Accessibility links

რა დახმარებას ელის საქართველო მეგობარი ქვეყნებისგან


27 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურმა დეპარტამენტმა მეგობარი ქვეყნების ახალ ჯგუფს უმასპინძლა.

ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, პოლონეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე შემდგარ საქართველოს საკუთარ გამოცდილებას 2004 წლიდან უზიარებენ. 27 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეკრებილმა მეგობართა ჯგუფმა, რომელიც საგარეო უწყებათა პოლიტიკური დირექტორებით იყო წარმოდგენილი, ოთხი საკითხი განიხილა: ევროკავშირთან თანამშრომლობა სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში; ნატოში ინტეგრაცია; კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი.

ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის წარმატებული გამოცდილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მაქსიმალურად შეამოკლებს ნატოსა და ევროკავშირისკენ სავალ გზას. მეგობართა ჯგუფის დანიშნულება, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით დონდუა ამბობს, სწორედ რომ რეკომენდაციების გაცემაა.

[დავით დონდუას ხმა] „რითი არის საინტერესო ეს ჯგუფი და რა უნიკალური დახმარების გაწევა შეუძლიათ მათ? ამ შვიდივე ქვეყანამ სულ ახლახან დაამთავრა საინტეგრაციო პროცესები ნატოსთან და ევროკავშირთან. მათ გაიარეს ის რეფორმები, რაც ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს და მშვენივრად ესმით ჩვენი პრობლემატიკა. ისინი მხარს უჭერენ ჩვენს საინტეგრაციო ამბიციებს და მათი რჩევები ჩვენთვის ბევრად უფრო ფასეულია.“

დავით დონდუას ამ მოსაზრებას იზიარებენ პოლიტიკის ექსპერტებიც. გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ დასავლეთის ძალისხმევით ბალტისპირეთი საქართველოსთვის ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს:

[გიორგი ხელაშვილის ხმა] ,,ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო ,,მიაბან” ბალტიისპირეთს როგორც ნატოში გაწევრიანების, ასევე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ვინაიდან მათ გაცილებით უკეთ ესმით ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს. მათ დაძლიეს თითქმის ყველა ის პუნქტი, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ დასაძლევი გვაქვს. აქედან გამომდინარე, დასავლეთის და, პირველ რიგში, ამერიკელების მხრიდან ეს იყო ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება, რომ ბალტიისპირეთი გამხდარიყო ხიდი საქართველოსა და დასავლეთს შორის.”

ხიდი, რომლითაც მეგობარმა ქვეყნებმა საქართველო ევროატლანტიკურ სივრცესთან უნდა დააკავშირონ, ძნელად გაიდება, თუკი ოფიციალური თბილისი საკუთარ ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებას ვერ შეძლებს. მერაბ ანთაძე, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, ამბობს, რომ ბოლო დროს სეპარატისტულ რეგიონებში შეცვლილი ვითარება მოლაპარაკების პროცესში სათანადო ასახვასაც საჭიროებს.

[მერაბ ანთაძის ხმა] „ის, რა რეალობაც შეიქმნა, უნდა იყოს შესაბამისობაში საკანონმდებლო დონეზე. და, ამავე დროს, ის ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს რეგიონში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას (როგორც ოსების, ასევე ქართველების), იყოს ასევე აქტიური მონაწილე სამშვიდობო პროცესის.“

სამშვიდობო პროცესის ახლებური ხედვა, რომელზეც მერაბ ანთაძე საუბრობდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებსაც გააცნო. დავით დონდუას, სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, კომენტარი:

[დავით დონდუას ხმა] „სამხრეთ ოსეთში მოხდა ის, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო გაიყო და, ალტერნატიული არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის ლამის ნახევარი. ასე რომ, ეს არის რეალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც, გვინდა თუ არ გვინდა, ანგარიში უნდა გავუწიოთ და როდესაც ლაპარაკი შეეხება რაღაც ინიციატივებს, დახმარებებსა და სოციალურ პროგრამებს, იძულებული ვართ თანაბრად ანგარიში გავუწიოთ ყველა იმ ძალას, რომელიც რეალურად წარმოადგენს ადგილობრივ მოსახლეობას და ჩვენ ვთხოვეთ მეგობრებს, რომ იგივე პოზიცია დაიკავონ ამ საკითხშიც.“

დავით დონდუს თქმით, ცხინვალის რეგიონის მსგავსად, ორადაა გაყოფილი აფხაზეთიც, რომლის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობაში, ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა მოღვაწეობს. საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა კი უნდა დაიჯერონ, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიც არიან ძალები, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებასთან ერთად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც უჭერენ მჭარს.

XS
SM
MD
LG