Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსტისლავ როსტროპოვიჩი - 80


27 მარტს ”მსოფლიოს ნომერ პირველ ვიოლონჩელისტად”

აღიარებულ მუსიკოსს, მსტისლავ როსტროპოვიჩს, 80 წელი შეუსრულდება. ”პირველი ვიოლონჩელისტის” იუბილეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ... და არამარტო იმიტომ, რომ როსტროპოვიჩი მთელ მსოფლიოშია აღიარებული როგორც გენიალური მუსიკოსი, როგორც მეოცე საუკუნის ცოცხალი ლეგენდა. მსტისლავ როსტროპოვიჩი თავის თავს ”მსოფლიო მოქალაქეს” უწოდებს და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ამტკიცებს, რომ მუსიკას არა აქვს საზღვრები, ამიტომ არც მუსიკოსს შეიძლება ჰქონდეს ”ერთი სამშობლო”. ამის დადასტურებაა მსტისლავ როსტროპოვიჩის ბიოგრაფია, რომელიც მინდა შეგახსენოთ დღეს ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში ”ოქროს საუკუნე”.

[მუსიკა]

1951 წელი - სტალინის პრემიის ლაურეატი, 1992 წელი - პოსტკომუნისტური რუსეთის სახელმწიფო პრემიის პირველი ლაურეატი... უცნაურია, მაგრამ ფაქტია - ორივე ჯილდო ერთსა და იმავე ადამიანს, მსტისლავ როსტროპოვიჩს, ეკუთვნის. 1927 წელს ბაქოში დაბადებული ვუნდერკინდი 13 წლის იყო, როცა ორკესტრთან ერთად დაუკრა. შემდეგ, 15 წლისამ, ჩააბარა კონსერვატორიაში, სადაც მეორე კურსიდან მეხუთეზე გადაიყვანეს. 1950 წელს იგი უკვე ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და კონსერვატორიის პროფესორია. 1953 წლიდან, პროკოფიევის გარდაცვალების შემდეგ, - დიდი კომპოზიტორის ნახევრად აკრძალული მუსიკის პროპაგანდისტი. მოგვიანებით სპეციალურად მისთვის წერს მუსიკას კიდევ ერთი ”ნახევრად აკრძალული” მუსიკოსი დიმიტრი შოსტაკოვიჩი. 60-იან წლებში როსტროპოვიჩი ”მსოფლიოს ნომერი პირველი ვიოლონჩელისტი” ხდება. 1964 წელს - ლენინური პრემიის ლაურეატი.

[მუსიკა. შოსტაკოვიჩი]

შოსტაკოვიჩისა და პროკოფიევის ”ნახევრად აკრძალულ” მუსიკას მსტისლავ როსტროპოვიჩი 1970 წელს გაიხსენებს ღია წერილში, რომელიც მან ცენტრალური გაზეთების რედაქციებს გაუგზავნა. ყველასთვის მოულოდნელად, როსტროპოვიჩმა ღიად გამოხატა პროტესტი მწერალთა კავშირიდან სოლჟენიცინის გარიცხვის გამო. უფრო მეტიც, სოლჟენიცინის წინააღმდეგ დევნა შეადარა ”ფორმალიზმთან ბრძოლას” 40-იანი წლების მიწურულს, როცა ქვეყანაში, ფაქტობრივად, აიკრძალა პროკოფიევისა და შოსტაკოვიჩის მუსიკა. ბრეჟნევის ეპოქის შედარება სტალინიზმის ხანასთან მსტისლავ როსტროპოვიჩს და მის მეუღლეს, გალინა ვიშნევსკაიას, ძვირად დაუჯდა: 1978 წელს მათ საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა ჩამოართვეს და აღუდგინეს მხოლოდ 1990 წელს, როცა როსტროპოვიჩი ვაშინგტონის სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორად მუშაობდა.

[მუსიკა]

1991 წლის 20 აგვისტოს მსტისლავ როსტროპოვიჩი მოსკოვში ჩავიდა, რათა თეთრ სახლთან პუტჩისტებისგან დაეცვა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა რუსული დემოკრატია. ორი დღის შემდეგ ფოტო მუსიკოსისა, რომელსაც, ვიოლონჩელის ნაცვლად, ავტომატი უჭირავს, მსოფლიოს ყველა წამყვანი გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა. მაგრამ მსტისლავ როსტროპოვიჩის, როგორც ”დემოკრატისა” და ”ადამიანის უფლებების დამცველის”, იმიჯი მოგვიანებით რამდენჯერმე კინაღამ შეილახა: საქართველოში ბევრი უკმაყოფილო დარჩა, როცა მსოფლიოს სახელგანთქმულმა მუსიკოსმა ასლან აბაშიძის მიწვევა მიიღო და ბათუმში ჩაბრძანდა; უკმაყოფილო იყო აზერბაიჯანის ოპოზიცია, რომელმაც ღია წერილით მიმართა მუსიკოსს მას შემდეგ, რაც როსტროპოვიჩმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავის მეგობრად გამოაცხადა. მსტისლავ როსტროპოვიჩმა მხარი დაუჭირა ვლადიმირ პუტინსაც იმ მოტივით, რომ ”დროა დამყარდეს წესრიგი ამ ქვეყანაში”. მსოფლიო საზოგადოების ერთ ნაწილს როსტროპოვიჩის ამ განცხადებამ გული გაუტეხა, თუმცა თაყვანისმცემლებისთვის მსტისლავ როსტროპოვიჩი, რომელიც 29 ქვეყნის სახელმწიფო ჯილდოს ლაურეატია, კვლავაც გენიოსად რჩება.

[მუსიკა]

”ვიოლონჩელი ჩემთვის ლამაზი ქალბატონია”, - თქვა ერთხელ მსტისლავ როსტროპოვიჩმა. მუსიკის სპეციალისტთა აზრით, რომ არა როსტროპოვიჩი, ეს ინსტრუმენტი კვლავაც ”მეორეხარისხოვან” როლს ითამაშებდა მუსიკის ისტორიაში. მართალია, ჩელოს ჟღერადობა არაერთ დიდ კომპოზიტორს დაუფასებია, ამ ინსტრუმენტს შემსრულებლები მაინც გაურბოდნენ, თავად როსტროპოვიჩის თქმით, ”ყველას ეშინოდა ვიოლონჩელის მოკრძალებული, მორცხვი ხმის”. ხელოვნების ისტორიაში მსტისლავ როსტროპოვიჩის შემოქმედება იშვიათი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს შემსრულებელმა ხელოვნება ანდა, ასე ვთქვათ, როგორ შეუძლია შემსრულებელს დაამკვიდროს მოდა, ახალი ფორმები და ტენდენციები. დღეს ყველა აღიარებს, რომ მსტისლავ როსტროპოვიჩის შემოქმედება სტიმული გახდა უამრავი კომპოზიტორისთვის შეექმნათ ახალი ნაწარმოებები ჩელოსთვის... უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც როსტროპოვიჩი სადირიჟორო პულტთან დადგა, ახლებურად აჟღერდა უამრავი კლასიკური ნაწარმოები - აქამდე მორცხვმა და ”თავმდაბალმა” ინსტრუმენტმა, ვიოლონჩელმა, თითქოს ხელახლა დაიმკვიდრა ადგილი სიმფონიურ ორკესტრში.

[მუსიკა]

ახალი საუკუნის დადგომასთან ერთად, მსტისლავ როსტროპოვიჩმა და გალინა ვიშნევსკაიამ დააარსეს ფონდი, რომელიც მთელ მსოფლიოში - მათ შორის, საქართველოში - საბავშვო იმუნოპროფილაქტიკის პროგრამას ახორციელებს. ქველმოქმედება დიდი მუსიკოსების ცხოვრების პრინციპი გახდა. მსტისლავ როსტროპოვიჩის საზოგადოებრივი მოღვაწეობა თითქოს მისი შემოქმედების გაგრძელებად იქცა. როცა ხელში, ვიოლონჩელის მაგივრად, ავტომატი დაიჭირა, როსტროპოვიჩმა თქვა: ”მე ადამიანის თავისუფლებას ვიცავ - ვიცავ მუსიკალური ინსტრუმენტით, მაგრამ ცხოვრებაში დგება წამი, როცა ინსტრუმენტი საკმარისი აღარ არის, რადგან დემოკრატიისა და თავისუფლების მტრებს მუსიკა არ ესმითო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG