Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტს იწყებს


ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ დაიწყო მოსკოვში სამდღიანი ვიზიტი,

რომელიც ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება. თუმცა, შეხვედრების მთავარი თემა, სავარაუდოდ, ენერგეტიკა იქნება.

ჰუ ძინტაო მას შემდეგ, რაც 2003 წელს პრეზიდენტი გახდა, მესამედ სტუმრობს მოსკოვში - პრიორიტეტული ამოცანით, ჩინეთისთვის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, მეტი ნავთობის და გაზის მიწოდებაზე დაიყოლიოს რუსეთი. ეს ძნელი არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს სურს აზიის ბაზარზე ადგილის დამკვიდრება.

[ვიქტორ კრემენიუკის ხმა] “იცით, მათ შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულებაა, რადგან ჩინეთს რუსეთის რესურსები სჭირდება, რუსეთს კი არა იმდენად ჩინეთის ფული, რამდენადაც ჩინეთის მხარდაჭერა. და ვფიქრობ, ამიტომ მოწადინებული არიან, განავითარონ თანამშრომლობა, მაგრამ ისე, რომ არ იკისრონ ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობა”, - ასე ფიქრობს მოსკოვში დაფუძნებული, აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიქტორ კრემენიუკი.

ენერგეტიკა, შესაძლოა, მთავარი თემა იყოს, მაგრამ ერთადერთი არ არის: მოსალოდნელია, რომ ორი პრეზიდენტი გლობალური უსარფხთოების საკითხებზე იმსჯელებს, მათ შორის ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ამბიციებზე. დაგეგმილია სამხედრო საკითხების განხილვაც: რუსეთი შეიარაღების სფეროში ჩინეთის უდიდესი მომმარაგებელია, შარშან ერთობლივი სამხედრო მანევრებიც გაიმართა.

წინასწარი ინფორმაციით, ორი პრეზიდენტი ხელს მოაწერს ვაჭრობის სფეროში შეთანხმებებს, რომლებიც 4 მილიარდ დოლარამდე ღირებულების ნაწარმს მოიცავს, გარდა ამისა, მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტისას იხსნება სავაჭრო ბაზრობა 200-ზე მეტი ჩინური ფირმის მონაწილეობით.

რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი კულტურულ ღონისძებებსაც მოიცავს რუსეთში “ჩინეთის წლის” აღნიშვნასთან დაკავშირებით. შარშან კი ჩინეთში აღინიშნა “რუსეთის წელი”. მოსკოვში ამჟამინდელი ვიზიტის დაწყებამდე ჰუ ძინტაომ ჩინეთის სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა - ორივე ქვეყნის სურვილიც არის და "გარდაუვალი არჩევანიც”.
XS
SM
MD
LG