Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საქართველოს შეიარაღებული ძალების 550 სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრა


24 მარტს საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ბრიგადის 33-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 550 სამხედრო მოსამსახურე ერაყში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, სამშვიდობო ოპერაციების შესასრულებლად გაემგზავრა.

პირადი შემადგენლობისა და აღჭურვილობის სრული ტრანსპორტირება 27 მარტს დასრულდება. ბატალიონის შემადგენლობა კუვეიტში შეიკრიბება და 8 აპრილს ბაღდადში ”პირველ ცალკეულ მსუბუქ ქვეით” ბატალიონს ჩაენაცვლება.

ამ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს ერაყში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტის გაზრდა. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს შესაძლებლობაშია, ერაყელი ხალხისა და კოალიციის დასახმარებლად, რომ დამყარდეს სტაბილურობა, მშვიდობა და თავისუფლება ერაყშიო, აღნიშნა სააკაშვილმა. პრეზიდენტის ასეთ პოზიციას კრიტიკულად აფასებს სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”მთავარი პრობლემა იმაშია, რომ მსხვერპლი არ იყოს - აი, ყველას რისი გვეშინია და ღმერთი აქამდე გვიფარავდა და გვიფარავს აქამდე. და უკვე ამდენ ადგილას რომ გავაგზავნით, იზრდება ამის ალბათობა.”(სტილი დაცულია)

[ისმის მარშის ხმა]

[ირაკლი გუგუშვილის ხმა] ”შემართება არის მაღალი, მოტივაცია არის ძალიან მაღალი, მივდივართ სამშვიდობო მისიით...”

განუცხადა ჟურნალისტებს 33-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურემ ირაკლი გუგუშვილმა ერაყში გამგზავრების წინ ქუთაისში გამართულ ცერემონიალზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ნანა ინწკირველის განმარტება:

[ნანა ინწკირველის ხმა] ”ეს არ არის გაზრდილი კონტინგენტი. ეს არის ის კვოტა, რომელიც ჩვენ გასულ წლებში გვქონდა - 550 კაცი. ჯერჯერობით გაზრდილი რაოდენობა დაზუსტებული არ არის და ამ ახალი კვოტით თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ოპერაციებში თავისი დანაყოფები არ გაუგზავნია.”

მისივე ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ბრიგადის 33-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 550 სამხედრო მოსამსახურე ერაყში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში მყოფ ”პირველ ცალკეულ მსუბუქ ქვეით” ბატალიონს ჩაენაცვლება.


33-ე ბატალიონმა მომზადების პროგრამის სხვადასხვა კურსი გაიარა ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. ბატალიონის ერთი ასეული კი გერმანიაში, "გაერთიანებული წვრთნების ამერიკულ ცენტრში”, გადიოდა ერთთვიან დამატებით სპეციალურ მომზადებას. ბაღდადში ბატალიონის ძირითადი ამოცანა იქნება თავდაცვითი ოპერაციები, როგორიცაა გზების უსაფრთხოება და დაცვა, კონსტრუქტორთა ესკორტირება, ტაქტიკური საკონტროლო პუნქტების მოწყობა, ქვეითი პატრულირება და სხვ.

ერაყში საქართველოს 550 სამხედრო მოსამსახურეს 6 თვიანი მისია გართულებულ პირობებში მოუწევს. ბაღდადში არსებულ ვითარებას გადამდგარი მაიორი გიორგი შენგელია აღწერს:

[გიორგი შენგელიას ხმა] ”ჩემი აზრით, ახლა უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე 2005 წელს იყო.”
XS
SM
MD
LG