Accessibility links

logo-print

Red Hot Chili Peppers


წელს “გრემის” ლაურეატებს შორის ჯგუფი

“Red Hot Chili Peppers” (“წითელი მწარე წიწაკა”) აღმოჩნდა. მუსიკალური პრემია “გრემი” კინემატოგრაფიული “ოსკარის” ანალოგია _ ის “ოსკარივით” პრესტიჟული და, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად, თავქარიანია. თავის დროზე მრავალი გამოჩენილი მოღვაწე “გრემისა” და “ოსკარის” გარეშე დარჩა. მაგალითად, პოპულარულმა კინომსახიობებმა ჰენრი ფონდამ და პოლ ნიუმენმა “ოსკარი“ მხოლოდ და მხოლოდ კინოს ხელოვნებაში შეტანილი წვლილისა და არა კონკრეტული როლის შესრულებისთვის მიიღეს. წელს კლასიკური მუსიკის ნომინაციაში “მცირე ანსამბლის საუკეთესო შესრულება” “გრემი” ვერ მოიპოვა იური ბაშმეტის შესანიშნავმა კოლექტივმა “მოსკოვის სოლისტები”. რა გასაკვირია! _ პრემიის გარეშე დარჩნენ აგრეთვე გამოჩენილი მუსიკოსები _ პიანისტი მარტა არგერიხი და მევიოლინე გიდონ კრემერი. ამ ფენომენის გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ, რომ, ჯერ ერთი, “გრემი” წმინდად ამერიკული პრემიაა და, რაც მთავარია, “ოსკარისგან” განსხვავებით, მას მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ აუდიოჩანაწერს ანიჭებენ, ჩაწერის პროცესში კი, მოგეხსენებათ, უდიდესი როლი ხმის რეჟისორს და პროდიუსერს ეკუთვნის. ისე კი, პრემიაზე წარდგენის თვით ფაქტიც კი ხელოვანის ბიოგრაფიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავის დროზე ჩვენი თანამემამულის, შესანიშნავი ქართველი პიანისტის ეთერ ანჯაფარიძის “გრემიზე” წარდგენას მისი ჩიკაგოს კონსერვატორიაში პროფესორად მიწვევა მოჰყვა. "გრემის” გადაცემის წლევანდელ ცერემონიაზე, რომელიც თებერვალში გაიმართა, ჯგუფმა “Red Hot Chili Peppers” ოთხი “ოქროს გრამოფონი” მოიპოვა. კოლექტივმა “როკის სტილის საუკეთესო სიმღერის”, “ალბომის” და “კომპოზიციის” ნომინაციებში გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონიის მაყურებელს ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ალბერტ გორმა და მომღერალმა ქვინ ლატიფმა ამცნეს. ჩვენი დღევანდელი გადაცემის მუსიკალური ჩანართები სწორედ გამარჯვებულ ალბომ “Stadium Arcadium”-ში შესული სიმღერების ნაწყვეტებს წარმოადგენს.

მუსიკალური ჩანართი (“Red Hot Chili Peppers”)

“Red Hot Chili Peppers”-ის ისტორია 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მაშინ ლოს ანჯელესის ერთ-ერთ საგანმანათლებლო სკოლაში ერთმანეთს ენთონი კიდისი და მაიკლ ბელზარი შეხვდნენ. ჯგუფის მომავალი ვოკალისტი ენთონი იმ დროს ნარკოტიკებს ეტანებოდა, ხოლო ტანმორჩილი მაიკლი დაბალი სიმაღლის კომპლექსით იყო შეპყრობილი და თავის გამოჩენას ადგილობრივი ჯიბგირების ბანდაში ცდილობდა. Aამის გამო მას მეტსახელი “Flea” (“რწყილი”) დაებედა. Mმაიკლის მამინაცვალი ჯაზური მუსიკოსი იყო, თვითონ ჭაბუკი კი ტრომბონზე უკრავდა. მალე მაიკლი მიხვდა, რომ ჯგუფში, რომლის ჩამოყალიბებას ის აპირებდა, უფრო საჭიროა ბას-გიტარა და ამ საკრავზე გადავიდა. ასეა თუ ისე, 1983 წელს როკ-მუსიკის სამყაროს ახალი ჯგუფი მოევლინა. გიტარაზე ჰილელ სლოვაკი, დასარტყამ საკრავებზე კი ჯეკ აირონსი უკრავდა. კოლექტივის სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა და, ბოლოს და ბოლოს, მას “Red Hot Chili Peppers”-ი დაერქვა, რაც ენთონი კიდისის საყვარელი ბარების “Red Hot Peppers”-ის და “Chili-Villie”-ის სახელწოდებების წრფივ კომბინაციას წარმოადგენს.

ჯგუფმა ლოს-ანჯელესის ბარებში დაიწყო გამოსვლა და საკმაოდ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მუსიკალური ჟანრი, რომელშიც ის მოღვაწეობდა, ფანკის და პანკის ნარევს წარმოადგენდა. 1983 წლის ბოლოს ახალგზრდულმა კოლექტივმა ცნობილ ფირმა “EMI”-სთან სადებიუტო ალბომის ჩაწერაზე დადო კონტრაქტი. ეს იყო წარმატებული კარიერის დასაწყისი.

მუსიკალური ჩანართი (“Red Hot Chili Peppers”)

ოთხი “ოქროს გრამოფონიდან” ერთი “Red Hot Chili Peppers”-მა როკკომპოზიციის საუკეთესო ჯგუფურ შესრულებაში მიიღო. “გრემის” გადაცემის ცერემონიაზე ალბომ “Stadium Arcadium”-ში შესული გამარჯვებული სიმღერა “Dani California” “პეპერსელებმა” ბრწყინვალედ შეასრულეს და დარბაზში, როგორც ჩვენში იტყვიან, “ცეცხლი დაანთეს.” ნამდვილად უბერებელია ეს კოლექტივი!

მუსიკალური ჩანართი (“Red Hot Chili Peppers”)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG