Accessibility links

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ეხმაურება რუსეთის დღევანდელი პრესა.

რუსი ჟურნალისტების პროგნოზი მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით იდენტურია - გაზეთი ”კომერსანტი” არ გამორიცხავს, კვლავ განმეორდეს რუსეთ-საქართველოს შარშანდელი კრიზისი. გაგაცნობთ რუსეთის რამდენიმე გაზეთის პუბლიკაციას.


გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით, გუშინ საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელი პრეცედენტულია - აქამდე რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი კერძო პირებს ან ორგანიზაციებს შეჰქონდათ. საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ - ეს პირველი შემთხვევაა, როცა სარჩელის მიღების შემთხვევაში, მოპასუხედ რუსეთის სახელმწიფო წარდგება, - განუცხადა გაზეთს რუსეთის მოსამართლემ სტრასბურგის სასამართლოში ანატოლი კოვლევმა.
გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ დღემდე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში განხილული იყო მინიმუმ ორი ხმაურიანი საქმე, როცა ერთი სახელმწიფო მეორეს უჩიოდა: 1977 წელს სასამართლომ დააკმაყოფილა ირლანდიის სარჩელი ბრიტანეთის მიმართ - სასამართლომ ბრიტანეთი დამნაშავედ ცნო ოლსტერის მოსახლეობისადმი არაჰუმანურ მოქცევაში, ლონდონმა ოლსტერელებს - 473 დაზარალებულს - 200 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობის კომპენსაცია გადაუხადა; მეორე სარჩელი კვიპროსმა მოიგო - ის თურქეთს კვიპროსელების უფლებების დარღვევაში სდებდა ბრალს. სასამართლოს ჯერ კომპენსაციის საკითხი არ გადაუწყვეტია, - წერს კომერსანტი და განაგრძობს, - ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის მიმართ სარჩელის აღძვრა იშვიათი შემთხვევაა. რეალურად, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებული უმძაფრესი კრიზისის გამოხატულებაა - მაგალითად, იმავე კვიპროსსა და თურქეთს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვთ.
თუმცა მიიღებს თუ არა განხილვისთვის სტრასბურგის სასამართლო საქართველოს სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ, ჯერ ცნობილი არ არის. კომერსანტის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებაში ბოლო დრომდე აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა, ღირდა თუ არა სტრასბურგის სასამართლოსთვის მიემართათ მაშინ, როცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ოდნავ დათბა. რუსული გაზეთის ცნობით, საკითხი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის რადიკალურმა პოზიციამ გადაწყვიტა - პარლამენტის თავმჯდომარე კატეგორიულად მოითხოვდა სტასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოში რუსეთის მიმართ სარჩელის შეტანას საქართველოს სახელმწიფოს სახელით.
”ეს საქართველოს კი არა, ამერიკის სპეცსამსახურების იდეა იყო,” - ასეთი კომენტარი გააკეთა ინტერნეტგამოცემა ”ლენტასთან” საუბრისას რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისას რუსეთის მხარეს კანონი არ დაურღვევია, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა კი ვაშინგტონის გეგმის ნაწილია - იქ სურთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბოს, კონფლიქტურ რეგიონებში საომარი მოქმედებების დაწყების ჩათვლით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეი კრივცოვი კი ამბობს, რომ თბილისს ყურადღების მისაქცევად მორიგი სკანდალის აგორების სურვილი ამოძრავებს. რუსეთის შესაძლო რეაქციაზე საუბრისგან რუსი დიპლომატი თავს იკავებს - როგორც მან უთხრა გამოცემა ”გაზეტას”, ყველაფერი მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. თუ წინა პლანზე პოლიტიკა წამოიწევს, შედეგი გაუთვალისწინებელი იქნება.
XS
SM
MD
LG