგნებით ბავშვები მაგრამ უამრავი ადამიანია, ვინც შეიძლება SMS-ით გააგზავნოს გალაკტიონის სტრიქონი. ეს არის უკვე გზავნილი, ეს არის უკვე ენა, რომელიც მიბილურშიც კი შეაღწევს...”

ეს თხოვნაც ერთ-ერთ ფორუმზე მეორდებოდა:
,,ხალხო აუდიომასალა დადეთ ვინმეს თუ მოგეპოვებათ რა... "

"გალაკტიონის მიერ წაკითხული ლექსები მინდა, ვისაც გაქვთ რამე დადეთ, ფლიზ!!!"

აუცილებლად...
გალაკტიონის მიერ წაკითხული რამდენიმე ლექსის ჩანაწერი არსებობს. უფრო იშვიათი მისი მონათხრობია:

(გალაკტიონ ტაბიძის ხმა) ,,ნება მომეცით გავიხსენო ერთი ამბავი, დიდი ხნის წინათ, მე გახლდით ბათუმში, ზღვის პირად მე მომესმა ქალის ხმა. ის მღეროდა მოტივს გედის სიმღერა. ჩვეულებრივად გედი სიკვდილის წინ მღერის, სიცოცხლეში ერთხელ. ამ მოტივმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. და მაშინვე, ბავშვობის დროს მე დავწერე ერთი ლექსი, გედის სიმღერა. “

ეს ჩანაწერი საქართველოს კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების არქივში მოვიძიეთ. ამავე არქივში აღმოჩნდა გალაკტიონის სრულიად უნიკალური ჩანაწერი. არქივის თანამშრომელი მზია ქუცნიაშვილი ამაბობს:

(მზია ქუცნიაშვილის ხმა) ,,არქივში მუშაობის პერიოდში უამრავი რამ საინტერესო გხვდება. ზოგჯერ მისი წარმომავლობის დადგენაც კი ძნელია, შეგვხვდა ერთ-ერთი ჩანაწერი, როცა მოვისმინეთ მივხვდით რომ ეს იყო გალაკტიონი რომელიც მღეროდა, გალაკტიონის ლექსები ჩვენ მოგვისმენია და ვიცით ყველამ, მაგრამ სიმღერა ეს იყო მოულოდნელი ძალიან. გალაკტიონი მღერის მისივე ლექსს ,,სახლი ტყის პირას“

და დღეს რადიო თავისუფლების მსმენელს შესაძლებლობა აქვს პირველად მოისმინოს გალაკტიონის სიმღერა:

(გალაკტიონი მღერის...)

უკვე შემდეგ, როცა გალაკტიონი აღარ იქნება, ლიტერატურისმცოდნე და კრიტიკოსი აკაკი გაწერელია იტყვის:

(აკაკი გაწერელიას ხმა) ,,სიმღერად იცლებოდა. მაგიდაზე დაასვენებდა ხოლმე მშვენიერ, ნამდვილად მშვენიერ ხელებს, არაფრის ეშინოდა, ზოგჯერ თითქოს ყველაფერი აფრთხობდა. არაჩვეულებრივი იყო და აღარაა”

ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონის შესახებ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნის ,,უცნობის” ავტორი ინტერვიუში ამბობს:

,,გავბედე სიმართლე მეთქვა გალაკტიონის ცხოვრების, მისი თვითმკლვლელობის დეტალებისა თუ იმის შესახებ, თუ რა უსამართლოდ ექცეოდნენ მას. ალბათ ამიტომაა ეს წიგნი საინტერესო.”

(რატი ამაღლობელის ხმა) ,,ეს იყო აუღიარებელი პოეტი, რეალობას გავუსწოროთ თვალი. და მას ებრძოდნენ...…ეს არ არის პათეტიკა, მას კონკრეტულად ებრძოდნენ. ძალიან კარგი პოეტებიც კი. შესაბამისად, ის ყველაზე ახლო იდგა თავის მკითხველთან. ლიტერატურულ სფეროში და ლიტერატურულ იერარქიაში არაფერს არ წარმოადგენდა და გალაკტიონის აღიარება, ეს იყო ლიტერატორთა მხრიდან კონიუნქტურა. იმიტომ რომ, ისინი დაემორჩილენ ამ რაოდენობას და ამ სიყვარულს მკითხველისას... ასე ვთქვათ, გალაკტიონი ჩვენ შეგვინარჩუნა ხალხმა,“ ამბობს რატი ამაღლობელი.

ამ ლიტერატორთა შორის, იყო მაგალითად, ივანე თარბაც.
,,გამარჯობა აფხაზეთო შენი, ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია... “

(ივანე თარბას ხმა) ,,გაუმარჯოს გალაკტიონ ტაბიძეს!…”

და ყველგან, სოხუმში თუ ქუთაისში, ბათუმში თუ თბილისში, გალაკტიონს გაუთავებლად იწვევდნენ ათასგვარ შეხვედრაზე. სადაც თურმე სიხარულით დადიოდა.

ბესარიონ ჟღენტი იგონებს, როგორ მიიწვიეს გალაკტიონი რომელიღაც ფინანსური ტექნიკუმის ლიტერატურის წრის წევრებმა:

(რატი ამაღლობელის ხმა) ,, გამართეს ვახშამი ამ საღამოს აღსანიშნავად. ცოტა გალაკტიონმა დალია, მხიარულ გუნებაზეა და როცა მას მიმართეს სადიდებელი სიტყვებით, ახლა უკვე გალაკტიონმა საპასუხო სიტყვა წარმოთქვა. ეუბნება, რომ თქვენ ახალგაზრდებო ბედნიერი ხართ, თქვენ ბედნიერ დროში ცხოვრობთ, თქვენ ჩემსავით ამდენი მწუხარება, ამდენი სევდა, რომელიც მე განვიცადე თქვენ არ მოგელით. თქვენ არ დაგჭირდებათ ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, არც ,,მე და ღამეს” დაწერა, არც ,,მთაქმინდის მთვარეს” დაწერა, არც ლურჯა ცხენების და მერის დაწერა, და უცბათ მომიბრუნდა მე: - კაი შვილი პოეტები კი იქნებიან, ბესი, ამათმა სიციცხლემ, თუკი არაფრის ამის დაწერა არ დასჭირდათ...”

მას შემდეგ, პოეტების რამდენიმე თაობა მოვიდა. ყოველ თაობას თავისი სათქმელი მოჰქონდა და თავისი ლექსი... და თუმცა ფორუმებზე ისევ თავდადებით პოსტავენ ,,მზეო თიბათვისა”, ასეთ ჩანაწერსაც არაერთხელ შეხვდებით ,,გალაკტიონის დრო გავიდა,” ,,რაღა დროს ეგეთი პოეზიაა” და ასე შემდეგ...

რატი ამაღლობელი კი ასე ამბობს:

(რატი ამაღლობელის ხმა) ,,გალაკტიონი არ არის წარსული ის ყოველთვის მომავალია, იმიტომ, რომ ყოველთვის რაღაცნაირად მომავალში დგას. ეს არ არის ის რომ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ გალაკტიონი. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ გალაკტიონისკენ, წავიდეთ წინ, როგორც რუსთაველისკენ შეგვიძლია სვლა, ასევე გალაკტიონისკენ შეგვიძლია სვლა.”

თითქმის იგივეს ამბობს ნიაზ დიასამიძე როცა მისი და ჯგუფის ,,33 ა” ერთ ცნობილ სიმღერაზე საუბრობს.

(ნიაზ დიასამიძის ხმა) ,,როცა მოინდომა გალაკტიონმა, მაშინ გამოვიდა…”

ეს სიმღერა, გალაკტიონის და დღევანდელი რეალობის კიდევ ერთი გადაკვეთაა.

ვარდისფერი გზის სრულიად ახლებური ინტერპრეტაცია.

(,,33 ა”-ს სიმღერა ,,გალაკტიონი”)

და ისევ, ინტერნეტფორუმი. ვიზიტორი სახელად მაკულატურა წერს: ,,ლეგენდები არ კვდებიან ლეგენდები მხოლოდ ქრებიან...”
ვიზიტორი ბობო კი პასუხობს; ,,გალაკტიონი მაგარია...”

მარინა ვაშაყმაძე, რადიო თავისუფლება, თბილისი


რას ნიშნავს, იყო წარმატებული

ბიძინა რამიშვილი:
ახლა წარმატებაზე ვისაუბრებთ. უფრო ზუსტად, წარმატებულ ადამიანებზე, რომელთა არსებობის გარეშე ქვეყნის წარმატებაზე საუბარი, ალბათ, შეუძლებელია. სულ ცოტა ხნის წინ თბილისში გაიხსნა კურსები, სადაც წარმატების ფსიქოლოგიას ასწავლიან დაინტერესებულ ადამიანებს. არის თუ არა შესაძლებელი წარუმატებლობის წარმატებად ტრანსფორმაცია - ამ საკითხით თამარ ჩიქოვანი დაინტერესდა.


თამარ ჩიქოვანი:
ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის თავმჯდომარე, პროფესორი ნოდარ სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ დღეს ადამიანს ყველაზე მეტად წარმატება სჭირდებათ. დღეს ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ გეზი გადარჩენაზე კი არა, წარმატებაზე და ცვლილებებზე უნდა ავიღოთო - ამბობს ის და ერთი ამერიკელი მეცნიერის გამოკვლევის შედეგებზე მიამბობს. ამერიკული საზოგადოების კვლევის შედეგად ამ მეცნიერმა - კერძოდ, ჰარვარდის პროფესორმა მაკ ლელანდმა საზოგადოება ორ ჯგუფად დაჰყო:

[ ნოდარ სარჯველაძის ხმა] ” ერთნი, რომლებიც ესწრაფვიან წარმატების მოპოვებისკენ და მეორენი, რომლებიც ესწრაფვიან დახმარების მიღებას. დახმარება და მოპოვება. წარმატება უნდა მოიპოვო და არა დახმარებით მიიღო. აღმოჩნდა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ისწრაფვიან წარმატებისკენ, 75 პროცენტს შეადგენს. ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებიც განუვითარებელნი არიან და სიღატაკის ზღვარზე იმყოფებიან, მოსახლეობის 80 პროცენტი დახმარების მიღებაზეა ორიენტირებული და არა გარღვევაზე და წარმატების მოპოვებაზე.”

ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიღწევა ითვლება წარმატებად:

[ გაგა ნიჟარაძის ხმა] ”მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებულად ითვლება ის, ვინც მოიპოვა სოციალური სტატუსი თავისნაირებთან კონკურენციაში, პატიოსანია და ა.შ. ანუ მოიგო თამაში. იაპონიაში წარმატების სხვა გაგებაა - წარმატებული ადამიანია ის, ვინც პირდათლად შეასრულა თავისი ვალდებულება მშობლების, სახელმწიფოს, სამუშაოს, მეგობრების წინაშე.”

ვინ ითვლება დღეს საქართველოში წარმატებულ ადამიანად - ამგვარი კვლევა საქართველო არ ჩატარებულა. შესაბამისად, მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება - შენიშნავს გაგა ნიჟარაძე და საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს:

[ გაგა ნიჟარაძის ხმა] ” ჩემი აზრით, დღეს საქართველოში ყველაზე წარმატებულად ითვლება მაინც მდიდარი ადამიანი და არა პოლიტიკოსი. რა გზით მოიპოვა - ქართველებს დიდად არ აინტერესებთ. და, პრინციპში, ეს არის კარგი. რომ არ აინტერესებთ, რა გზით მოიპოვა - არ არის კარგი, მაგრამ ის, რომ მდიდარ ადამიანს პრიორიტეტი აქვს პოლიტიკოსთან შედარებით და, შესაბამისად, გავლენაც, ეს ჩემთვის იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენ ნელნელა გადავდივართ ეკონომიკურ აზროვნებაზე. ახლა ვართ მთლიანად პოლიტიკის გავლენის ქვეშ. პოლიტიკოსია ყველაზე გავლენიანი.”

დასავლურ სამყაროში სხვისი წარმატება ხშირად კარგი მაგალითია დასარწმუნებლად, რომ წარმატების მიღწევა შენც შეგიძლია. დასავლური სამყაროსთვის კონკურენცია - მძაფრი, მაგრამ პატიოსანი - ჩვეულებრივი მახასიათებელია. გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ ჩვენთან ვითარება ამ მხრივ განსხვავებულია:

[ გაგა ნიჟარაძის ხმა] ” საერთოდ, ჩვენთან კონკურენცია არ უყვართ. ჩატარებულია რამდენიმე გამოკვლევა და ჩამოყალიბებულია 5 სტრატეგია კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევისა. აღმოჩნდა, რომ კონკურენცია ჩვენთან არის ყველაზე დაბალ დონეზე. კონკურენცია გადადის ძალიან ხშირად პირად მტრობაში. პირად მტრობას კი შედარებით ვერიდებით, რადგან ჩვენი კულტურა აგებულია პირად ურთიერთობებზე და არა საქმეზე. კონკურენცია კარგია საქმისთვის. და თქვენ სწორედ ბრძანეთ - როცა მდიდარ კაცს უყურებ, პოულობ მის ისეთ ნიშნებს, რომელიც გაყენებს მასზე მაღლა - ან გოიმია ან ბანდიტია ან რაღაცა და რაღაცა.”

წარმატების ქართულ ასე ვთქვათ წარმოდგენაზე საუბარი დიდხანს შეიძლება. თუმცა, ამჯერად ჩვენი, ქართველების დამახასიათებელ კიდევ ერთ თვისების აღნიშვნით შემოვიფარგლები - ჩვენ, ქართველებს წარმატება გვინდა ახლა და სრულად. არადა, ნოდარ სარჯველაძის განმარტებით:

[ ნოდარ სარჯველაძის ხმა] ” ადამიანთა დიდი რაოდენობა ჩვენთან სპრინტზეა ორიენტირებული - მოკლედ მანძილი სწრაფად გაურბინონ. ძალიან ცოტაა მარათონზე ორიენტირებული. არადა, წარმარება თავისებური მაღათონია - გრძელვადიან, რთულ გზასთან გვაქვს საქმე, როცა გეგმავ ან ჩაუთქვამ შენს თავს დიდ წარმატებას.”

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლება, თბილისი.


ლიფტების ისტორია თბილისში

ბიძინა რამიშვილი:
დღეს, რომ თბილისში მშენებლობის ბუმია უდავოა. ახალაშენებულ, უმეტესწილ მრავალსართულიან კორპუსებში ბევრ სხვა აუცილებელ დეტალთან ერთად დიდი მოთხოვნა უსაფრთხო ლიფტებზეცაა. ლიფტები ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდა, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, შვეიცარიიდან და აშშ-დან შემოდის. როგორც ირკვევა საერთო ჯამში დღეისათვის თბილისში 8 ათასზე მეტი ლიფტია, თუმცა რომელია მათგან ყველაზე ძველი, ან უფრო ზუსტად, რომელ თბილისურ შენობაში დააყენეს პირველად ლიფტი? ამ საკითხით ახლახანს რადიო ”თავისუფლების” თბილისელი კორესპონდენტი ალექსანდრე ელისაშვილი დაინტერესდა.

ალექსანდრე ელისაშვილი:
ისტორია გვამცნობს, რომ პირველად ლიფტი 1743 წელს ვერსალში საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო მე-15-ეს სასახლეში დააყენეს. ინჟინერთა მიზანი იყო მეფეს ენერგიის დაუხარჯავად მოეხერხებინა ერთი სართულით მაღლა მდებარე თავისი საყვარლის აპარტამენტებში მოხვედრა. მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში უსაფრთხო ლიფტების გამოგონებით სახელი გაითქვა ამერიკელმა ელაიშა გრეივს ოტისმა, რომლის ლიფტიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ პირველ ცათამბრჯენში დაამონტაჟეს. ცნობილია ისიც, რომ პირველი ელექტრო ლიფტი გერმანულმა კომპანიამ ”სიმენსმა და ჰალსკემ” გამოიგონა. ეს გამოგონებები თანდათან იხვეჭდნენ სახელს და მათზე მოთხოვნაც გაჩნდა. ლიფტები პოპულარულები გახდნენ რუსეთის იმპერიის ქალაქებშიც. იყო, თუ არა რევოლუციამდელ (იგულისხმება 1917 წლის რევოლუცია) ტფილისში ლიფტი - ამ საკითხის გამორკვევამ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციამდე მიგვიყვანა. როგორც შევიტყვეთ ინსპექციაში არსებობს საგანგებო სამმართველო, რომელის საარქივო ჩანაწერებიც არამხოლოდ საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკის ლიფტების და ამწე მექანიზმების შესახებ ყველა მონაცემია დაცული. ამწე მექანიზმების, საქვაბე დანადგარებისა და თბოელექტროსადგურების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ზურაბ ციციშვილმა სატელეფონო საუბრისა და შეთანხმების შემდეგ საკუთარ კაბინეტში გულდაგულ დამუშავებული ჟურნალი დაგვახვედრა. ამ ჟურნალით გავარკვიეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საწევარა, ანუ ლიფტი 1932 წელს - რიონჰესში დაუყენებიათ. პირველი სამგზავრო ელექტროლიფტი ბათუმში სასტუმრო ”ინტურისტში” ყოფილა. რაც შეეხება თბილისს:

[ზურაბ ციციშვილის ხმა] ნავთლუღში, 1939 წელს, რადიო მაჩტა, ესე ქვია. ნავთლუღში დაყენებულ იქნა საწეველა რაღაცეების და ხალხის გადასაყვანად. 59 წელს მოიხსნა ექსპლოატაციიდან, მაგრამ ესენი მაინც ინახება ჩვენთან.

ცოტა ხნის ძებნის შემდეგ ჟურნალში უძველეს თბილისურ სამგზავრო ლიფტსაც მივაგენით:

[ზურაბ ციციშვილის ხმა] ეს ჩანს, პირველი სამგზავრო საწეველა. წაგკითხავთ მფლობელი ვინ არის. კაკოიტა სნაბზბიტ, ჯილოი დომნ, ნა ნაბერეჯნი იმენი სტალინა, მისამართი არ წერია (სტილი დაცულია).

მისამართის დაუზუსტებლად ყოფილი სტალინის სახელობის რამდენიმეკილომეტრიან სანაპიროზე ”სნაბზბიტის” საცხოვრებელი სახლის აღმოჩენა არცთუ იოლი იქნებოდა, თუმცა მოულოდნელად ერთ-ერთი კოლეგისაგან შევიტყვე, რომ მან ახლახანს დიმიტრი უზნაძის ქუჩის 2 ნომერში აშკარად ძალიან ძველი ლიფტით იმგზავრა. იმ წამს ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ეს ლიფტი შესაძლოა სწორედ ის ”სნაბზბიტური” ყოფილიყო, ვინაიდან, ცნობილია, რომ სტალინის სახელი მტკვრის ორივე სანაპიროს ერქვა. ეს სახლი კი სანაპიროზე დგას. ასეა, თუ ისე ლიფტის სანახავად დიმიტრი უზნაძის ქუჩისაკენ გავეშურეთ. 2 ნომრის, მეხუთე სადარბაზოში შესვლისთანავე მივხვდით, რომ მართლაც უძველეს ლიფტთან გვქონდა საქმე:

(ისმის ლიფტის ხმაური)

სამწუხაროდ, გულდაგულ თვალიერების მიუხედავად ლიფტის კაბინაში მისი გამოშვების თარიღის აღმნიშვნელი ვერაფერი აღმოვაჩინეთ. უფრო ზუსტად, რამდენიმე თუნუქის ფილა იმდენად იყო გაცვეთილი, რომ მასზე რაიმეს ამოკითხვა შეუძლებელი იყო. ასევე სამწუხაროდ ლიფტის შესახებ გასაუბრება იმ სადარბაზოში მაცხოვრებლებთან ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან უშუალოდ სადარბაზოში არავინ შეგვხვედრია, ხოლო რამდენიმე ცდის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ჩარაზულ კართან აშკარად უცნაურად ჟღერდა ჩვენი თხოვნა ლიფტის შესახებ რაიმე მოეთხროთ ამიტომ მასზე რამდენიმე ცდის შემდეგ ხელი ჩავიქნიეთ. ასეა, თუ ისე გარეგნულადაც აშკარაა, რომ თბილისში ეს ლიფტი ერთ-ერთი პირველია. ახლა, თანამედროვე თბილისში 8000-ზე მეტი ლიფტია, მათგან 7 ათასი საცხოვრებელ კორპუსებშია დაყენებული. ლიფტების უმეტესობის მდგომარეობა ყველას მოეხსენება. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან გაძარცვული ლიფტები ხელისუფლებამ მოსახლეობის საერთო საკუთრებად გამოაცხადა. საწარმო ”თბილლიფტი” აღარ არსებობს, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ლიფტების შემოწმების უფლებამოსილება აღარ გააჩნია. მათი შეკეთების და მოვლის შესაძლებლობა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობებს ”თბილისის კორპუსის” მხარდაჭერით გააჩნიათ, თუმცა რამდენად ეფექტურად თანამშრომლობენ ამხანაგობები და ”თბილისის კორპუსი” ეს ცალკე განხილვის თემაა.

[ზურაბ ციციშვილის ხმა] რადგან სახელმწიფომ ვეღარ შესძლო დოტაციის გადახდა ამ ლიფტებზე, სამოქალაქო კოდექსში შეიტანეს 20-8-ე მუხლი, სადაც წერია, რომ ეს არის მაცხოვრებელთა საერთო საკუთრება, ანუ ფაქტიურად გაუბედურებული ლიფტები მოსახლეობას ისე გადააბარეს, რომ მოსახლეობისთვის არც არავის უკითხია და არც არავის გადაუბარებია.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო ”თავისუფლება”, თბილისი



ბიძინა რამიშვილი:
გასულ კვირაში გაუწყეთ გერმანიის ქალაქ ჰანოვერში CeBIT-ის გახსნის ამბავი. რა არის CeBIT-ი? გერმანიის კანცლერმა ასე განმარტა: [ანგელა მერკელის ხმა] “კარგი იდეების გამოფენა-ბაზრობა”. კარგი იდეა ყველაფერს - ყველა საკითხსა და სფეროს შეიძლება ეხებოდეს, თუმცა ყველაფრის გამოფენა-ბაზრობა, მოგეხსენებათ, არ არსებობს. და CeBIT-ის შემთხვევაში საქმე ეხება კომპიუტერული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოფენა-ბაზრობას - მსოფლიოში უდიდესს! მასზე მარიამ ჭიაურელი გიამბობთ.

მარიამ ჭიაურელი:
CeBIT-ზე წელს 6 000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა: 77 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის კერძო პირები და მომცრო კომპანიების დამფუძნებლები, მთავრობათა წარგზავნილები და მსხვილი კერძო სამრეწველო, თუ საბანკო კორპორაციათა დელეგაციები. გამოფენილი იყო ბოლო მიღწევები კომპუტერული და სატელეკომუნიკაციო სფეროებიდან, წარმოდგენილი იყო სამომავლოდ განსახორციელებელი იდეები - კარგი იდეები, როგორც წეღან მოისმინეთ გერმანიის კანცლერის განცხადებაში.

ანგელა მერკელი CeBIT-ს 14 მარტს ეწვია, ვიდრე გამოფენა-ბაზრობა რიგითი დამთვალიერებლებისთვისაც გაიხსნებოდა: [ანგელა მერკელის ხმა] “იმ ყველაფრის დასაწყისში, რაც აქ, CeBIT-ზე შეიქმნა, ყოველთვის იდგა “კარგი იდეა”. და ვფიქრობ, CeBIT-ში ეს არის მთავარი: ეს არის კარგი იდეების გამოფენა-ბაზრობა”.

მერკელს რუსი სტუმარი ახლდა - რუსეთის ვიცე-პრემიერი სერგეი ნარიშკინი, რაც, რასაკვირველია, შემთხვევით არ მომხდარა. წელს რუსეთი იყო CeBIT-ის საპატიო სტუმარი, გამოფენა-ბაზრობის 150-ზე მეტი მონაწილით წარმოდგენილი - ანუ, მეოთხე ადგილზე 77 მონაწილე ქვეყანას შორის. ნარიშკინის განმარტებით, რუსეთი ეკონომიკური განვითარების დასაფინანსებლად აღარ კმაყოფილდება ნავთობისა და გაზის ექსპორტს. რუსეთს სურს მეცნიერებაზე, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკად ქცევა, მაღალი ტექნოლოგიების განვითარება.

ეს, რაც შეეხება CeBIT-ის მთავარ მონაწილეს. ახლა კი რამდენიმე სიტყვა დამთვალიერებელზეც და, ზოგადად, CeBIT-ზე წარმოდგენილი ნაწარმით დაინტერესებულ რიგით ადამიანზე. მას სურს ის, რაც შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით “ ყველაფერი ერთად, ერთ მოწყობილობაში”. ამ შეფასებას იძლევა კომპანია “ალკატელ-ლუსენტის” აღმასრულებელი დირექტორი პატრიშა რუსო, რომელმაც საინფორმაციო სააგენტო “ფრანს-პრესთან” ინტერვიუში უფრო დაწვრილებითაც ილაპარაკა მომხმარებლის მოთხოვნაზე, თუ მოლოდინზე, რომელსაც კომპანიებმა ანგარიში უნდა გაუწიონ: “მომხმარებელს სურს საყვარელი სატელევიზიო გადაცემის ყურება, SMS-ის გაგზავნა მეგობრებთან და თან ტელეფონით დაკავშირება შვილთან, რომელიც კალათბურთის ვარჯიშიდან შინ ჰყავს წასაყვანი - ეს ყველაფერი სურს ერთდროულად გააკეთოს, თან ერთი მოწყობილობის მეშვეობითო”, განმარტავს პატრიშა რუსო.

რაც უნდა რთული იყოს ამ მოთხოვნის შესრულება, მას ბევრი ცდილობს - თუ CeBIT-ის მონაწილეების რიცხვით ვიმსჯელებეთ, განსაკუთრებით აზიაში. წელს, ყოველ შემთხვევაში, მკვეთრად იმატა CeBIT-ზე აზიიდან ჩასულების რიცხვმა, პირველ რიგში ტაივანელებისა, რომლებიც ჩინეთსაც კი უსწრებენ.
და CeBIT-ზე იყო წარმოდგენილი საქართველოც - თან ორჯერ: გაერთიანებული ტელეკომისა და რკინიგზის ტელეკომის სახით.

გამოფენა-ბაზრობის მსვლელობაში შევძელით დაკავშირება საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის წარმომადგენელთან - ნურლან საკიპოვთან: [ნურლან საკიპოვის ხმა] “მე ალმა-ატელი ვარ. საქმე ის არის, რომ ყაზახმა ინვესტორებმა შეისყიდეს საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის აქციების 90 პროცენტი და მთხოვეს ჩამოსვლა, რათა დავეხმარო გეგმების განხორციელებაში. ჩვენი მიზანია თანამედროვე, მაღალი ეფექტიანობით გამორჩეული კომპანიის შექმნა, რადგან ის საქართველოს ბაზარზე, ვფიქრობ, ლიდერი იქნება”.

ამ ამბიციურ მიზანს ემსახურებოდა ნურლან საკიპოვის საქმიანობა CeBIT-ზე - ის შეხვედრებს მართავდა პოტენციურ მიმწოდებლებთან და ოპერატორებთან. [ნურლან საკიპოვის ხმა] “ჩვენ ტენდერი გვაქვს გამოცხადებული და მე უბრალოდ, ვამოწმებ - კი არ ვამოწმებ, ვათვალიერებ იმ აღჭურვილობას, რომელსაც ტენდერზე მიმოწოდებლები გვთავაზობენ. ტენდერს დავამთავრებთ, ვფიქრობ, უკვე აპრილის მიწურულს და შევუდგებით ჩვენი ქსელის მოდერნიზებას”.

მაინც, როგორ აპირებს ამის გაკეთებას საქართველოს გაერთიანებული ტელეკომი, რომელი პროდუქტებით არის დაინტერესებული ის და, შესაბამისად, მისი წარმომადგენელი ნურლან საკიპოვი გამოფენა-ბაზრობაზე, როგორიც CeBIT-ია? [ნურლან საკიპოვის ხმა] “ჩვენ დაინტერესებული ვარ სატელეფონო ქსელის დიგიტალიზებისთვის აუცილებელი პროდუქტებით - ეს არის ახალი თაობის ქსელი “Next Generation Netrwork” . დაინტერესებული ვართ ამ ქსელისთვის განკუთვნილი აღჭურვილობით. აქ შევხვდი კომპანია “სიტრონიკს” - ეს კომპანია აერთიანებს ჩეხეთის, საბერძნეთისა და რუსეთის კომპანიებს. მერე შევხდი კომპანია “ალკატელ-ლუსენტს” და სხვებს - მსხვილ მიმწოდებლებს”.

ბუნებრივია, ნურლან საკიპოვი მარტო საქმიანი შეხვედრებით არ იყო დაკავებული - არც თუ იშვიათად, დამთვალიერებლის როლს ანიჭებდა უპირატესობას. [ნურლან საკიპოვის ხმა] “განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ჩინური კომპანიების წინსვლა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე! ჩემი დაკვირვებით, სატელეკომუნიკაციო სექტორში საგამოფენო სივრცის 30-მდე პროცენტი - ჩინეთის კომპანიებს უკავიათ. ეს ძალიან ბევრია! ჩემთვის ეს მოულოდნელობა იყო - რომ ასე გაიზარდა მათი წარმოების პოტენციალი.”

გაერთიანებული ტელეკომის წარმომადგენელმა, ნურლან საკიპოვმა გაგვიზიარა შთაბეჭდილება CeBIT-ზე - კომპიუტერული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მსოფლიოში უდიდეს გამოფენა-ბაზრობაზე, რომელიც ყოველ წელს იმართება - ჰანოვერში, გერმანიის ქალაქში. მასზე წარმოდგენილი სიახლეებიდან ბაზრობის პრეს-მდივანმა მონიკა ბრანტმა რამდენიმე გამოყჰო: [მონიკა ბრანტის ხმა] “წელს ბევრი სიახლეა, მათ შორის რადიო-სიხშირის ამოსაცნები სისტემა, ან სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა, აგრეთვე ტელემატიკა და ნავიგაცია მიეკუთვნება ინოვაციის სფეროებს”.

“Join The Vision” - გახლდათ წლევანდელი CeBIT-ის ლოზუნგი, ანუ, “გაიზიარე ეს ხედვა”. ის, როგორც განმარტავენ, ირეკლავს ნდობას მაღალი ტექნოლოგიებით მოცული სამყაროსადმი, რომელიც მუდმივი განვითარება-განახლების პროცესში იმყოფება და რომლის ახალ-ახალი პროდუქტებიც - ცხოვრების გაუმჯობესების პერსპექტივას გვიხსნის. ამ პერსპექტივასთან გაცნობის საშუალება წელს CeBIT-ის ნახევარმილიონამდე დამთვალიერებელს მიეცა.


ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა.

ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა. ხმის რეჟისორები გახლდნენ: პრაღაში - იულია საიკო, თბილისში - ლევან გვარამაძე.

მომავალ შეხვედრამდე რადიო თავისუფლების ეთერში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG