Accessibility links

logo-print

კვირის უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთში გასული კვირის მანძილზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან საქართველოსთვის, უდავოდ, განსაკუთრებით საყურადღებო იყო EU Observer-ის (ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული გამოცემის) სტატია გეგმაზე, რომელიც საქართველოში სეპარტისტული კონფლიქტების მოგვარების დაჩქარებას ითვალისწინებს.

ეს სტატია დაწვრილებით გაგაცანით ორიოდე დღის წინ - აქ მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ “EU Observer”-ი ევროკავშირის ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ გასულ კვირაში ევროკავშირის დიპლომატებს წარუდგინა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც თავის მხრივ 60 გვერდიან ანგარიშს ეფუძნება და საქართველოში კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობის ღონისძიებებს შეეხება. “EU Observer”-ის პუბლიკაციის ვრცელ მიმოხილვას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
http://www.tavisupleba.org/special/politics/2007/03/20070322201511.asp
ახლა კი განვლილი კვირის სხვა პუბლიკაციებზე. საინტერნეტო გამოცემა “იურიეჟა ვიუმ” გასულ კვირაში ორი სტატია გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ. ორივეს ავტორია ჟურნალისტი მოლი კორსო, რომელიც ერთ სტატიაში კოდორის ხეობაში მომხდარ ამასწინანდელ ინციდენტზე წერს, მეორეში კი - ტელეკომპანია “იმედზე”.

დავიწყოთ კოდორის ხეობით - “იურეიჟა ვიუს” პუბლიკაციის დიდი ნაწილი ეთმობა ფაქტების ჩამოთვლას: საქართველოს მხარე, წერს მოლი კორსო, ირწმუნება, რომ “მი-24”-ი ტიპის სამი ვერტმფრენი რუსეთის ფედერაციიდან შეფრინდა ზემო კოდორის ხეობაში და იერიში მიიტანა სოფელ ჩხალთაზე. ნათქვამია ისიც, რომ მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება ოთხი მხარის - საქართველოს, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის, რუსეთის და გაეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით. “იურეიჟა ვიუს” ამავე სტატიაში ვკითხულობთ:
“2006 წლის ოქტომბერში გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რუსეთისთვის მისაღები რეზოლუცია, რომელიც თბილისს მოუწოდებდა, თავი შეიკავოს პროვოკაციებისაგან აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში. საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები ამ რეზოლუციას - გაეროზე რუსეთის ზეგავლენის უშუალო შედეგად მიიჩნევდნენ. მაშინ ანალიტიკოსებმა უშიშროების საბჭოს კენჭისყრის შედეგი მიიჩნიეს უკუსვლად საქართველოს მიერ აფხაზეთის დაბრუნების მცდელობის გზაზე. მაგრამ შეტევას კოდორის ხეობაზე, ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლოა სულ სხვა შედეგები მოჰყვეს. დაბომბვამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს საქართველოს ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მშვიდობისდამცველების ჩანაცვლება უფრო მრავალეროვანი კონტინგენტით” - ამ ვარაუდს, როგორც “იურეიჟა ვიუს” პუბლიკაციაში ვკითხულობთ, გამოთქვამს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

ახლა რამდენიმე სიტყვა სტატიაზე, რომელიც ტელეკომპანია “იმედს” ეხება. პუბლიკაციის ავტორი, მოლი კორსო როგორც წერს, “სამართლიანი და დაბალანსებული” ჟურნალისტიკის შესახებ პრინციპი, რომელსაც რუპერტ მერდოკი აღიარებს, “წინააღმდეგობრივ რეაქციებს იწვევს საქართველოში”. რას ეფუძნება ეს შეფასება, პუბლიკაციის პირველივე ნაწილშია ახსნილი:
“იმედმა” - ტელესადგურმა, რომლის მფლობელებიც არიან ფინანსური მაგნატი ბადრი პატარკაციშვილი და მერდოკის ”NEWS Corporation”-ი -სახელი მოიხვეჭა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მიუღებელ ქმედებათა გამომზეურებით. მაგრამ ზოგ ქართველ პოლიტიკურ მიმომხილველს აეჭვებს ტელესადგურის მოტივები. ეს მიმოხილველები ვარაუდობენ, რომ “იმედს” გარკვეული პოლიტიკური მიზნები უფრო ამოძრავებს, ვიდრე ობიექტურობის სურვილი.” “იმედის” ხელმძღვანელები უარყოფენ ამ ბრალდებასო, დასძენს “იურეიჟა ვიუში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.

დაბოლოს ერთი ციტატა ამ დღეებში მსოფლიოს ყველაზე უფრო ცნობილ იუბილარზე - ევროკავშირზე. კვირას, 25 მარტს - მის დაბადების დღეს აღნიშნავენ გერმანიის დედაქალაქში. ამჟამად ხომ გერმანიაა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე. პრესის მიმოხილვას ბრიტანეთის ყოველდღიურ გაზეთ “ინდეპენდენტის” ერთი ციტატით დავამთავრებთ:
“კვირის მიწურულს ევროკავშირი 50-წლიან იუბილეს აღნიშნავს დიდი ზეიმით გაახალგაზრდავებულ ბერლინში. სასიხარულო დამთხვევაა, რომ იუბილე - გერმანიის მორიგე თავმჯდომარეობას დაემთხვა. განა არსებობს იმაზე უფრო თვალსაჩინო სიმბოლო ევროკავშირის მიღწევებისა, ვიდრე მთელი ღამე ზეიმი ბრანდენბურგის კარიბჭესთან? ევროპის ომის შემდგომი გახლეჩის სიმბოლო - ევროპის ერთიანეობის ყველაზე უფრო მძლავრ სიმბოლოდ არის ქცეული”.
წერს “ინდეპენდენტი” ევროკავშირის 50-წლიან იუბილეზე და მისდამი მიძღვნილ ზეიმზე, რომელიც კვირას ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან აღინიშნება.
XS
SM
MD
LG