Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქციები გენერალური პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს წინ


ქართული მართლმსაჯულებით უკმაყოფილო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების

წარმომადგენლებმა 26 მარტს რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. გენერალური პროკურატურის წინ შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წევრებმა ხელისუფლებას მოუწოდეს პატიმრობიდან გაათავისუფლოს თავდაცვის აკადემიის ყოფილი რექტორი გიორგი თავდგირიძე და პოლიტიკური მოძრაობა „წინ, საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ბათიაშვილი. უზენაესი სასამართლოს წინ გამართულ აქციაზე კი პოლიტიკური მოძრაობა „იმედის“ ლიდერები 2006 წლის სექტემბერში სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრებული თანამებრძოლების გათავისუფლებასა და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდნენ. პარალელურად, საქართველოს მწერალთა კავშირში პროტესტის ნიშნად შიმშილობას განაგრძობს პოეტი ზურაბ რთველიაშვილი.

ზურაბ რთველიაშვილი კვირაზე მეტია შიმშილობს. არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის ინსტიტუტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი არასრულწლოვანი გიორგი ზერეკიძის სასამართლო პროცესზე დაკავებული თანამებრძოლის, ჯაბა ჯიშკარიანის, გათავისუფლებას მოითხოვს. პარალელურად, ამავე მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავენ თანასწორობის ინსტიტუტის სხვა წევრებიც.

[ლაშა ჩხარტიშვილის ხმა]„ჩვენ ვაპროტესტებთ ერთი თვის განმავლობაში იმას, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, პოლიცია გადაქცეულია ხელისუფლების უკანონო ბრძანებების შემსრულებელ ორგანოდ. დღეს ვიმყოფებით მოდულის შენობასთან, რომელიც რეალურად „გესტაპოა“ და მეტი არაფერი. ეს არის პოლიტიკური პოლიცია, რომლის ერთადერთი ფუნქციაა ადამიანების დევნა საკუთარი აზრებისა და მოსაზრებების გამო.“

ლაშა ჩხარტიშვილი, თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ამბობს, რომ საპროტესტო აქციები ერთი თვის განმავლობაში, ანუ ჯაბა ჯიშკარიანის გათავისუფლებამდე, გაგრძელდება. ჩხარტიშვილი ჯიშკარიანს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევს, თუმცა ამ აზრს არ იზიარებენ იუსტიციციის უმაღლეს საბჭოში, რომლის მდივანი, ვალერი ცერცვაძე, მოსამართლის გადაწყვეტილებას შემდეგი არგუმენტით ამაგრებს:

[ვალერი ცერცვაძის ხმა]„ეს არის დაფიქსირებული სასამართლოს კამერით: ჯაბა ჯიშკარიანის გადმოხტომა ბარიერზე, სკამზე ასვლა და იქიდან სასამართლოს ლანძღვა.“

ცხადია, ლანძღვა-გინების გამო არ დაუპატიმრებიათ უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის მხარდამჭერი პოლიტიკური მოძრაობის, „სამართლიანობის“, წევრები. სამშობლოს ღალატში ბრალდებული 12 პირის სასამართლო პროცესი, პროკურორის მოთხოვნით, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, რასაც უზენაესი სასამართლოს შენობის წინ ირინა სარიშვილი და მისი პარტიის, „იმედის“, წევრები აპროტესტებენ.

[ირინა სარიშვილის ხმა] „ხელისუფლებას გამოჰყავს ზურგშექცეული მოწმეები. ეს, მათი ახალი და ბრძნული კანონების თანახმად, მოწმეს შეუძლია ზურგით იჯდეს არა მოხოლოდ სატელევიზიო კამერების წინ, არამედ სასამართლო პროცესზეც არ დაასახელოს სახელი და გვარი და ზურგით მჯდომმა შეასრულოს მოწმის ფუნქცია.“

ირინა სარიშვილი განსასჯელებს პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ამავე შინაარსის მოწოდებები გაისმოდა 26 მარტს გენერალური პროკურატურის შენობასთანაც, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წევრებმა, მათივე თქმით, პოლიტიკურ პატიმართა მხარდამჭერი აქცია გამართეს. კითხვას, თუ ვის გულისხმობენ პოლიტიკურ პატიმრებში, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დავით ლილუაშვილი, ასე უპასუხებს:

[დავით ლილუაშვილის ხმა]„ესენი არიან: სულხან მოლაშვილი, შალვა რამიშვილი, დავით კოხრეიძე, გიორგი თავდგირიძე, ირაკლი ბათიაშვილი, ზაზა დავითაია, თემურ ჟორჟოლიანი... ერთი მხრივ, მხარს ვუჭერთ პოლიტპატიმრებს, ვუცხადებთ მათ სოლიდარობას, თანადგომას, ვიბრძვით მათი უფლებებისა და განთავისუფლებისათვის. მეორე მხრივ კი, ვაპროტესტებთ პროკურატურის ნეგატიურ როლს მართლმსაჯულების პროცესში.“

დავით ლილუაშვილის თქმით, სწორედ პროკურატურის ნებას და არა კანონებს ემორჩილებიან მოსამართლეები, რომელთა დამოუკიდებლობაში ხელისუფლებას, ოპონენტებისგან განსხვავებით, ეჭვი არ ეპარებათ. სხვათა შორის, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და სასამართლო ხელისუფლების ქომაგი, ნიკა გვარამია, სწორედ იმ დროს, როცა საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. წინასწარი ინფორმაციით, გვარამია პროკურატურაში ეკონომიკურ, საკადრო და სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებს გაუწევს ზედამხედველობას.


XS
SM
MD
LG