Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახიფათო ესკალაცია ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონებში


საქართველოს კონფლიქტურ რაიონებში წუხელ ზედიზედ ორი ინციდენტი მოხდა.





25 მარტს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალთან ახლოს, სოფელ ავნევიდან ნიქოზის მიმართულებით პატრულირებისას ქართველი პოლიციელები - არჩილ ცხაკაია და სპარტაკ ჯაფარიძე - დაუდგენელმა პირებმა საფრიდან სროლით მოკლეს. გალის რაიონის სოფელ თაგილონში კი ექვსმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა გამოსასყიდის მიღების მიზნით ქართველი ჯამბულ რუხაია გაიტაცეს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პროვოკაციებს არ აჰყვება, თუმცა ასეთ ქმედებებს დაუსჯელს არ დატოვებს. ესკალაციის ახალი შემთხვევები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ”გაყინულ კონფლიქტებში” საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ერთ-ერთი განყოფილების უფროსი არჩილ ცხაკაია და მისი თანამშრომელი, სპარტაკ ჯაფარიძე, პატრულირებისას სოფელ ნიქოზისა და ფრონეს დამაკავშირებელ გზაზე ჩაცხრილეს. ოფიციალური ვერსიით, ორივე გარდაცვლილს ე.წ. საკონტროლო გასროლის კვალი ეტყობა. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 25 მარტს მომხდარი მკვლელობის დეტალებს შერეული სამშვიდობო ძალების მონიტორინგის ჯგუფი შემთხვევის ადგილზე არკვევს. თუმცა საქართველოს მხარე დარწმუნებულია, რომ თავდასხმა ცხინვალის ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა განახორციელეს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ორშაბათს ისაუბრა კონფლიქტის მოგვარების დარგში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ. მინისტრის თქმით, პროვოკაცია კონფლიქტის ზონაში მიზნად ისახავდა სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას:


[მერაბ ანთაძის ხმა] ”ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოსურ მხარეს, გონს მოეგოს, რადგან ესეთი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება. ამავე დროს ქართული მხარე არ აჰყვება პროვოკაციას და გააგრძელებს სამშვიდობო პროცესს.”

ოსური მხარე ადასტურებს, რომ ქართველი პოლიციელები ავნევ-ნიქოზის გზაზე სწორედ დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცველებთან შეტაკებისასა დაიღუპნენ. თუმცა ცხინვალის შინაგან საქმეთა მინისტრ მიხეილ მინძაევის თქმით, ქართველმა პოლიციელებმა კონფლიქტის ზონა დაარღვიეს, არ დაემორჩილნენ ბრძანებას და ცეცხლი გახსნეს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. სახელმწიფო მინისტრ მერაბ ანთაძის გაფრთხილების პასუხად, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი მინძაევი იქით დაემუქრა თბილისს მკაცრი საპასუხო ზომებით:

[მიხეილ მინძაევის ხმა] “ქართული მხარე არაერთხელ იყო გაფრთხილებული, რომ არსებობს ჩემი ბრძანება, რომლის თანახმად, გამანადგურებელი ცეცხლი გაიხსნება საქართველოს მხრიდან შეიარაღებული ძალებისა და სპეცრაზმების შემოსვლისას. მიუხედავად ამისა, მათ არაერთხელ დაარღვიეს საზღვარი და დაესხნენ ჩვენს საგუშაგოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განადგურდება ყველა ფორმირება, რომელიც საქართველოს მხრიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოვა.”

მიმდინარე წელს ქართულ-ოსური კონფლქიტის ზონაში უკვე მეორე ინციდენტი მთავრდება მსხვერპლით. იანვრის ბოლოს
ცხინვალთან, ოსური მილიციის საგუშაგოს მიმართულებით სროლის შედეგად, ორი ადგილობრივი სამართალდამცავი დაიჭრა, ხოლო ერთი, მიღებული ჭრილობების შედეგად, ვლადიკავკაზში გარდაიცვალა. ადგილობრივ მოსახლეობაში არსებობს აზრი, რომ ორი პოლიციელის მოკვლით ოსურმა მხარემ შური იძია. ვითარების განსამუხტავად, 25 მარტს ნიქოზთან მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის თაობაზე საქართველოს მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციებს სპეციალური მიმართვა გაუგზავნა. ეუთოს მონიტორინგის ჯგუფი კი თავდასხმის დეტალებს სწავლობს. კვირას მომხდარი თავდასხმის შემდეგ გაურკვეველია, ჩატარდება თუ არა თბილისში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის მორიგი სხდომა.



  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG